Accessibility links

გაზის კრიზისმა “ნაბუკოს” მიმართ ინტერესი გაზარდა


“ნაბუკოს” პროექტისადმი ინტერესი

მკვეთრად არის გაზრდილი ბოლოდროინდელი გაზის კრიზისის შედეგად. რუსეთ-უკრაინის დავამ გაზის ფასებსა და ევროპაში ტრანზიტზე, როგორც ცნობილია, მძიმედ დააზარალა ევროპის ბევრი ქვეყანა და, იმავდროულად, ბევრი აალაპარაკა ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე. “გაზპრომზე” დამოკიდებულების შესამცირებლად, ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ პროექტად ასახელებენ “ნაბუკოს” - გაზსადენს, რომელსაც საქართველოსთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

“ნაბუკოს” პერსპექტივის სასარგებლოდ აშკარად მეტყველებს ევროკავშირის მხარდაჭერა: მისი დაფინანსებულია გამოკვლევა იმის დასადგენად, თუ რამდენად რეალისტურად, რამდენად მომგებიანად შეიძლება ჩაითვალოს პროექტის განხორციელება. როგორც “ნაბუკოს” გაზსადენის აღმასრულებელმა დირექტორმა რაინჰარდ მიჩეკმა განაცხადა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში, მის გუნდს მჭიდრო კონტაქტები აქვს ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, ექსპორტის მხარდამჭერ ბანკებთან და ამდენად, პროექტის დაფინანსება უზრუნველყოფილია.

[მიჩეკის ხმა] “ნაბუკოს გაზსადენის პროექტს საუცხოო პერსპექტივა აქვს. ევროპაში გაზის მოხმარება სულ უფრო იმატებს მომდევნო წლებსა და ათწლეულებში. ამ დროისთვის ევროპა სამი ძირითადი წყაროდან მარაგდება: ესენია რუსეთი, ჩრდილოეთის ზღვა და ჩრდილოეთი აფრიკა. როგორც უკვე აღვნიშნე, გაზის მოხმარება სულ უფრო გაიზრდება, იმატებს იმპორტის მოცულობა. ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში კი გაზის უზარმაზარი რეზერვებია. და გაზის ამ წყაროების ევროპელ მომხმარებლებთან დასაკავშირებლად, “ნაბუკოს” პროექტის განხორციელება გვსურს”.

რუსეთის მასმედიაში ხშირად ისმის შეფასება, რომ ცენტრალურ აზიაში არ არის საკმარისი გაზი საიმისოდ, რომ “ნაბუკო” მომგებიან პროექტად ჩაითვალოს. მაგრამ მიჩეკი უარყოფს ამ მოსაზრებას - მიუთითებს არაერთ გამოკვლევაზე, რომლებმაც აჩვენა, რომ გაზის რეზერვების მხრივ, მსოფლიოს ვერცერთი რეგიონი შეედრება ცენტრალურ აზიას და ახლო აღმოსავლეთს. მაგალითად, ბოლოდროინდელმა დამოუკიდებელმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ თურქმენეთს გაცილებით უფრო მასშტაბური რესურსები აქვს, ვიდრე მანამდე იყო მიჩნეული.

[მიჩეკის ხმა] “ნაბუკოს” გაზსადენი თურქეთის აღმოსავლეთ საზღვართან იწყება და გაზს გადაქაჩავს თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და უნგრეთის გავლით ავსტრიამდე და იქიდან - ევროპის სხვა ქვეყნებშიც. გზადაც ავაგებთ სადგურებს მეზობელი სამხრეთევროპული ქვეყნებისთვის გაზის მისაწოდებლად. ვფიქრობ, რომ ევროპასთან დამაკავშირებელი ეს მარშრუტი საინტერესოა არა მარტო აზერბაიჯანის, არამედ თურქმენეთისთვისაც. რადგან, როგორც გაზის იმპორტიორები მიისწრაფვიან დივერსიფიკაციისაკენ, გაზის ექსპორტირორებიც - აზერბაიჯანში, თურქმენეთსა თუ სხვა ქვეყნებში - დაინტერესებული არიან ექსპორტის დივერსიფიკაციით. ეს ზრდის მათი რესურსების ღირებულებას, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას ამ ქვეყნებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ თურქმენეთიც შეეცდება დაკავშირებას საექსპორტო ბაზართან ევროპაში და ამას შეძლებს კიდეც”.

“ნაბუკოს” პროექტი, როგორც რაინჰარდ მიჩეკმა აღნიშნა, თურქეთიდან იწყება. რაც შეეხება თურქეთამდე გაზის ტრანზიტს - გეგმა მის ორ ვარიანტს ითვალისწინებს. ერთი საქართველოზე გადის, მეორე - ირანის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. [მიჩეკის ხმა] “როცა “ნაბუკოზე” ვლაპარაკობთ, ეს ნიშნავს რომ მშენებლობას დავიწყებთ მომავალ წელს, 2010-ში. გაზის ტრანსპორტირებას 2013 წელს შევუდგებით. და ეს ნიშნავს, რომ 2013-14 წლებში დაახლოებით 8-10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გადავქაჩავთ და მოცულობას თანდათან გავზრდით 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე.”

მაშ ასე, “ნაბუკოს” პროექტის განხორციელებას მომავალ წელს უნდა შეუდგნენ. არადა, გასულმა ორმა კვირამ აჩვენა, რამდენად მძიმედ შეიძლება დაზარალდეს ევროპა გაზის იმპორტის შეჩერებით. აშკარა არ არის საჭირობა, დაუყოვნებლივ შეუდგნენ “ნაბუკოს” გაყვანაზე ზრუნვას? ჩვენი რადიოს ამ შეკითხვის საპასუხოდ, “ნაბუკოს” გაზსადგენის აღმასრულებელი დირექტორი რაინჰარდ მიჩეკი აღნიშნავს, რომ ენერგეტიკული პროექტები გრძელვადიანი პროექტებია.

[მიჩეკის ხმა] “ეს კრიზისი კარგად აჩვენებს, რომ ევროპა ძალიან ბევრ გაზს მოიხმარს და რომ გაზის წყაროებისა და სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური მოხმარებისა და სტაბილური მომარაგების მისაღწევად და მომარაგების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. “ნაბუკოს” პროექტით გავზრდით ბაზრის ლიკვიდურობას და, ზოგადად, ხელს შევუწყობთ ევროპაში კონკურენტუნარიანობის მატებას ენერგეტიკის სფეროში.”

განაცხადა “ნაბუკოს” გაზსადენის აღმასრულებელმა დირექტორმა რაინჰარდ მიჩეკმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 12 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

დაბოლოს, კიდევ ერთი საყურადღებო ინფორმაცია, რომელიც გუშინ გავრცელდა: თურქეთმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ გადასინჯავს თავის პოზიციას "ნაბუკოს" მშენებლობის საკითხში. კერძოდ, პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებით, რომელიც მან ბრიუსელში გააკეთა, თურქეთი უარს იტყვის პროექტის მხარდაჭერაზე, თუ არ განახლდა მოლაპარაკება ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე. ევროკავშირ-თურქეთის მოლაპარაკება 2005 წელს დაიწყო, მაგრამ გაყინულ იქნა კვიპროსის წინააღმდეგობის გამო.

რამდენად სერიოზულია ეს ახალი დაბრკოლება “ნაბუკოსთვის”, შესაძლოა შევიტყოთ ამ თვის ბოლოს, როცა ბუდაპეშტში გაიმართება “ნაბუკოს” გაზსადენის პროექტში მონაწილე ქვეყნების სამიტი.
XS
SM
MD
LG