Accessibility links

logo-print

ერთი წელი პრეზიდენტის მეორე ინაუგურაციიდან


ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვებულმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის წინ გამართულ ინაუგურაციის ცერემონიაზე ფიცი წარმოთქვა

და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. როგორი იყო მეორე ვადით არჩეული მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველი წელი და რას ფიქრობენ ამის შესახებ ხელისუფლების, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლები?

2008 წლის 20 იანვარს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია ტრადიციულად პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებულმა მიხეილ სააკაშვილმა, კონსტიტუციის 71-ე მუხლის შესაბამისად, წარმოთქვა საპროგრამო სიტყვა და დადო ფიცი:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის."

ფიცის დადებიდან ზუსტად ერთი წლისთავზე საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვერ შეძლო კონსტიტუციით დაკისრებული მოვალეობის შესრულება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ უბედურება, რომელიც საქართველოს 2008 წელს დაატყდა თავს, მთლიანად დაცლილია სუბიექტური შემადგენლისგან.

[მამაკაცის ხმა] „მე, როგორც ერთი რიგითი, მოკრძალებული მოქალაქე, პრეზიდენტს მივმართავ, რომ ცოტა მეტი სიდარბაისლე მართებს, რა... მარტივად იშიფრება მოვლენები, რა... ეს რაც მოხდა, ძალიან ცუდი იყო. ჩვენ დასაკარგი შვილები სად გვყავს.“

[ქალბატონის ხმა] „რა ვიცი, ალბათ, ნაწილობრივ წარმატებული იყო, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ცუდიც ბევრი იყო, რაც ყველას შეეხო მეტ-ნაკლებად. ომი დიდი ტრაგედიაა.“

[მამაკაცის ხმა] „მიუხედავად იმისა, დაუშვა თუ არ დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომები, საქართველო მაინც ვერ აიცილებდა რუსეთის აგრესიის ახალ ეტაპს და საბაბს ყოველთვის მოძებნიდნენ ნებისმიერი ხელისუფლების დროს. აქ საუბარია იმაზე, რომ რუსეთს უნდა დაამყაროს კონტროლი საქართველოზე და მთლიანად რეგიონზე.“

იმას, რომ მეორედ არჩეული სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველი წელი მძიმე იყო, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადასტურებენ, თუმცა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ მთავარი დამნაშავე არა რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესებია, რომლის განხორციელებასაც რუსეთი ეწინააღმდეგება.

[დავით დარჩიაშვილის ხმა] „ჩვენ გვინდა თავისუფლება და რუსეთს არ უნდა ჩვენი თავისუფლება. სააკაშვილი ჩემთვის არის ადამიანი, რომელიც ამ ისტორიულ ბრძოლას უდგას სათავეში და განასახიერებს ამ ბრძოლას. ეს ბრძოლა არ არის იოლი და მასში დანაკარგები გვაქვს, მაგრამ ეს ბრძოლა აუცილებლად გასახორციელებელია. ყველაფერ დანარჩენს, რაღაცა სუბიექტურ მომენტებს, პიროვნულ მომენტებს, შეცდომებს თუ გადაცდომებს აქვს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა, მაგრამ ამ საერთო ისტორიულ პროცესთან შედარებით მაინც არის დეტალები და მეორეხარისხოვანი მომენტები.“(სტილი დაცულია)

ხელისუფლებისგან განსხვავებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უბედურების მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილია. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს სააკაშვილის პროეზიდენტად არჩევის ფაქტს, ინაუგურაციიდან გასულ ერთ წელს ასე აღწერს:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] „იყო ორი გაყალბებული არჩევნები, საპრეზიდენტოც და საპარლამენტოც; იყო დამარცხება ომში, ტერიტორიების დაკარგვა, საერთაშორისო რეპუტაციის შელახვა და მძიმე ეკონომიკური კრიზისი და მეტი უარესი რა უნდა მოხდეს, არ ვიცი... როგორ ახერხებს პრეზიდენტად დარჩენას? რა ვიცი, მილოშევიჩმა წააგო სამი ომი და დიდხანს, სანამ არ ჩამოაგდეს, პრეზიდენტი იყო. ახერხებს იმიტომ, რომ მისი ერთადერთი მიზანია იყოს პრეზიდენტი. ხვალ მხოლოდ რუსთაველის გამზირი რომ დარჩეს საქართველოსგან, ამაზეც თანახმა იქნება.“

თუმცა, როგორც ირკვევა, საფრთხე მიხეილ სააკაშვილის პირველობასაც ემუქრება. სოციოლოგიური კვლევის ცენტრის, „გორბის“, ხელმძღვანელი მერაბ ფაჩულია ამბობს, რომ ვითარება მკვეთრად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიცვალა:

[მერაბ ფაჩულიას ხმა] „ოპოზიციის და მიშას რეიტინგიც პრაქტიკულად ერთნაირად ეცემოდა აგვისტოს ომამდე, შემდეგ კი მიშას რეიტინგმა უფრო სწრაფი ტემპით გააგრძელა დაცემა. ამიტომაა, რომ სექტემბრიდან საარჩევნო რეჟიმში მუშაობს; ისეთი რეჟიმი აქვს, როგორიც არჩევნების დროს ჰქონდა. ასე რომ, ვერ ვიტყვი, რომ დისკომფორტს არ განიცდის, უფრო პირიქით, იმიტომ რომ მისი რეიტინგი დაეცა არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მისდამი დამოკიდებულება დასავლეთის ლიდერების მხრიდან ძაან გაცივდა და ესეც გარკვეულ დისკომფორტს უნდა უქმნიდეს მას.“ (სტილი დაცულია)

დისკომფორტი, თუმცა სულ სხვა სახის, პრეზიდენტ სააკაშვილს არც მიმდინარე წელს მოაკლდება. ამ მუქარის ავტორი მოძრაობა ”7 ნოემბერია“, რომლის ლიდერები ინაუგურაციის წლისთავზე პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და საზოგადოებას შემდეგი განცხადებით მიმართეს:

[ჯაბა ჯიშკარიანის ხმა] „ყოველდღე საქართველოში მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას შევუქმნით მაქსიმალურ დისკომფორტს და ვპირდებით აქციების ციკლს. პირველი აქცია იქნება 28 იანვარს აქ, პარლამენტის შენობის წინ.“ (სტილი დაცულია)

მოძრაობა ”შვიდი ნოემბერი“ საზოგადოებას შეახსენებს, რომ 28 იანვარს, ზუსტად სამი წლის წინ, პოლიციის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი მოკლეს.
XS
SM
MD
LG