Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


"საქართველო კანონგარეშეა გამოცხადებული” - ასეთია 20 იანვრის ”იზვესტიას” პუბლიკაციის სათაური. იგი ეხება დმიტრი მედვედევის მიერ ხელმოწერილ განკარგულებას,

რომელიც საქართველოში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებას კრძალავს. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე დაავალა მთავრობას შეიმუშაოს სანქციები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობენ საქართველოსთან.

ამ თემაზე რუსეთის თითქმის ყველა მსხვილი გამოცემა აქვეყნებს სტატიებს. "როსიისკაია გაზეტა” წერს, რომ განკარგულება მოწოდებულია სერიოზულად შეაფერხოს ქართული არმიის შეიარაღება, ანუ წინ აღუდგეს თბილისის ახალ აგრესიულ გეგმებს.

”ვრემია ნოვოსტეის” მიხედვით, "რუსეთმა ვერ შეძლო საქართველოში იარაღის მიწოდების ოფიციალური საერთაშორისო ემბარგოს მიღწევა და რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დამოუკიდებლად ემოქმედა”. გაზეთს სახელმწიფო დუმის დეპუტატის მიხაილ ნენაშევის კომენტარი მოჰყავს: "დოკუმენტი იმდენად რუსულ ორგანიზაციებზე არ არის ორიენტირებული, რამდენადაც უცხოელ პარტნიორებზე, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს უწევდნენ სპონსორობას და იარაღით ამარაგებდნენ”, - უთხრა გაზეთს დუმის დეპუტატმა. გაზეთი კი აზუსტებს: აქ უპირველესად საუბარია უკრაინაზე, რომელიც არა მხოლოდ იარაღს აწვდიდა საქართველოს, არამედ სპეციალისტებსაც უგზავნიდა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლადო.

"ამგვარი განკარგულება უპრეცედენტოა რუსეთისათვის”, - წერს ”კომერსანტი” და განმარტავს: აქამდე ერთადერთი ქვეყანა, რომელიც კანონმდებლობით ცდილობს აუკრძალოს ერთმანეთთან ურთიერთობა მესამე ქვეყნებს, იყო ამერიკის შეერთებული შტატები. რუსეთი კი მუდამ ამ პრაქტიკის წინააღმდეგ გამოდიოდა.”

თბილისში ამ განკარგულებას სწორედ ვაშინგტონის მიბაძვა უწოდეს, - წერს ”კომერსანტი”. გაზეთს მოჰყავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის სიტყვები: "რუსეთს უნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებივით ჩანდესო”. შოთა უტიაშვილმა გაზეთს ასევე უთხრა, რომ, განსხვავებით იმ კომპანიების მიმართ ამერიკული სანქციებისაგან, რომლებიც ტექნიკას ირანს აწვდიან, რუსულ სანქციებს არანაირი შედეგი არ მოჰყვება, რადგან ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოსთან თანამშრომლობენ სამხედრო ტექნიკური თვალსაზრისით, სანქციების მიუხედავად, თანამშრომლობას კვლავ გააგრძელებენ.”

”კომერსანტი” წერს, რომ საქართველოსთან სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა აქვთ ნატოს ქვეყნებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე უკრაინას, ისრაელს და აზიის ზოგიერთ ქვეყანას.

სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის დირექტორმა რუსლან პუხოვმა კი გაზეთს უთხრა, რომ პრეზიდენტ მედვედევის განკარგულება სულაც არ არის უკრაინისა და ნატოს ქვეყნების მისამართით, რომლებიც საეჭვოა ამგვარმა ზომებმა შეაჩეროს. ეს უფრო დასავლური ორიენტაციის იმ ქვეყნების გასაგონად არის, სადაც რუსეთს გავლენის რესურსი გააჩნია. ესენია: ბულგარეთი, სერბია, ჩერნოგორია, ჩეხეთი” - წერს ”კომერსანტი” პუბლიკაციაში: "საქართველოს მეგობრების მიმართ რუსეთი სანქციების ამერიკულ პოლიტიკას გამოიყენებს”.
XS
SM
MD
LG