Accessibility links

logo-print

გალის რაიონის ქართულ სკოლებში რუსეთის ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება დაიწყეს


თუ აქამდე გალის ქართულ სკოლებში პედაგოგები ქართული წიგნებით სწავლებას ახერხებდნენ, ბოლო დროს ამის შესაძლებლობა თითქმის აღარ არსებობს.

აფხაზეთის დევნილი მთავრობის განათლების მინისტრი იქ არსებულ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოება არ ჩაერია, სავალალო შედეგებს მივიღებთ.

გალის ქართულ სკოლებში უკვე შეიტანეს ახალი წიგნები - აფხაზეთის გეოგრაფია და ისტორია. ბავშვებს რუსეთის ისტორიასა და გეოგრაფიასაც ასწავლიან. აფხაზეთის დევნილი მთავრობა აცხადებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ გალელ პედაგოგებზე ზეწოლა გამძაფრდა.

აfxazeTis ganaთlebis ministri aleqsandre aplakovi გვიამბობს:

[ალექსანდრე აპლაკოვი] ”აფხაზური ადმინისტრაცია ოკუპანტების დახმარებით ამარაგებს გალის რაიონში არსებულ სკოლებს რუსეთიდან გამოგზავნილი სახელმძღვანელოებით. ეს ის სახელმძღვანელოებია, რომლებიც მოსკოვის მერიამ გადმოსცა საჩუქრად აფხაზეთს და გალის რაიონის სკოლებში უკვე ისწავლება რუსეთის ისტორია, რუსეთის გეოგრაფია. გარდა ამისა, სკოლებში შეიტანეს უკვე აფხაზეთის ისტორიისა და გეოგრაფიის წიგნები, რომლებშიც საშინლად არის გაყალბებული ქართულ-აფხაზური ურთიერთობები. პედაგოგებს კი აიძულებენ, რომ სწავლება რუსულ ენაზე აწარმოონ.”

ვითარება გალის ქართულ სკოლებში არც მანამდე იყო მშვიდი, თუმცა, როგორც აპლაკოვი ამბობს, სხვადასხვა გზებით მაინც ხერხდებოდა ქართული წიგნების შეტანა და მათით სწავლება.
დღეს გალელ პედაგოგებს უკვე ღიად ახვევენ თავს ისეთ სასწავლო გეგმებს, რომლებშიც ქართული ენისა და ლიტერატურის საათები მაქსიმალურად შეზღუდულია.

[ალექსანდრე აპლაკოვი] ”აქამდე ჩვენი პედაგოგები, გარდა გალის №1 სკოლისა, ახერხებდნენ საქართველოს ისტორია და გეოგრაფია მაინც ესწავლებინათ ჩვენი ბავშვებისათვის სკოლებში. შარშან ჩვენ, შესაძლებლობის ფარგლებში, სკოლებს მივაწოდეთ ქართული სახელმძღვანელოები და წელსაც ვგეგმავთ, რომ რამდენადაც შესაძლებელი იქნება, კვლავ შევიტანოთ და ისევ და ისევ გმირობის ფასად ვახერხებთ იმას, რომ იქ ქართულად ჩატარდეს გაკვეთილები.” (სტილი დაცულია)


მაგრამ ეს შარშან იყო.
რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა:

[თემურ მჟავია] ”გალის რაიონის ქართულ სკოლებში სწავლების საკითხი აქტუალური იყო და პრობლემური მანამდეც, სანამ რუსეთი ოფიციალურად აღიარებდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მას შემდეგ, რაც აფხაზეთი რუსეთის მიერ გამოცხადდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტად, კიდევ უფრო მეტად გამწვავდა ეს ვითარება. სამწუხაროა, რომ ჩვენ ამ პროცესებზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ ვახდენთ.”(სტილი დაცულია)

სანუგეშოს ვერაფერს ამბობს აფხაზეთის დევნილი მთავრობის ხელმძღვანელი თემურ მჟავია. ის ამბობს, რომ ქართული სახელმძღვანელოების იგნორირება, უბრალოდ, ახირება კი არ არის, კანონით არის აკრძალული:

[თემურ მჟავია] ”იქ სწავლება ქართულ ენაზე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ქართული სახელმძღვანელოებით კანონით აქვთ აკრძალული.”

ჩვენ დავურეკეთ გალის მეცამეტე საჯარო სკოლის პედაგოგს კარინა ეხვაიას, რომელმაც გვითხრა, რომ ქართული სკოლის პედაგოგები ნამდვილად განიცდიან. რაც შეეხება სკოლებში ახალი წიგნების შეტანის საკითხს, მან ეს ვერ დაგვიდასტურა. მან ისიც თქვა, რომ ქართველ მასწავლებლებს აფხაზები ხშირად ამოწმებენ:

[კარინა ეხვაია] ”ზეწოლა არის, ეს ბუნებრივია, მაგრამ რაც სახელძღვანელოებს ეხება, ეს ჩვენთვის ჯერ ახალია, ამას არ ვადასტურებ.რადგან აქეთა მხარეს ვართ, შემოწმება იქნება, ეს ვინმესთვის გასაკვირი არც უნდა იყოს. ჩვენ გვიჭირს, რა თქმა უნდა, შვილებს ვზრდით, ქართულად გვინდა, რომ გავზარდოთ ისინი.” (სტილი დაცულია)

”სამეგრელოს ქრონიკის”ჟურნალისტმა პაატა ლაგვილავამ ცოტა ხნის წინ ფიჩორიდან მოამზადა რეპორტაჟი. ის იქ ადგილობრივ მშობლებსა და მასწავლებლებსაც შეხვდა:

[პაატა ლაგვილავა] ”მოსახლეობასთან და მოსწავლეებთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ სკოლებში ქართული ისტორია არ ისწავლება, ქართულ ენას და ლიტერატურას რაღაც დოზით ასწავლიან მხოლოდ და მშობლებიც აცხადებდნენ, რომ უკვე ამისი აკრძალვაც დაიწყოო. და მოგეხსენებათ, ფიჩორი ყველაზე ახლო სოფელია ზუგდიდთან და აქაც კი იყო ასეთი აკრძალვა.” (სტილი დაცულია)

აფხაზეთის მთავრობას დღეს მხოლოდ ის შეუძლია, რომ რეაგირებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართოს. მიმართეს კიდეც, თუმცა, როგორც ალექსანდრე აპლაკოვი გვეუბნება, ჯერჯერობით უშედეგოდ.

რა შეუძლია ქართულ მხარეს გალში მიმდინარე პროცესებს დაუპირისპიროს, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართოს? ექსპერტი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა საკითხებში ზურაბ შენგელია შენიშნავს, რომ ამ კუთხით რატომღაც რუსები ყოველთვის გვასწრებდნენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. ზურაბ შენგელია ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობს:

[ზურაბ შენგელია] ”რატომღაც პოლიტიზებული რუსული მხარე - მე არ ვიტყვი აფხაზურ მხარეს - ჩვენ ყოველთვის გვასწრებს ამ მიმართულებით ეფექტური ნაბიჯების გადადგმას. ალბათ, საჭიროა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, სამეცნიერო წრეებმა უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას თუნდაც, აი, ამ ჭრილში. ძალიან კარგია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, მაგრამ ეს სულაც არ არის საკმარისი, რომ ასეთი სახის სამუშაო სხავაგან არ იყოს დაწყებული. მე არა მგონია, რომ ჩვენს სამეცნიერო პოტენციალს ნაკლები შესაძლებლობები აქვს ამ საკითხში, - კონკრეტულად კავკასიოლოგიას ვგულისხმობ, - ვიდრე, თუნდაც, რუსულ აკადემიურ წრეებს. (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG