Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა მუშაობას შეუდგა


აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის გუშინდელ, გრანდიოზულ ცერემონაიზე დასასწრებად ვაშინგტონში ასიათასობით ამერიკელი, თუ უცხოელი სტუმარი შეიკრიბა.

კიდევ მილიონობით ადამიანი - შეერთებულ შტატებსა თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში - პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით ადევნებდა თვალს საპრეზიდენტო ფიცის დადებას მსოფლიოს, ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით, წამყვანი ქვეყნის სათავეში, ისტორიაში პირველად, შავკანიანის ჩადგომის მომენტს.

ბარაკ ობამას მმართველობას დიდი იმედები უკავშირდება სამშობლოშიც და უცხოეთშიც. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რას მოელიან მისგან საქართველოში, რა იმედები აქვთ რიგით მოქალაქეებს? საამისოდ თბილისში ჩავატარეთ მოკლე გამოკითხვა: როგორი პრეზიდენტი იქნება ბარაკ ობამა?

[იხ. აუდიოვერსია]

ამასობაში ბარაკ ობამამ არა მარტო საპრეზიდენტო ფიცი დადო და ინაუგურაციის რამდენიმე საათიან, მრავალფეროვან ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა: ის უკვე შეუდგა მუშაობას. ინაუგურაციიდან, ფაქტობრივად, რამდენიმე საათში, ახალმა პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გუანტანამოს შესახებ: გასცა განკარგულება 120 დღით შეჩერდეს გუანტანამოს ციხეში დაკავებული, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების გასამართლება - სანამ გადაისინჯება იქ დამკვიდრებული სამართლებრივი პროცედურები, ბევრჯერ რომ გაუკრიტიკებიათ შეერთებულ შტატებშიც და უცხოეთშიც ჟენევის კონვენციების მოქმედების შეზღუდვის გამო.

თავად ის ფაქტი, რომ პრეზიდენტად იანუგურაციის შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, სულ რამდენიმე საათში წამოიჭრა გუანტანამოს საკითხი, მიანიშნებს, რომ ობამა სერიოზულად ეკიდება წინასაარჩევნო დაპირებებს - ამ დაპირებებს შორის გუანტანამოს დახურვაც იყო.



ვაშინგტონში, ასიათასობით ადამიანის წინაშე საინაგაურაციო სიტყვით გამოსვლისას, ბარაკ ობამამ განმარტა ის იდეოლოგიური პრინციპი, რომელსაც ეფუძნება მისი პოზიცია, დახუროს გუანტანამოს ციხე. საერთაშორისო ტერორიზმზე საუბრისას მან აღიარა, რომ აშშ დიდი საფრთხის წინაშე დგას, მაგრამ ამ საფრთხის გამო არ შეიძლება უარის თქმა დემოკრატიულ იდეალებზე:

[ბარაკ ობამას ხმა] “რაც შეეხება ჩვენს საერთო თავდაცვას, გაუმართლებლად მივიჩნევთ და ამიტომ უარვყოფთ არჩევანს ჩვენს უასაფრთხოებასა და ჩვენს იდეალებს შორის. ჩვენი ქვეყნის დამაარსებლებმა, რომლებიც ისეთი საფრთხეების წინაშე იდგნენ, ჩვენ წარმოდგენაც რომ გაგვიჭირდება, შექმნეს ქარტია კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისადმი მტკიცე მხარდაჭერის დასადასტურებლად - ქარტია, რომლის მხარდაჭერა მომდევნო თაობებმაც იტვირთეს. ეს იდეალები დღემდე ანათებს მსოფლიოში და მათზე უარს არ ვიტყვით კონიუნქტურის გამო”.

გუანტანამოს სისტემა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროის იქნა შემუშავებული, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ. ტერორისტულ საქმიანობაში, ან ტერორისტულ ზრახვებში ეჭვმიტანილი ასობით პირი წლობით გამოკეტეს კუბაში განთავსებულ გუანტანამოს ბაზაზე წინასწარ გასამართლების გარეშე. ზოგს მოგვიანებით შეეხო სამართლებრივი პროცესი - თუმცა, არა შეერთებული შტატების ჩვეული კრიტერიუმების შესაბამისად. გუანტანამოს პატიმრები სამხედრო კონტროლს დაქვემდებარული სპეციალური ტრიბუნალების წინაშე წარდგნენ.

ამჟამად გუანტანამოში დაკავებულების რიცხვი 248 შეადგენს, ხუთი მათგანი 11 სექტემბერის ტერაქტებში მონაწილეობაშია ბრალდებული, მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

ობამას სურს, რაც შეიძლება მალე დახუროს გუანტანამოს საპატიმრო, თუმცა ეს იოლი ამოცანა არ არის - თუნდაც იმიტომ, რომ გასარკვევია, რა ბედი ეწევათ პატიმრებს, სად მოათავსებენ მათ, ან როგორ გაასამართლებენ...

ასეა თუ ისე პირველი ნაბიჯი გადაიდგა. უფლებადამცავი ორგანიზაციების რეაქცია დადებითია.

[ბარაკ ობამას ხმა] “დღეს მე გეუბნებით, რომ ჩვენს წინაშე რეალურად არსებული, სერიოზული გამოწვევები დგას. მათი რიცხვი დიდია. მათთან გამკლავება იოლი არ იქნება და მოკლე დროში არ მოხერხდება. მაგრამ, იცოდე, ამერიკავ, ჩვენ მათ გავუმკლვდებით!” (ტაში)
XS
SM
MD
LG