Accessibility links

რა პერსპექტივა აქვს ეუთოს საქმიანობას საქართველოში?


ეუთოს საქმიანობის გაგრძელება საქართველოში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო მოლაპარაკებებისა, რომელთაც ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის,

საბერძნეთის, საგარეო საქმეთა მინისტრი 21 იანვარს მოსკოვში მართავდა. დორა ბაკოიანისი მოსკოვსა და თბილისს შორის საერთო ენის გამონახვას ცდილობს. ჯერჯერობით არ კონკრეტდება საბერძნეთის მხარის მიერ წარმოდგენილ ახალ წინადადებათა დეტალები. თუმცა ცნობილია რუსეთის პოზიცია, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ერთიანი საქართველოს ინტერესებს. 21 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე მიმდინარე მოლაპარაკებათა პროცესით ერთგვარი კმაყოფილება გამოხატა კრემლის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, თუმცა მისი ბერძენი კოლეგა მხარეებისთვის თანაბრად მისაღები პოზიციის ძიებას განაგრძობს.

ეუთოს ახალი მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა, საბერძნეთი, დაინტერესებული და მონდომებულია, რომ ორგანიზაციის მისიამ საქართველოში მუშაობა გააგრძელოს. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დორა ბაკოიანისმა მუდმივმოქმედი საბჭოს წინაშე ეუთოს თავმჯდომარის რანგში თავისი პირველი გამოსვლისას, 15 იანვარს ვენაში, საქართველოსთან დაკავშირებულ პრობლემას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო და მისიის გაგრძელებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ოპტიმიზმიც გამოხატა.

საქართველოზე საუბარი გაგრძელდა სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზეც, თუმცა, ჟურნალისტების საგანგებო მონდომების მიუხედავად, ბაკოიანისმა არ გაახმაურა საბერძნეთის მხარის ახალი წინადადებების პროექტი, რომელიც, მისი თქმით, ელჩ ხრისტოპულოსს იმ დროისთვის უკვე ჩატანილი ჰქონდა როგორც თბილისში, ასევე მოსკოვში. 21 იანვარს ეუთოს მორიგე თავმჯდომარე დორა ბაკოიანისი თავად ჩავიდა მოსკოვში, თუმცა ჟურნალისტებს დაპირებული ”კარგი ამბავი” ვერც ამჯერად ამცნო:

(ბაკოიანისის ხმა) ”ამ დროისთვის შეთანხმება არ არის მიღწეული. ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის, მხარემ წარმოადგინა შესაბამისი წინადადებები, რომლებიც, ჩვენი აზრით, შესაძლოა, იქცეს მოლაპარაკებათა პროცესის შემდგომი გაგრძელებისა და მისაღები გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად. ჩვენი წინადადებები არავითარ შემთხვევაში არ შეეხება მხარეების ეგრეთ წოდებულ ”წითელ ხაზებს”. ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობას, რომლის მიზანია შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღება.”

დორა ბაკოიანისს არ უთქვამს, კონკრეტულად რა იგულისხმება მის მიერ ხსენებულ ”წითელ ხაზებში”. თუმცა მთავარი სადავო ხაზი ამ შემთხვევაში სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადის. მოსკოვი აცხადებს, რომ ის არ ეწინააღმდეგება ეუთოს მისიის მუშაობას საქართველოში, მაგრამ იქვე აზუსტებს, რომ მოქმედების არეალი ვერ გავრცელდება სამხრეთ ოსეთზე და რომ ამ უკანასკნელ, მის მიერ აღიარებულ, დამოუკიდებელ ქვეყანაში დამოუკიდებელი მისია უნდა მოქმედებდეს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ მოსაზრებით დაადო ვეტო რუსეთმა 22 დეკემბერს ეუთოს მისიის მანდატის ძველებური ფორმატით გაგრძელებას და ის ერთადერთი მოწინააღმდეგე იყო ორგანიზაციის 56 წევრ ქვეყანას შორის, რომლებიც გადაწყვეტილებებს კონსენსუსის გზით იღებენ. შედეგად, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ეუთო, რომელიც საქართველოში 28 სამხედრო მეთვალყურესა და სხვადასხვა პროგრამაში ჩართულ დაახლოებით 200 თანამშრომელს ითვლის, 1 იანვრიდან დახურვის რეჟიმში მუშაობაზე გადავიდა.

ერთი სიტყვით, ეუთოს მანდატსა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან მიმართებით მოსკოვის პოზიცია ურყევია და ეს სერგეი ლავროვმაც არაერთხელ თქვა. კრემლის საგარეო საქმეთა მინისტრი ასე მოიქცა 21 იანვარსაც, ბერძენ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, და იქვე ერთგვარი კმაყოფილებაც გამოხატა საბერძნეთის მიერ გაწეული საქმიანობის მისამართით:

(ლავროვის ხმა) ”ჩვენი შეფასებით, წინადადებები, რომლებსაც ახლა აყალიბებს ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა, საბერძნეთი, რეალისტურია. მათში გათვალისწინებულია ამჟამად შექმნილი სიტუაცია - როგორ დე ფაქტო, ასევე დე იურე. რუსეთი მზად არის ამ მიმართულებით იმუშაოს... რა თქმა უნდა, იმ პოზიციების გათვალისწინებით, რომლებსაც დაიკავებს საქართველო და სამხრეთ ოსეთი.”

რას ეფუძნება ლავროვის ეს ერთგვარი კმაყოფილება, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია. თუმცა ადვილი წარმოსადგენია, რომ ის, რაც მოსკოვს დააკმაყოფილებს, უსათუოდ უკმაყოფილოს დატოვებს თბილისს. თბილისის პოზიციას კარგად გამოხატავს სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილის კომენტარი:

(იაკობაშვილის ხმა) ”ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთოს მისიის შენარჩუნება, მაგრამ არა ყველა ფასად. ჩვენთვის არის ძალიან ფუნდამენტური პრინციპები, როგორიც არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ ჩვენ ვერანაირად ვერ დავთანხმდებით ისეთ ფორმულირებას ან ისეთ მანდატს, რომელიც ამ ძირითად პრინციპს დაარღვევს.” (სტილი დაცულია)

თუმცა თბილისი დასკვნების გამოტანას არ ჩქარობს, რადგანაც, ეუთოს მორიგე თავმჯდომარის თქმით, მოლაპარაკებები არ დასრულებულა. დორა ბაკოიანისს სჯერა, რომ ყველასათვის მისაღები გამოსავლის პოვნა შესაძლებელია და რომ ეუთოს მისია საქართველოში მუშაობის გაგრძელებას შეძლებს.
XS
SM
MD
LG