Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა აიკრძალოს თუ უნდა შეიცვალოს ქუჩაში ვაჭრობის ფორმა თბილისში?


ბოლო 5 წლის მანძილზე გარე ვაჭრობა თბილისში არაერთხელ გახდა ხელისუფლებისა და მოსახლეობის დაპირისპირების მიზეზი.

უამრავი საპროტესტო აქციისა და მიტინგის შემდეგ ეს პრობლემა თითქოს მოგვარდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არა საბოლოოდ. დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ, თავისი რაიონის გარემოვაჭრეების თხოვნის საფუძველზე, თბილისის მთავრობას ახალი ინიციატივით მიმართა. გარემოვაჭრეები მათ მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების შენარჩუნებას მოითხოვენ.

თბილისში გარე ვაჭრობის აკრძალვისა და ამით გამოწვეული პროტესტის ფაქტი გასული წლის ზაფხულის შემდეგ აღარ ყოფილა. როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ ჩახვაძე ამბობს, ამ ბოლო დროს მის რაიონში კვლავ აქტუალური გახდა გარე ვაჭრობის აკრძალვის საკითხი. დეპუტატის ინფორმაციით, დიღმის მასივში ქუჩებში ვაჭრობით დასაქმებულ მოქალაქეებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სხვა ადგილზე, კერძოდ კი, ვაჭრობისთვის გამოყოფილ ზონაში გადასვლა შესთავაზეს. გურამ ჩახვაძის აზრით, ეს გარემოვაჭრეებისთვის არახელსაყრელია:

[გურამ ჩახვაძის ხმა] „ეკონომიკის ამ სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა თვითონ შექმნეს ეს სამუშაო ადგილები ძალიან დიდი შრომის ფასად და ახლა ეს ხალხი ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ ეს ადგილები შენარჩუნებული იქნას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სამართლიანი მოთხოვნა და ამ შემთხვევაში ხელისუფლება გვერდზე არ უნდა გადგეს.“ (სტილი დაცულია)

დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ გასული წლის ზაფხულში გარემოვაჭრეების პრობლემების მოსაგვარებლად თბილისის ბიუჯეტმა სახსრებიც კი გამოყო. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილის დავით ავალიანის განცხადებით, უკანონო გარე ვაჭრობის შეჩერება საპატრულო პოლიციის პრეროგატივაა, თუმცა დედაქალაქის მთავრობა ასეთ შემთხვევებშიც ეხმარება თვითდასაქმებულ მოქალაქეებს:

[დავით ავალიანის ხმა] „შეძლებისდაგვარად ყოველთვის ვეხმარებით მოვაჭრეებს, როდესაც რამე პრობლემა აქვთ, სადმე დავასაქმოთ. იყო შემთხვევა, როდესაც მოგვმართეს და ბაზრებში დავასაქმეთ ხოლმე. ორი თვის გადასახადიც კი გადავუხადეთ.“ (სტილი დაცულია)

მისივე განცხადებით, გარემოვაჭრისთვისაც და მისი მომხმარებლისთვისაც უკეთესია, თუ ვაჭრობა შესაფერის პირობებში, სანიტარული ნორმების დაცვით, განხორციელდება. ამავე პოზიციაზეა პარლამენტარი გურამ ჩახვაძეც, რომელიც დედაქალაქის მთავრობის წინაშე ქუჩებში ვაჭრობით დასაქმებული მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების ახალი ინიციატივით გამოვიდა:

[გურამ ჩახვაძის ხმა] „ჩვენ ვთავაზობთ ქალაქის მერს დედაქალაქში გარე ვაჭრობების ბაზრობების მუნიციპალური სისტემის ჩამოყალიბებას, რომლებიც იქნება მოსახერხებელი როგორც მომხმარებლისთვის, ასევე წვრილი მეწარმეებისთვის. აქვე იქნება დაცული სურსათის უსაფრთხოება და დადგენილი სანიტარული ნორმები.“ (სტილი დაცულია)

გურამ ჩახვაძე არ ეთანხმება გარემოვაჭრეების კერძო ბაზრებში დასაქმებას, რადგან მიაჩნია, რომ ბაზრის კერძო მესაკუთრეებმა ნებისმიერ დროს შეიძლება მოითხოვონ კუთვნილი ტერიტორიის გათავისუფლება, რაც თვითდასაქმებულ მოქალაქეებს სამუშაო ადგილების გარეშე დატოვებს.

თბილისის მთავრობა კი, ისევე როგორც ზოგადად საქართველოს მთავრობა, კერძო ინიციატივების მომხრეა და ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის, მით უმეტეს, ახალი სახელმწიფო საკუთრების შექმნის მინიმიზირებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG