Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკური პარტიისა და ახალი მემარჯვენეების ალიანსი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს აკრიტიკებს


ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში პრეზიდენტი მხოლოდ ერთხელ შეძლებს პარლამენტის დათხოვნის უფლების გამოყენებას,

ხოლო საპარლამენტო უმცირესობას მთავრობის დათხოვნის პროცედურის ინიცირების უფლებამოსილება მიენიჭება. ესაა ნაწილი იმ პუნქტებისა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში აისახა. პროექტი საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს, საკანონმდებლო ინიციატივის წესით, გასული წლის მიწურულს, 29 დეკემბერს, წარუდგინა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათი იუწყება, რომ ცვლილებების მიზანი პრეზიდენტისა და პარლამენტის უფლებამოსილებათა ეფექტიანი დაბალანსებაა, საქართველოს პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდისა და პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვის სახით. კანონპროექტის განმარტებით ბარათში გაცხადებული მიზანი არ შეესაბამება კანონპროექტის რეალურ შინაარსს – ასეთია რესპუბლიკელებისა და მემარჯვენეების შეფასება. ალიანსი უახლოეს დღეებში კანონპროექტის საკუთარი ვარიანტის გამოქვეყნებას გეგმავს.

პროცედურის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საპარლამენტო მოსმენებამდე ერთთვიან საჯარო განხილვებს ექვემდებარება. საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლო პროექტის საჯარო განხილვების დასრულებამდე დარჩენილი ათიოდე დღის განმავლობაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღის სინათლეს ნახავს პრეზიდენტის ინიციატივის ალტერნატიული კანონპროექტი, რომელსაც რესპუბლიკელებისა და მემარჯვენეების ალიანსი ამზადებს. მანამდე კი, ალიანსის სახელით, ვახტანგ ხმალაძე პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს აკრიტიკებს. მისი თქმით, შეთავაზებული ცვილებების გაზიარების შემთხვევაში, პრეზიდენტის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე კიდევ უფრო გაიზრდება:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა]“ პარლამენტის უფლებამოსილებები არ იზრდება არანაირად, არამედ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პრეზიდენტს უფლება ეძლევა პარლამენტი დაითხოვოს ერთხელ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეს ზრდის პრეზიდენტის უფლებამოსილებას პარლამენტის მიმართ და ცხადია, ზღუდავს პარლამენტის დამოუკიდებლობის ხარისხს. და ის, რომ ნათქვამია, რომ თავისი უფლებამოსილების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება, რეალურად არაფერს ცვლის, ვინაიდან ეს შეუძლია გააკეთოს იმდენჯერ, რამდენჯერაც მოინდომებს, ოღონდ რეფერენდუმის მეშვეობით.“ (სტილი დაცულია)

ამბობს ვახტანგ ხმალაძე, რომლის შეფასებითაც, რეალურად ხელისუფლების მიერ შეთავაზებული კონსტიტუციური ცვლილებები დემოკრატიის ახალი ტალღის კარგად ნაცნობ სტილში გათამაშებული მორიგი ფარსია - მათ შორის, მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის გამარტივების მიმართულებითაც. ალიანსის დასკვნით, მარტივდება ამ პროცედურის დაწყება: საკითხის აღძვრის უფლება, ნაცვლად 50 დეპუტატისა, 30 დეპუტატს ეძლევა. სხვა მხრივ კი, უცვლელი რჩება პრეზიდენტის უფლება, უნდობლობის პირველად გამოცხადების შემდეგ არ გადააყენოს მთავრობა, ხოლო მეორედ გამოცხადების შემდეგ დაითხოვოს პარლამენტი და შეინარჩუნოს მთავრობა.

[მამუკა კაციტაძის ხმა] “პრეზიდენტი იმარტივებს პროცედურას პარლამენტის დათხოვნისას, პარლამენტს ურთულდება პროცედურა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებისა და არანაირი საუბარი ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსზე ამ ცვლილებებში არ არის.“

მემარჯვენე მამუკა კაციტაძის მოსაზრებებს არ იზიარებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პროექტით, პარლამენტისთვის მთავრობის დათხოვნის შესაძლებლობები იზრდება, პრეზიდენტისთვის კი პარლამენტის დათხოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

[დავით ბაქრაძის ხმა] “წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტს მხოლოდ ერთხელ ეძლევა პარლამენტის დათხოვნის უფლება, ხოლო, მეორედ დათხოვნის სურვილის შემთხვევაში, ინიშნება რეფერენდუმი, რომელსაც მოსდევს ან საპარლამენტო, ან საპრეზიდენტო არჩევნები. ეს ფაქტი ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის დათხოვნა არის ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასის მატარებელი აქტი ნებისმიერი პრეზიდენტის მხრიდან და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის აქტი, რომლის განხორციელებასაც ნებისმიერი პრეზიდენტი შეეცდება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის განხილვასაც პარლამენტი უახლოეს მომავალში შეუდგება, პარლამენტის როლს კი არ ასუსტებს, საგრძნობლად აძლიერებს როგორც პრეზიდენტთან, ისე მთავრობასთან მიმართებაში.
XS
SM
MD
LG