Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” ევროსასამართლოში კიდევ 2 საქმე მოიგო


ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ 2009 წლის 13 იანვარს საქართველოს წინააღმდეგ 2 ახალი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

ევროსასამართლოში ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” იყო წარმომადგენელი საქმეებისა ” აბდულ ალიევი საქართველოს წინააღმდეგ” და ”ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ”.

ის, რაც ალიევმა და ნიკოლაიშვილმა საქართველოში ვერ დაამტკიცეს და შემდეგ მათ საქმეებს ევროპის სასამართლოში ეწოდა კიდეც ”ალიევი საქართველოს წინააღმდეგ” და ”ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, დამტკიცდა სტარსბურგში. ”კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” ეს ორი საქმე რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ მოიგო. გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ ევროპის სასამართლომ 2009 წლის 13 იანვარს გამოიტანა:

[მანანა კობახიძე] ”ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოაქვეყნა საჯაროდ ორი გადაწყვეტილება საქმეებზე: ”ალიევი საქართველოს წინააღმდეგ” და ”ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, სადაც დაადგინეს მთელი რიგი მუხლების დარღვევა. კერძოდ, ალიევთან მიმართებაში ევროსასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მესამე მუხლი, ანუ მის მიმართ განხორციელდა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა ციხის პირობებში, რის გამოც სახელმწიფოს დაეკისრა კომპენსაცია, 10 000 ევროს ოდენობით; რაც შეეხება გიორგი ნიკოლაიშვილს, მასთან მიმართებაში დადგინდა მეხუთე მუხლის დარღვევა, ანუ ეს არის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, იმის გამო, რომ ის იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში, და სახელმწიფოს დაეკისრა 8 000 ევროს გადახდა მის სასარგებლოდ.”(სტილი დაცულია)

აცხადებს ”42-ე მუხლის” ხელმძღვანელი მანანა კობახიძე.
2002 წელს დაწყებული ამ ორი ამბის პრეისტორია ასეთია:

[მანანა კობახიძე] ”ეს იყო ფიზიკური ძალის გამოყენება მათ მიმართ, სადაც ასევე იმყოფებოდა ალიევი და ასევე დაზიანდა ის. არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ მას მიადგა დაზიანებები, შემდგომში, როდესაც ის ჩიოდა, რომ მას ექსტრადიციასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა და არც ჰქონდა მოტივი, რომ რაიმე წინააღმდეგობა გაეწია ხელისუფლებისთვის, მიუხედავად ამისა, მას იქით წაუყენეს ბრალი წინააღმდეგობის გაწევისთვის.” (სტილი დაცულია)

ალიევის საქმე 2002 წელს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისათვის დაკავებული ჩეჩნების ამბავს უკავშირდება, ერთ საკანში მყოფ ჩეჩნებს, რომელთაც რუსეთში ექსტრადირება ემუქრებოდათ. ციხეში შესულმა ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ალიევს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გიორგი ნიკოლაიშვილი კი ძებნილად მანამდე გამოაცხადეს, სანამ მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა. ის უკანონო სასჯელს 6 თვის განმავლობაში იხდიდა. საქმეში იყო სხვა ბევრი დარღვევაც. ადვოკატი თამარ გაბისონია გვიამბობს:

[თამარ გაბისონია] ”ეს ადამიანი მისი ძმის ბრალდების გამო დააკავეს. ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, როგორ განახორციელა საგამოძიებო ორგანოებმა და შემდგომში პროკურატურამ იმისათვის, რომ მეორე ძმა ბრალდებაში ემხილებინა. ამ ადამიანის ფოტოები გამოაქვეყნეს საგამოძიებო განყოფილებაში, ძებნილ პირთა სტენდზე, მაშინ როდესაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოება არც კი დაწყებულა. ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა ამ საკითხზე და თქვა, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა თვითონ ევროპული სასამართლოს ისტორიაში.

იურისტები აღნიშნავენ, რომ ეს ორი საქმე მნიშვნელოვანია როგორც პრეცედენტი, როგორც ნათელი მაგალითი იმისა, როგორი მართლმსაჯულება არსებობს საქართველოში:

[მანანა კობახიძე] ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ორივე გადაწყვეტილება და არა მარტო იმიტომ, რომ საუბარია კომპენსაციის გადახდაზე. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ აქ გამოიკვეთა ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი დარღვევები. მართალია, ალიევი დააკავეს ძველი ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ყველა დარღვევა და ყველა ქმედება და სასამართლოს განაჩენი ახალი ხელისუფლების დროსაა გამოტანილი. ის დარღვევები, რაც სისტემურად ხდება, რაც ხდება სისხლის სამართლის სფეროში, ზეწოლა, დაუსაბუთებელი ბრალდებებით ადამიანების დაპატიმრებები და არაეფექტური გამოძიებები, რაც ამ ქვეყნის პრობლემაა, აი, ამ პოლიტიკის გამოსწორება უნდა მოხდეს.” (სტილი დაცულია)

დღეს ”42-ე მუხლი” ევროპის სასამართლოში კიდევ სხვა 35 განმცხადებელს იცავს. დღემდე იქ მათ უკვე 6 საქმე მოიგეს. მანანა კობახიძე ამბობს, რომ მათ არა აქვთ იმხელა ფუფუნება, რომ გაცილებით მეტი საქმე წაიღონ სტრასბურგში, თუმცა სხვა ორგანიზაციებისა და ადვოკატების გასაგონად ამბობს, რომ მათ შეუძლიათ ალიევის პრეცედენტი მაგალითად გამოიყენონ და ევროსასამართლოს მიმართონ.

რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულებას და ზიანის ანაზღაურებას, ამისათვის საქართველოს გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან 6 თვის ვადა აქვს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG