Accessibility links

logo-print

”რა ღირს პრემიერის ჯანმრთელობა?” - ”ყველა სიახლე” საქართველოს მთავრობაში სავარაუდო


”რა ღირს პრემიერის ჯანმრთელობა?” - ”ყველა სიახლე” საქართველოს მთავრობაში სავარაუდო ცვლილებაზე წერს.

გაზეთის ცნობით, პრემიერის პოსტზე ნიკა გილაურისა და გიგი უგულავას კანდიდატურები განიხილება. ”პრემიერთან დაახლოებული ადამიანები, ბუნებრივია, ინკოგნიტოდ აცხადებენ, რომ მგალობლიშვილი ჯანმრთლეობას არ უჩივის. მგალობლიშვილის ”ლოგინად ჩავარდნას” კი, როგორც ინფორმირებული წყაროები ამბობენ, პოლიტიკური მიზეზები აქვს, რაც, სავარაუდოდ, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის მომხდარი მწვავე კონფლიქტით არის გამოწვეული. საჩოთირო სიტუაციის მიჩქმალვის მიზნით კი ხელსუფლებამ მგალობლიშვილის ავადმყოფობის სცენარი გაითამაშა, რომელიც შეიძლებოდა პრემიერისთვის ტრაგიკულადაც დასრულებულიყო, თუკი ის შეთავაზებული თამაშის წესებს არ დასთანხმდებოდა”, - წერს ”ყველა სიახლე”. ”რეზონანსი” კი იმაზე წერს, რომ არავინ იცის, სად არის ”ქვეყნის მეორე პირი” - საუბარია პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეზე, რომელზეც ”რეზონანსის” პუბლიკაციიდან შეიტყობთ, რომ ორკვირიან შვებულებაშია. ეგ არის, რომ გაზეთს არც ერთმა რესპონდენტმა - არც ბაქრაძის პრეს-მდივანმა და არც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა - არ გაუმხილა სპიკერის ადგილსამყოფელი. პუბლიკაციაში გამოთქმულია ვარაუდი პრეზიდენტსა და სპიკერს შორის უთანხმოების შესახებ.

”ყველა სიახლეში” გაეცნობით ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის, ეკონომიკის ექსპერტ ნიკო ორველაშვილის მოსაზრებებს ენგურჰესის მართვის რუსეთის კომპანიისთვის გადაცემის საკითხზე. ორველაშვილის აზრით, სააკაშვილისა და მისი გუნდის მოტივაცია ხელისუფლებაში რაც შეიძლება დიდხანს დარჩენაა და ”ამისთვის შეელევა ენგურჰესსაც და სხვა დანარჩენ ფასდაუდებელ სიმდიდრეებსაც”. ”აქამდე სულ ლაპარაკობდნენ, გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების გადაწყვეტისას საქართველო რუსეთთან მარტო პირისპირ თუ დარჩება, ყოველთვის წააგებსო”, - შენიშნავს ორველაშვილი და დასძენს, რომ ”ენგურჰესის” შემთხვევაში ხელისუფლებას არც ამერიკა გახსენებია და არც ევროკავშირი.

”რეზონანსი” წერს, რომ გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი და ოპოზიცია პრეზიდენტობის ინსტიტუტზე ვერ თანხმდებიან. ”გაეროში საქართველოს ყოფილ ელჩსა და ”ახლები-რესპუბლიკელების” გაერთიანებას შორის მიმდინარე კონსულტაციები გართულდა, რასაც, ჩვენი ინფორმაციით, ორი კონკრეტული მიზეზი აქვს: ალასანიას, განსხვავებით ”ახლები-რესპუბლიკელებისგან”, არ ხიბლავს ქვეყნის მოწყობის საპარლამენტო მოდელი, ყოფილი ელჩი საპრეზიდენტო რესპუბლიკის არსებობის მომხრეა; ამასთანავე, ალასანია და ”ახლები-რესპუბლიკელები” საარჩევნო სიაში ადგილების გადანაწილებაზე ვერ თანხმდებიან”, - წერს ”რეზონანსი”. დღეს ”ახალი თაობის” პირველ გვერდზე ნახავთ სათაურ-შეკითხვას: ”გადააგდებს თუ არა ალასანია ოპოზიციას?” - გაზეთის თანახმად, ალასანიას ჩამოსვლამდე თბილისში ამბავი გავრცელდა, ალასანიამ მემარჯვენეები და რესპუბლიკელები გადააგდო და ახლა სოზარ სუბართან ერთად დაიწყო პარტიის შექმნაო. ”ჭორები ალასანიას განდგომის შესახებ დავით გამყრელიძის განცხადებამაც გაამძაფრა. მემარჯვენეების ლიდერმა უკვე ორჯერ განაცხადა, ალასანია აგვიანებსო”, - წერს ”ახალი თაობა”.

დღევანდელ პრესაში კიდევ ერთხელ არის წამოჭრილი საკითხი მოსკოვში დაგეგმილი ქართველთა ყრილობის შესახებ. ”ვის დავალებას ასრულებს ხუბუტია?” - კითხულობს ”ახალი თაობა”. ”ჯორჯიან ტაიმსი” კი ამ ყრილობის ინიციატორ მიხეილ ხუბუტიას ესაუბრა. ის ამბობს, რომ ეს ქართველთა კავშირის ყრილობაა და დღის წესრიგში მხოლოდ და მხოლოდ რუსეთში მცხოვრებ ქართველთა პრობლემების განხილვაა და რომ ამ პრობლემებს შორის უმნიშვნელოვანესი საქართველოდან ლტოვილთა საკითხია. რესპონდენტის თქმით, ყრილობაში მონაწილეობაზე ხუბუტიასთვის უარი უთქვამს კულტურის მინისტრ ნიკოლოზ რურუას. ”რაც შეეხება დიასპორის მინისტრს”, - ამბობს ხუბუტია, - ”იგი არც უარს ამბობს და არც გვთანხმდება. ტელევიზორში ერთს ამბობს, ტელეფონით სხვას გვეუბნება. როგორც ვატყობ, მას დიასპორასთან ურთიერთობა არ აინტერესებს”, - ამბობს იულონ გაგოშიძის შესახებ ხუბუტია. მიხეილ ხუბუტია სერიოზულად არ უყურებს გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის უშიშროების სამსახურთან მისი თანამშრომლობის შესახებ. ”ღმერთმა ინებოს, რომ ყველა ”ფეესბეშნიკმა”, ”ცერეუშნიკმა”, ”მი-6”-ისა და ”მოსადის” მუშაკმა ქართველი ხალხისთვის იმდენი გააკეთოს, რამდენსაც ვაკეთებ მე”, - ასე სრულდება ხუბუტიასთან ინტერვიუ, რომელსაც ”ჯორჯიან ტაიმსი” აქვეყნებს. ამავე გაზეთში საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც გამოხატავს პოზიციას მოსკოვში დაგეგმილი ყრილობის მიმართ: ”ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, თუ არსებობს ადამიანი, ვისაც არ ესმის, რომ ასეთ ყრილობაში მონაწილეობის მიღება და იქ რუსეთის ხელმძღვანელობის დემაგოგიური გამოსვლების მოსმენა სამარცხვინოა. მიუხედავად ამისა, ასეთი გადაწყვეტილება ყოველმა ადამიანმა თვითონ უნდა მიიღოს”, - აცხადებს ვაშაძე ”ჯორჯიან ტაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG