Accessibility links

logo-print

რა უნდა გაკეთდეს, რომ მოხერხდეს სამუშაო ადგილების შენარჩუნება?


გასული წლის საომარი მოქმედებების შემდეგ და მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოში აქტუალური გახდა სამუშაო ადგილების შენარჩუნების პრობლემა.

სხვადასხვა ვარაუდით, გაზაფხულისთვის საქართველოში დასაქმებული მოქალაქეების რაოდენობა 100 ათასით შემცირდება. იმისთვის, რომ ეს პროგნოზი არ გამართლდეს, საქართველოს მთავრობამ სპეციალური გეგმა შეიმუშავა. სამუშაო ადგილების შენარჩუნების შესახებ განსხვავებული რეკომენდაციები აქვთ ეკონომიკის ექსპერტებსაც.

საქართველოში ზუსტად არავის შეუძლია თქვას, თუ რამდენი მოქალაქე დარჩა უმუშევარი ბოლო ოთხი თვის მანძილზე. მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საშუალოდ თითო კომპანიამ ერთი სამუშაო ადგილი დაკარგა. ექსპერტების შეფასებით კი, სავარაუდოდ, სამსახურის გარეშე 30 ათასამდე მოქალაქე დარჩა. ამ კვალიფიციური და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაფერისი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების ინიციატივით გამოვიდა სამოქალაქო მოძრაობა „სოლიდარობის“ ხელმძღვანელი კახა კოხრეიძე:

[კახა კოხრეიძის ხმა] „თუ ის კომპანიები, რომლებმაც კრიზისის შედეგად მოქალაქეები გაათავისუფლეს სამსახურიდან, აღადგენენ მათ სამუშაო ადგილებზე, თითოეულ ასეთ გადაწყვეტილებაზე სახელმწიფომ შესთავაზოს 3 ათასლარიანი საგადასახადო კრედიტი. ეს არ გულისხმობს თანხების გამოყოფას. ეს იქნება სერიოზული ეკონომიკური და ფინანსური სტიმულირება, რომ ამ კომპანიებმა მიიღონ თანამშრომლების უკან დაბრუნების გადაწყვეტილება.“(სტილი დაცულია)

საქართველოს მთავრობა სულ სხვა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული გეგმის მიხედვით, ეკონომიკური კრიზისის შედეგების დასაძლევად მთავრობა სახელმწიფო ინვესტიციებს განახორციელებს. მთავრობის გაანგარიშების მიხედვით, 2.5 მილიარდ ლარიანი პროგრამის შედეგად, საქართველოში 70 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას. ამ პოლიტიკის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა თორდია საუბრობს:

[ლაშა თორდიას ხმა] „ეს გულისხმობს გზების რეაბილიტაციას, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. იმავე წინადადებებით გამოვიდა აშშ–ის ახლად არჩეული პრეზიდენტი ობამა. ეს არის მიღებული პრაქტიკა. ეს მილიარდი ლარი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ასევე, ეროვნულ ბანკს აქვს 250 მილიონიანი რეფინანსირების პროექტი, რომელიც გაზრდის ბანკების ლიკვიდურობას.“(სტილი დაცულია)

ლაშა თორდიას განცხადებით, მიუხედავად გლობალური ეკონომიკური კრიზისისა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დღევანდელი სიტუაცია შეინარჩუნოს. ექსპერტის კახა კოხრეიძის აზრით კი, მთავრობის ნაბიჯები საკმარისი არ არის. ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტის დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის წინანდელი მცდელობები შეექმნა ახალი სამუშაო ადგილები, უშედეგოდ დამთავრდა:

[დავით ნარმანიას ხმა] „ბოლო ორი გეგმა, რაც ჩვენ შეიძლება ვნახოთ, ეს ახალი არავის უნახავს, ძველებმა ვერ მოაგვარეს ეს პრობლემა.“ (სტილი დაცულია)

დავით ნარმანიას აზრით, საჭიროა ანტიკრიზისული გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი, თუ რომელ სფეროს რა სახის დახმარება უნდა გაუწიოს სახელმწიფომ. სხვაგვარად ფიქრობს მთავრობა, რომელიც კრიზისის შედეგების დაძლევას სახელმწიფო ინვესტიციების მოცულობის ზრდით გეგმავს.
XS
SM
MD
LG