Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამამ გუანტანამოს საპყრობილის დახურვის განკარგულება გასცა


დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ავადსახსენებელი გუანტანამოს საპყრობილის ერთი წლის განმავლობაში დახურვის შესახებ.

მან ასევე ცალკე განკარგულებები გასცა დაკითხვის შეურაცხმყოფელი ფორმების აკრძალვისა და ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაპატიმრების თაობაზე. უფლებადამცავი ორგანიზაციები მიესალმნენ ამერიკის პრეზიდენტის ამ ნაბიჯს, რომელიც, მიმომხილველთა აზრით, ხელს შეუწყობს დამიანის უფლებების სფეროში ამერიკის რეპუტაციის გაუმჯობესებას.
პრეზიდენტმა ობამამ ერთობ სწრაფად მოკიდა ხელი გუანტანამოს პრობლემის მოგვარებას. კუბაში, გუანტანამოს ყურეში განლაგებულ შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე, სამხედრო საპყრობილეში ჯერ კიდევ დარჩენილია 250-მდე პატიმარი, რომელთა უდიდესი ნაწილი წლების მანძილზე გაუსამართლებლად იმყოფება იქ.

ხუთშაბათს, პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის მეორე დღეს, ობამამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას გუანტანამოს არაუგვიანეს ერთი წლის მანილზე დახურვის თაობაზე.

დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა:

[ობამას ხმა] "მესიჯი, რომელსაც მთელ მოფლიოს ვუგზავნით, იმაში მდგომარეობს, რომ შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილი აქვს აწარმოოს ძალადობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლა. ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ სიფხიზლით, ეფექტიანად და იმ სახით, რომ ჩვენი ფასეულობების ერთგული დავრჩეთ."

ასევე მოელიან, რომ ის აკრძალავს საპატიმროებში პატიმართა მაკაცრი მეთოდებით დაკითხვას და მოითხოვს, ასეთ ვითარებებში ამერიკის ყველა სამხედრომ დაიცვას შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების საველე წესდება. ეს წესდება კრძალავს ფიზიკურ შეურაცხყოფას, ძალდატანებას და დაშინებას.

ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირების სწრაფად აღსრულებამ ობამას მიმათ საყოველთაო მოწონება გამოიწვია. გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა, ნავი პილაიმ მაღალი შეფასება მისცა ობამას ამ ნაბიჯს და იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მალე მოხდება.

[პილაის ხმა] "მოვუწოდებ პრეზიდენტ ობამას ყურადღება მიაქციოს სასჯელაღსრულების სხვა მსგავს რეჟიმებსაც, რომლებიც შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ან მისი მხარდაჭერით შეიქმნა ავღანეთსა და ერაყში, და უზრუნველყოს, რომ იურიდიულად იქნეს გადახედული ამ პატიმრების სასჯელაღსრულება და მათ გათავისუფლების ანდა სასამართლო პროცესის შანსი მიეცეთ."

მაგრამ ეს არც ისე იოლი იქნება. როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის, ჰიუმენ რაიტს უოჩის წარმომადგენელმა, რიდ ბროდიმ განაცხადა, აუცილებელია მთელი რიგი პროცედურული საკითხების ფორმულირება და გადაჭრა.

[ბროდის ხმა] "ამ სასჯელაღსრულებათა შეწყვეტა მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია სისტემის მთლიანად დახურვის გზაზე. გუანტანამოს დახურვა ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ გუანტანამოს ყველა პატიმრის მიმართ კანონის ფარგლებში იმოქმედონ. მათ მიმართ ან ამერიკის სასამართოლებში უნდა აღძრან საქმე საერათშორისო სტანდატრების შესაბამისად, ან ისინი სამხედრო ტყვეებად უნდა იქნენ მიჩნეული, ანდა უნდა გათავისუფლებულ იქნენ."

გადაუჭრელია გუანტანამოს საპყრობილის დახურვის შემდეგ პატიმართა განთავსების საკითხიც. ობამას მრჩეველთა ნაწილის აზრით, შეიძლება საგანგებო სისტემა შეიქმნას ამ პატიმართა იზოლაციისთვის.

ვაშინგტონს, როგორც ჩანს, არც უცხოელთა დახმარების დიდი იმედი არ შეიძლება ჰქონდეს. მხოლოდ პორტუგალიამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ შეუძლია გუანტანამოს პატიმართა ნაწილის თავის საპყრობილეებში მოთავსება.

ევროკავშირის უშიშროებისა და საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა, ხავიერ სოლანამ თავშეკავებულად ისაუბრა ამ საკითხზე.

[სოლანას ხმა] "გუანტანამოს პრობლემა ამერიკის პრობლემაა, შეერთებული შტატების პრობლემაა. ძალიან გაგვიხარდება, თუკი ის გადაიჭრება და ეს შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასაც სურს. ეს მან სრულიად მკაფიოდ განაცხადა საჯაროდ. და თუკი რამის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მიღებული, ჩვენ ვეცდებით, დახმარება გავწიოთ."


XS
SM
MD
LG