Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ხალხის კითხვებს უპასუხა


პირველად საქართველოში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პასუხი გასცა ქვეყნის მოსახლეობის სხვადასხვა შეკითხვას.

ტელებრიფინგის დროს, რომელიც 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა, პრეზიდენტმა ეკონომიკურ კრიზისზე, გასული წლის აგვისტოს ომზე, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის უამრავ საკითხზე ისაუბრა.


ტელეინტერვიუს დაწყებისთანავე გადაცემის წამყვანებმა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წინასწარ ჩაწერილი შეკითხვები მოასმენინეს, რომელთა უმრავლესობა სოციალურ საკითხებს, ძირითადად კი დასაქმების მწვავე პრობლემას შეეხებოდა.

[მოსახლეობის ხმა] „ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი ტკივილია ეს უმუშევრობა. რა ეშველება დასაქმებას...“

სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შენარჩუნების საკითხები აინტერესებდათ მოქალაქეებს პირდაპირი ჩართვის დროს რუსთავის აზოტის ქარხნიდან. იყო შეკითხვები თვითდასაქმებაზე და იაფი – მცირე კრედიტების ხელმისაწვდომობაზეც. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გლობალური კრიზისის ფონზე საქართველოს მთავრობა, მოსახლეობის დასაქმების პრობლემის მოგვარებას და, საერთოდ, ეკონომიკის გაჯანსაღებას გაზაფხულიდან იწყებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებში სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელების გზით.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „სახელმწიფო როცა ხარჯავს ფულს, ამას მოჰყვება კონკრეტული ადამიანების დასაქმება. სხვათა შორის, თუ დააკვირდებით, ობამამ თქვა, უნდა ავაშენოთ გზები...“

პრეზიდენტის განცხადებით, უკვე დათბობისთანავე დაიწყება გზების მშენებლობა, სადაც 35 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ პრობლემებსა და ეკონომიკურ საკითხებზე თავისი ტელეინტერვიუს ერთ საათზე მეტი დაუთმო ისე, რომ საერთოდ არ შეხებია პოლიტიკურ საკითხებს. პოლიტიკურ თემებზე საუბარი მას შემდეგ მოუხდა, რაც ერთ-ერთმა ტელეწამყვანმა რიგითი მოქალაქის წერილობითი შეკითხვა წაიკითხა.

მოქალაქე იმით იყო დაინტერესებული, თუ რატომ აღმოჩნდნენ ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები - ირაკლი ალასანია, ზურაბ ნოღაიდელი და ნინო ბურჯანაძე.

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის სიძლიერე სწორედ იმაშია, რომ მას უმტკივნეულოდ შეუძლია განახლება:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „იმდენად მაღალი დონის არის მთავრობის გუნდი, რომ...“

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის მოთხოვნას, დაინიშნოს ახალი არჩევნები, იმის გახსენებით უპასუხა, რაც 2007 წლის ბოლოს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას მოჰყვა. ეს არის ინვესტიციების შეჩერება საარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური დესტაბილიზაცია და რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესია. ამას არდა, მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი არჩევნები ეკონომიკური მოსაზრებებითაც მიუღებელია და მიაჩნია, რომ ახლა ყველაზე დიდი პოლიტიკა გლობალურ კრიზისში ქვეყნის ეკონომიკაზე ზრუნვაა.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა ბევრი ისაუბრა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარების პროგრამებზე, პენსიებისა და ხელფასების გაზრდაზე, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების რეფორმაზე, სპორტისა და კულტურის საკითხებზე. და, რა თქმა უნდა, პრესის თავისუფლების პრობლემასაც შეეხო. აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში პრესის თავისუფლების განსაზღვრის საკუთარი მეთოდი აქვს.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „აქ არის ჩემთვის გუგავას ტესტი...“

საქართველოს პრეზიდენტის ტელებრიფინგის კიდევ ერთი ძირითადი თემა რუსეთ–საქართველოს ომი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო. სააკაშვილმა პასუხი გასცა ერთ-ერთი მოქალაქის წინასწარ ჩაწერილ კითხვას იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს გამარჯვებულად გასული წლის აგვისტოში რუსეთ–საქართველოს სამხედრო დაპირისპირების შემდეგ:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ნუ დაუჯერებთ იმას..“

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მოცემულ ეტაპზე საქართველოს ამოცანაა ეკონომიკური გაძლიერება და დემოკრატიის განვითარება, სტრატეგიულ მიზანს კი წარმოადგენს დიპლომატიური ბრძოლით, საერთაშორისო ზეწოლის გამოყენებით, ავღანეთისა და გერმანიის მსგავსად, საქართველოს დეოკუპაცია.

XS
SM
MD
LG