Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის რუსეთში მცხოვრებ ქართველთა კონგრესი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში


ქართველთა კავშირი რუსეთში, რომელსაც რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია ხელმძღვანელობს, 2 თებერვალს მოსკოვში ქართველთა კონგრესის ჩატარებას აპირებს.

კავშირში ირწმუნებიან, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბული ვითარების განსამუხტავად, კარგი იქნება, თუკი მოსკოვში საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებიც ჩავლენ. რას ფიქრობენ მიპატიჟებაზე საქართველოში და რა რჩევებს აძლევენ კონგრესის ორგანიზატორებს თბილისიდან?

რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტს მიხეილ ხუბუტიას არაერთხელ უთქვამს, რომ დაინტერესებულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესებითა და აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყნებს შორის შექმნილი დაძაბული ვითარების განმუხტვით. ამის შესახებ ხუბუტიამ კიდევ ერთხელ განაცხადა მოსკოვსა და თბილისს შორის გამართული ტელეხიდის მსვლელობისას, რომლის დროსაც გამოითქვა იმედი, რომ მიპატიჟებაზე უარს არც კრემლი იტყვის და არც ოფიციალური თბილისი.

[მიხეილ ხუბუტიას ხმა] „ბუნებრივია, მოსაწვევი გავუგზავნეთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. მან იცის, რომ ყრილობა გაიმართება, მაგრამ ჩვენ მოსაწვევი გავუგზავნეთ არა მარტო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, არამედ საქართველოს მთელ ხელმძღვანელობას და, პირველ რიგში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ ვაშაძეს.“

გრიგოლ ვაშაძემ მიპატიჟებასთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გამოხატა, ქართველთა კონგრესში მონაწილეობის მიღებას ხელისუფლების არც სხვა რომელიმე წარმომადგენელი აპირებს.

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] „ამ ადამიანებმა ძალიან კარგად უნდა გაიგონ, რომ საქართველოსთან შეიძლება ყველა პრობლემის მოგვარება მხოლოდ ერთი ძალიან მარტივი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: რუსეთმა უარი უნდა თქვას სეპარატიზმის მხარდაჭერაზე, აღიარებაზე და უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი.“

ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გააკეთა, თუმცა მას შემდეგ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში სასიკეთოდ ბევრი არაფერი შეცვლილა. პოლიტოლოგი გია ნოდია დარწმუნებულია, რომ ვითარებას დიდად ვერც ორი თებერვლისთვის დანიშნული ქართველთა კონგრესი და მასში მონაწილე დელეგატები შეცვლიან:

[გია ნოდიას ხმა] „რუსეთის ხელისუფლების მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენოს, რომ რუსეთი არ არის ფაშისტური, ანტიქართული სახელმწიფო, უნდათ იმის დემონსტრირება, რომ ის სააკაშვილის მტერია, მაგრამ ქართველი ხალხის მეგობარია. გარდა ამისა, როგორც ჩანს, რუსეთს არ აქვს დაკარგული იმის იმედი, რომ რაღაცნაირად ხელშს შეუწყობს ხელისუფლების შეცვლას და ეს შეცვლილი ხელისუფლება უფრო პრორუსულ პოლიტიკას განახორციელებს და ამთავითვე ემზადება ამისთვის.“

თუმცა ტელეხიდის ერთ-ერთი მონაწილე, ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია, რუსეთის ხელისუფლებას ურჩევს,ამ სამზადისის ნაცვლად, საქართველოს მიმართ პოლიტიკა შეცვალოს, რუსეთში ქართველთა კავშირის ხელმძღვანელმა კი კრემლს შემდეგი შინაარსის საქმიანი რჩევები მისცეს:

[თენგიზ პაჭკორიას ხმა] „რაც უფრო ადრე შეწყვეტს რუსეთი თბილისის მიმართ მათრახის პოლიტიკას, მით უკეთესი იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე რუსეთისთვის. გაცილებით იოლი იქნება კავკასიის რეგიონში საკუთარი ინტერესების დაცვა, თუკი რუსეთი თაფლაკვერის გააზრებულ პოლიტიკაზე გადავა. ურჩიეთ თქვენს გავლენიან მეგობრებს მოსკოვში, რომ აღადგინონ არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ ყველა სახის სხვა ურთიერთობა. ასევე ურჩიეთ აღადგინონ არა მახოლოდ ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე, არამედ საგრძნობლადაც გაამარტივონ ეს პროცედურა.“


ორი თებერვლისთვის დანიშულ ქართველთა კონგრესში, როგორც უკვე ითქვა, რუსეთსა და საქართველოში მცხოვრები ქართველები მიიღებენ მონაწილეობას, რითაც, მიხეილ ხუბუტიას თქმით, კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი ქართველთა ერთიანობას, თუმცა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ლევან გახელაძის აზრით, ერთიანობის დასამტკიცებლად მხოლოდ მოსკოვში ჩასვლა და კონგრესში მონაწილეობა არ კმარა:

[ლევან გახელაძის ხმა] „მე მაინტერესებს შემდეგი საკითხი: როგორ დაისმება და დაისმება თუ არა, საერთოდ, შეკითხვა საქართველოში ქართველთა ეთნიკური წმენდების შესახებ, რასაც საქართველოს ტერიტორიაზე ადგილი აქვს უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე. მაინტერესებს რუსეთში მცხოვრები ჩემი ეთნიკური თანამოძმეების დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით, რადგანაც ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია“.

პასუხად, რუსეთში ქართველთა კავშირის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ, პოლიტიკოსების მიპატიჟების მიუხედავად, კონგრესის დღის წესრიგი არ ითვალისწინებს პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობას, თუმცა მიხეილ ხუბუტია ამბობს, რომ პირში ბურთს არავის ჩასჩრიან. და კიდევ:

[მიხეილ ხუბუტიას ხმა] „მინდა გითხრათ, რომ რუსეთთან დაპირისპირება ვერასოდეს აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მეჩვენება, რომ სახალხო დიპლომატიით უფრო მეტის გაკეთება შეიძლება და ამისთვის გარკვეული სივრცე, ასპარეზი უნდა დავიტოვოთ, რათა ხმის მიწვდენისა და მოლაპარაკების საშუალება დავიტოვოთ. თუკი არის ამის საშუალება, ცდა არ უნდა დავაკლოთ, რასაც მე ვაკეთებ კიდეც.“ (სტილი დაცულია)

მიხეილ ხუბუტიას თქმით, კონგრესის ჩატარების თარიღი - 2009 წლის 2 თებერვალი - შემთხვევით არ შეურჩევია. საქმე ის არის, რომ რუსეთის პარტიარქის ინტრონიზაციასთან დაკავშირებით, 29 იანვრიდან სამი თებერვლის ჩათვლით, მოსკოვს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უნდა ესტუმროს. ხუბუტიას მტკიცებით, ილია მეორემ უკვე მიიღო მოწვევა.


  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG