Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიში აგვისტოს ომზე


„ჰიუმან რაიტს უოჩის“ მიერ რუსეთ–საქართველოს აგვისტოს ომის შესახებ გამოქვეყნებული სქელტანიანი ანგარიშის თანახმად,

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის მიერ იქნა უგულებელყოფილი. დაირღვა ომის კანონები და დაზარალდა ათასობით ადამიანი, რაზეც პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, – ნათქვამია, ”ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიშში, რომელსაც საფუძვლად საველე კვლევის პირობებში ჩატარებული 460-ზე მეტი ინტერვიუ უდევს.

„ცეცხლის ალში“ – რუსეთ–საქართველოს აგვისტოს ომში დაზარალებული ადამიანების მდგომარეობისა და დარღვეული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების აღწერილობას ”ჰიუმან რაიტს უოჩმა” ამ დასათაურების 200 გვერდიანი ანგარიში მიუძღვნა. როგორც ამ ანგარიშის პრეზენტაციაზე ორგანიზაციის ასოცირებულმა დირექტორმა ქეროლ ბოგერტმა განაცხადა, ეს არის ომის თემაზე შექმნილი ერთ–ერთი ყველაზე მოცულობითი და დეტალური დოკუმენტი, რომელიც ”ჰიუმან რაიტს უოჩს” თავისი არსებობის მანძილზე მოუმზადებია. ანგარიში კონფლიქტის თითოეული მონაწილე მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების შესრულებას აფასებს და მიზნად არ ისახავს მხარეების მიერ ჩადენილი ქმედებების ურთიერთშედარებას. ანგარიშში ცალ–ცალკეა აღწერილი როგორც საქართველოს, ისე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ არადამიზნებადი იარაღისა და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები, აგრეთვე ოსური ძალების მიერ სამხრეთ ოსეთის ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლების მიზანმიმართული განადგურების კამპანია. დანაშაულის ჩამდენთა პასუხისგებაში მიცემა და დევნილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველყოფა–ესაა მთავარი რეკომენდაცია, რომლის შესრულება, პირველ რიგში, საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს ევალებათ, თუმცა ”ჰიუმან რაიტს უოჩის” ასოცირებული დირექტორი ქეროლ ბოგერტი არ გამორიცხავს, რომ, სახელმწიფოების წაყრუების შემთხვევაში, რუსეთ–საქართველოს ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები საერთაშორისო ტრიბუნალის მსჯელობის საგანიც გახდეს.

[ქეროლ ბოგერტის ხმა]“ ომის პირველი მსხვერპლი არის სიმართლე. სულაც არ არის ადვილი, დადგინდეს სიმართლე იმის შესახებ, რა მოხდა საომარი ვითარების დროს. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმის დასადგენად, რაც მოხდა.“

სიმართლე კი, რომელიც ”ჰიუმან რაიტს უოჩმა” საომარი მოქმედებების ანალიზისა და ომისშემდგომი ფაქტების შესწავლის საფუძველზე დასკვნების სახით გამოავლინა, შემდეგია: რიგ შემთხვევებში ქართულმა სამხედრო შენაერთებმა არადამიზნებადი იარაღი და არაპროპორციული ძალა სამხრეთ ოსეთზე საარტილერიო და სახმელეთო ოპერაციების დროს გამოიყენეს; არადამიზნებადი შეტევები საჰაერო და საარტილერიო იერიშებისას განახორციელეს რუსეთის სამხედრო ძალებმაც; ორივე მხარემ ისარგებლა კასეტური იარაღით, რამაც მსხვერპლი გამოიწვია მშვიდობიან მოსახლეობაში; რუსეთმა, როგორც ოკუპანტმა ძალამ, ვერ შეძლო უზრუნველეყო საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ვერ აღკვეთა მაროდიორობა და ქართველთა დევნა:

[რეიჩელ დენბერის ხმა]“ ის ფაქტი, რომ ქართული სოფლების განადგურებას სისტემატური და მიზანმიმართული სახე ჰქონდა და ადამიანთა დაწიოკება ეთნიკური ნიშნით, პოლიტიკური განწყობის მიხედვით ხდებოდა, გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ოსეთის ძალები ქართული სოფლების ეთნოწმენდას შეეცადნენ. ეს არის სამხედრო დანაშაული და აუცილებელია სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა კონკრეტული პირების წინააღმდეგ.“

ამბობს ”ჰიუმან რაიტს უოჩის” ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორი რეიჩელ დენბერი. ”ჰიუმან რაიტს უოჩის” რეკომენდაციები კონფლიქტის მხარეების მისამართით ამით არ შემოიფარგლება და, ცალკეულ სამხედრო დანაშაულებების გამოძიების გარდა, მოიცავს ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა: საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით გამოწვეული ზიანისა და ნგრევისათვის დაზარალებულებისათვის კომპენსაციის მიცემა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი დაშვება კონფლიქტის ზონაში, დევნილთა დაცვა, დახმარება, მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველყოფა, კასეტური შეიარაღების აკრძალვა და შესაბამის კონვენციასთან მიერთება და სხვ. ”ჰიუმან რაიტს უოჩის” კავკასიის განყოფილების მკვლევარს გიორგი გოგიას მოუსმინეთ:

[გიორგი გოგიას ხმა]“ქართული სახელმწიფო აღიარებს კასეტური ბომბების გამოყენების შემთხვევებს, თუმცა ის ამბობს, რომ ის იქნა გამოყენებული როკის გვირაბიდან შემომავალი რუსი სამხედროების წინააღმდეგ. ჩვენ კვლევის ჩატარებისას აღმოვაჩინეთ, რომ ქართულ სოფლებში - გორის რაიონის ქართულ სოფლებში - ასევე არის ქართული კასეტური ბომბები ჩამოვარდნილი. შესაბამისად, ასახსნელია, თუ როგორ მოხვდა იქ ქართული კასეტური ბომბები. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს იარაღის არასწორ ფუნქციონირებასთან ან არასწორ დამიზნებასთან.”(სტილი დაცულია)

XS
SM
MD
LG