Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


მიმდინარე კვირა კვლავ "დიდი ათეულის" გარშემო ვნებათაღელვით დაიწყო.

"პირველი არხის ეთერში პარასკევს გამართული ცხარე დებატებისა და დიდი ვნებათაღელვის მიუხედავად, ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სამეთვალყურეო საბჭო და პროექტ "დიდი ათეულის" ავტორები, - წერს გაზეთი "მთელი კვირა" სტატიაში, სათაურით ”დიდი ვნებათაღელვა "დიდი ათეულის" გარშემო”.

ამ თემაზე სხვა ბევრი პუბლიკაციაც იყო, თუმცა პროექტი გაგრძელდა და მომდევნო დღეებში ეს თემა სხვა პრობლემებმა გადაფარა.
სამშაბათს ”რეზონანსი” მემარჯვენეების ლიდერ დავით გამყრელიძესთან ინტერვიუს ბეჭდავს: "არ შეიძლება ერთ პირზე აიგოს მთელი ოპოზიციური სპექტრის საქმიანობის სტრატეგია. ეს ვერ აიგება ვერც გამყრელიძეზე, ვერც უსუფაშვილზე, ვერც ბურჯანაძეზე, ვერც ნათელაშვილზე და ვერც ალასანიაზე. ფაქტია, რომ საჭიროა მოქმედება, რათა ჯანსაღმა ძალებმა მოახდინონ ხელისუფლების შეცვლა კონსტიტუციის ფარგლებში და ძალიან კარგი იქნება, თუკი ალასანია ოპოზიციას დროულად შემოუერთდება. ამისთვის საჭიროა, რომ ცოტა უფრო გააქტიურდეს და გამოკვეთოს თავისი პოზიცია იგივე პრეზიდენტის გადაყენების მიმართ და იგივე არჩევნებთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით გამყრელიძემ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ”კარგი იქნება, თუკი ალასანია დროულად შემოგვიერთდება”.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა კი, დავით ზურაბიშვილმა, გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "საკონსტიტუციო მოწყობის თვალსაზრისით, ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე ვართ. ამ საკითხზე "ახალ მემარჯვენეებთან" ერთად ვმუშაობთ და მალე წარვუდგენთ საზოგადოებას. ”

მომდევნო დღეს ”რეზონანსი” წერდა: "გაერო-ში საქართველოს ყოფილ ელჩსა და "ახლები-რესპუბლიკელების" გაერთიანებას შორის მიმდინარე კონსულტაციები გართულდა, რასაც, სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ორი კონკრეტული მიზეზი აქვს: ალასანიას, "ახლები-რესპუბლიკელებისგან" განსხვავებით, არ ხიბლავს ქვეყნის მოწყობის საპარლამენტო მოდელი, ყოფილი ელჩი საპრეზიდენტო რესპუბლიკის არსებობის მომხრეა. ამასთანავე, ალასანია და "ახლები-რესპუბლიკელები" საარჩევნო სიაში ადგილების გადანაწილებაზე ვერ თანხმდებიან. არსებობს კიდევ რამდენიმე "მსოფლმხედველობრივი" განსხვავება, რაზეც პოზიციების დაახლოება ჯერ არ მომხდარა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით ”ალასანია და ოპოზიცია პრეზიდენტობის ინსტიტუტზე ვერ თანხმდებიან”.

შაბათს ორი მთავარი თემა იყო ქართულ პრესაში. "ჰუმან რაითს უოჩის" ანგარიში აგვისტოს ომის შესახებ და საქართველოს პრეზიდენტის ტელემარათონი.
,, აშშ-ისგან სააკაშვილის ხელისუფლებაზე ზეწოლას ითხოვენ” - ამ სათაურით აქვეყნებს პუბლიკაციას შაბათის ”რეზონანსი”. "აგვისტოს ომი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო", - ნათქვამია "ჰუმან რაითს უოჩის" ანგარიშში, სახელწოდებით "ცეცხლის ალში". - "შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც 2008 წლის გაზაფხულიდან მზადდებოდა, 7 აგვისტოს დაიწყო საქართველოს სამხედრო ძალების შესვლით სამხრეთ ოსეთში".... –
”ჰუმან რაითს უოჩი" საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების რეკომენდაციით მიმართავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათივე განმარტებით, ამ საქმით საერთაშორისო სასამართლოები დაკავდებიან. გუშინ ორგანიზაციამ ანგარიში, რეკომენდაციებითურთ, თბილისის პარალელურად, მოსკოვში წარადგინა", - წერს "რეზონანსი" .
"საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა "24 საათს" უთხრა, რომ "ჰუმან რაითს უოჩის" ანგარიშის ავტორებმა დაბალანსებული პოზიციის დაკავება სცადეს".

შაბათის მთავარ პუბლიკაციაში კი ”24 საათი” წერს: ,,გუშინ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან მთელი ქვეყნის მოსახლეობა იღებდა ინტერვიუს.
”რეზონანსში” ვკითხულობთ , რომ პრეზიდენტი ,,4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში საუბრობდა გზებზე, არხებზე, საავადმყოფოებზე, რომელიც უკვე 200 გახდა, პენსიაზე, რომელიც ჯერ ვერა, მაგრამ მომავალში აუცილებლად 100 დოლარი გახდება, სამუშაო ადგილებზე, მედიის თავისუფლებასა და ქვეყნის პირველ პირებს შორის გაგზავნილ მესიჯებზეც კი. თუმცა იმის გარდა, რომ მოინდომა, მთელი ქვეყნისთვის ეჩვენებინა, რომ ყველას ელაპარაკება, მათ შორის, ბეჭდვით მედიასაც კი, ახალი არაფერი არ თქმულა", - წერს "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით ”4-საათიანი სადღეგრძელო”.

”რეზონანსი” ჟურნალისტების სტუდიაში არსებულ ვითარებას აღწერს: ,, სტუდიის წამყვანს ყველა ცალ-ცალკე სთხოვდა, რომ მისთვის მიეცა კითხვის დასმის საშუალება. ზოგმა თავისი რედაქტორიც კი ჩარია და ტელეფონზე დაარეკინა, რომ კითხვის დასმის საშუალება გარანტირებული ჰქონოდა. პრინციპში, იმ დროს, როდესაც პირდაპირ ეთერში ეს სტუდია არ იყო ჩართული, ჟურნალისტების მთავარი საზრუნავი მიკროფონის ხელში ჩაგდება იყო. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ ნაწილისთვის. ნაწილმა ცოტა ხანს უსმინა სააკაშვილს და მერე საერთოდ წასვლა გადაწყვიტა. ჯერ ერთმა აიღო ნებართვა და წავიდა, მეორე საერთოდ უთქმელად გაიპარა და ჟურნალისტების მეორე ჩართვისას ნახევარი დარბაზი უკვე საკმაოდ შეთხელებული იყო. პრინციპში, სააკაშვილის გამოსვლები ისე ჰგავდა სადღეგრძელოებს, რომ დარბაზიდან გაპარვები აღარავის გაჰკვირვებია", - წერს ”რეზონანსი”.
”ალიას” პუბლიკაციის მიხედვით კი, "იქ, სადაც პრესის ჟურნალისტები ისხდნენ, ხშირად წამოძახილებიც ისმოდა: "ჰა, მიშა, კიდევ იტყუები?" "ოჰ, მიხეილ, რატომ იწყევლები, შე კაცო?!" "რაო, შავი ქვა მოდის რუსეთიდანო?!" და ასე შემდეგ...

"პრეზიდენტს ყველა საკითხზე უსვამდნენ კითხვას”, - წერს ”ახალი თაობა” და დასძენს: ”პრეზიდენტმა ყველას გარკვევით უთხრა, რომ არჩევნები ამ წელიწადში არ იქნება, რადგან ეს არ არის საარჩევნო წელი. 2010 წელს კი არჩევნები იგეგმება", - ვკითხულობთ ”ახალი თაობის” შაბათის ნომერში.
XS
SM
MD
LG