Accessibility links

logo-print

რეგიონალური მედიის მიმოხილვა


რადიო „ჰერეთის“ ცნობით, მიმდინარე კვირაში გურჯაანში სახალხო დამცველის რწმუნებული ჩავიდა, რათა ჩვენებები შეეგროვებინა 7 იანვარს მომხდარი ინციდენტის შესახებ,

როდესაც ადგილობრივი პოლიციის უფროსი სოსო მარტაშვილი ჟურნალისტებს დაემუქრა და მათ შეურაცხყოფაც მიაყენა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, თავად სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მარტაშვილის მიერ ჟურნალისტების მიმართ მუქარისა და მათი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს სახელისუფლო პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს და მიიჩნევს, რომ პოლიციის უფროსმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამავე მასალაში ნათქვამია, რომ სოსო მარტაშვილი კახეთის გუბერნატორის – გიორგი ღვინიაშვილის – მეგობარია.

მიმდინარე კვირაში რეგიონალური მედიის ერთ–ერთი მთავარი თემა სკოლები და პედაგოგები იყო. დავიწყებთ იმით, რომ რადიო „ჰერეთის“ ცნობით, გურჯაანის სოფელ მელაანში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები საკრებულოს შენობასა და სხვა შენობებში უტარდებათ. მელაანის საჯარო სკოლა 1959 წელს არის აშენებული, ინგრევა და რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. მძიმე მდგომარეობაა გურჯაანის რაიონის მუკუზნის საჯარო სკოლაშიც, სადაც სახურავიდან მოსწავლეებს პირდაპირ თავზე აწვიმთ. ამ ცნობას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ამასობაში, ტელეკომპანია ”გურჯაანი” პედაგოგების პროტესტის შესახებ გვიამბობს. ზუსტად ამავე თემაზე ქვეყნდება მასალა გაზეთში „ჩემი ხარაგაული“. როგორც ეს ორი მედიასაშუალება გვატყობინებს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყებს ხელმოწერების შეგროვებას, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით. მოთხოვნების ჩამონათვალი რვა პუნქტისგან შედგება და მიზნად პედაგოგების უფლებების დაცვას ისახავს. რეგიონალური გაზეთები ადრეც წერდნენ, რომ სკოლებს „ზემოდან“ ახვევენ თავს ეთიკის კოდექსს, რომელშიც პედაგოგებისთვის მიუღებელი მუხლებია – მაგალითად, რეპეტიტორობის აკრძალვა. ახლა მოთხოვნების პირველ პუნქტად სწორედ ის წერია, რომ მასწავლებელთა ეთიკის კოდექსი თავად პედაგოგებმა უნდა შეიმუშაონ.

სკოლასთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა საინტერესო ამბავმა ლაგოდეხსა და ოზურგეთში ერთდროულად იჩინა თავი. რადიო „ჰერეთმა“ და „გურია ნიუსმა“ ცალ–ცალკე გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პედაგოგებს შობა–ახალი წლის და ნათლისღების დღესასწაულები მიულოცა. 20 იანვარს თითოეული პედაგოგი დასაჩუქრდა კონვერტით, რომელშიც ბლოკნოტი, კალმისტარი და ვანო მერაბიშვილის წერილი იდო. წერილში ყურადღება იყო გამახვილებული მოზარდთა შორის ძალადობასა და ნარკომანიის სენზე. მინისტრმა ამ ორ დიდ პრობლემასთან ბრძოლის მიზნით, პედაგოგებს მჭიდრო თანამშრომლობა შესთავაზა. წერილს თანდართული ჰქონდა სპეციალური ფორმა, რომელიც პედაგოგებს პრობლემებისა და მათი გადაჭრის სავარაუდო გზების ჩამონათვალით უნდა შეევსოთ და შემდეგ წერილი პოლიციის განყოფილებაში ჩაებარებინათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესვლა სკოლებში, თანაც, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად, უპრეცედენტო შემთხვევაა და არ არის გამორიცხული, არჩევნების მოახლოებაზე მიანიშნებდეს.

გაზეთი ”ბათუმელები“ აქვეყნებს ემზარ დიასამიძის სტატიას, სათაურით: „ბათუმის უნივერსიტეტის კრიზისი“. სტატიაში ნაამბობია იმის შესახებ, რომ ბათუმის უნივერსიტეტი წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი საჭიროებების მხოლოდ 7 %–ით დაფინანსდა. ფინანსურ კრიზისთან ბრძოლაში რექტორისა და კანცლერის შეხედულებები ერთმანეთს არ დაემთხვა, რის გამოც კანცლერმა უნივერსიტეტი დატოვა. სტუდენტები უკმაყოფილონი არიან სწავლის ხარისხით. ერთადერთი, ვინც, ყველაფრის მიუხედავად, ოპტიმისტურად არის განწყობილი, უნივერსიტეტის რექტორი ალეკო ბაკურიძეა.
XS
SM
MD
LG