Accessibility links

logo-print

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში პირველი პროცესი დაიწყო


დღეს პირველი საქმის არსებითი განხილვა დაიწყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც თვითონაც პირველია

- კერძოდ, ომის დანაშაულთა პირველი მუდმივმოქმედი ტრიბუნალი მსოფლიოში. ის ნიდერლანდში, ჰააგაშია განთავსებული.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობის დაწყება უწევს კონგოელი მეამბოხეების ლიდერის, თომას ლუბანგას საქმით. მას ექვსი ბრალდება აქვს წაყენებული კონგოს შიდა პოლიტიკურ სისხლისმღვრელ კონფლიქტებში ჯარისკაცებად ბავშვების რეკრუტირების გამო.

[ლუის მორენო-ოკამპოს ხმა] “ლუბანგას შეიარაღებული ჯგუფი ჯარისკაცებად იყვანდა და წვრთნიდა ასობით ბავშვს, იყენებდა მათ მოსაკლავად, გასაძარცვად და გასაუპატიურებლად.”

ეს სიტყვები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველი საქმის არსებითი განხილვის დასაწყისშივე წარმოთქვა გენერალურმა პროკურორმა ლუის მორენო-ოკამპომ. მისივე თქმით:

[ლუის მორენო-ოკამპოს ხმა] “ბავშვები დღემდე იტანჯებიან ლუბანგას დანაშაულთა შედეგებით. ისინი ვერ ივიწყებენ იმას, რაც განიცადეს, რაც ნახეს, რაც გააკეთეს - 9, 11, 13 წლის ასაკში”.

ლუბანგა უარყოფს ყველა ბრალდებას. უფლებადამცავი ორგანიზაციები კი დიდ იმედებს უკავშირებენ მის პროცესს: მოელიან, რომ ლუბანგას გასამართლება დააფრთხობს იმათ, ვინც აფრიკაში მცირეწლოვანებს აიძულებს ბრძოლას შეიარაღებულ ფორმირებებში. ასეთი ხალხი კი ბევრია. გაეროს შეფასებით, სამხედრო დაპირისპირებებში, გლობალური მასშტაბით, 250 000-მდე ბავშვი იბრძვის, მათი უმრავლესობა - აფრიკაში.

ლუბანგას გარდა, ტრიბუნალს ჰააგაში ჰყავს დაკავებული კიდევ ოთხი კონგოელი საველე მეთაური და, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, ბრალდება აქვს წაყენებული სახელმწიფოს მეთაურისთვის.
საქმე ეხება სუდანის პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირს, რომელსაც სასამართლო დარფურის რეგიონში გენოციდში ადანაშაულებს. საინფორმაციო სააგენტო “ასოშიეიტიდ პრესის” ცნობით, მოსამართლეები მალე გადაწყვეტენ, გასცენ თუ არა ალ-ბაშირის დაპატიმრების ორდერი.

მოკლედ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, დაარსებული თითქმის 7 წლის წინ, როგორც იქნა, ამუშავდა, თან 100-ზე მეტი ქვეყნის მხარდაჭერით. მაგრამ, მეორე მხრივ, მას დღემდე ვერ მოუპოვებია მხარდაჭერა მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი სახელმწიფოსგან. მათ შორის არიან, შეერთებული შტატები, ჩინეთი, ინდოეთი, ისრაელი, რუსეთი...

აშშ-ის არგუმენტია, რომ მას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უწევს უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რის გამოც ტრიბუნალზე მისი ჯარსიკაცების გასამართლების პერსპექტივა პოზიციებს დაუსუსტებდა. არადა, 2000 წელს შეერთებული შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ხელი მოაწერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებულ ხელშეკრულებას. ის არასოდეს წარუდგენიათ სენატში სარატიფიკაციოდ, სენატი მას მხარს არ დაუჭერდა. ახლა არ არის ნათელი, შეიცვლება თუ არა შეერთებული შტატების პოლიტიკა ბარაკ ობამას მმართველობის პერიოდში.

ისრაელისთვის ტრიბუნალის მტკივნეულ საკითხად ქცევას პალესტინელებთან მრავალწლიანი დაპირისპირება განაპირობებს. მრავლისმეტყველია განცხადება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა გააკეთა ღაზის სექტორში სულ რამდენიმე დღის წინ დასრულებულ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით: [ლუის მორენო-ოკამპოს ხმა] “ღაზაში გაგზვნილმა სარდლებმა და ჯარისკაცებმა უნდა იცოდნენ, რომ დაცული არიან სხვადასხვა ტრიბუნალებისაგან და ისრაელის სახელმწიფო მათ დაეხმარება ამ ფრონტზე, მათ დაიცავს, როგორც მათ ჩვენ დაგვიცვეს თავიანთი სხეულებით ღაზაში სამხედრო ოპერაციის დროს”.

ოლმერტის ამ განცხადების ფონია ინფორმაცია, რომ ისრაელის, პალესტინელებისა და საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციები ემზადებიან სამხედრო დანაშაულთა ბრალდებების წასაყენებლად ისრაელის ჯარებისთვის - ღაზის სექტორში მათს მოქმედებასთან დაკავშირებით.

რუსეთისთვის კი განსაკუთრებული საფრთხე უკავშირდება, როგორც ცნობილია, ჩეჩნეთის ომის საკითხს, ამ ომთან დაკავშირებულ მძიმე ბრალდებებს.

საქართველო ჯერ კიდევ 1998 წელს მიუერთდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ე.წ. რომის სტატუსს, რასაც 2003 წელს მოჰყვა დოკუმენტის რატიფიკაცია პარლამენტში. რას მოასწავებს საქართველოსთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე პირველი პროცესის დაწყება? ამაში გასარკვევად, დავუკავშირდით ქართველ იურისტს - გიორგი ჩხეიძეს. თავდაპირველად, მასთან ერთად მოვუსმინეთ ერთ განცხადებას, რომელიც თბილისში, ორგანიზაცია “ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიშის წარდგენისას, გასულ პარასკევს გააკეთა ”ჰიუმან რაიტს ვოჩის” ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა რეიჩელ დენბერმა. ანგარიში ასახავს რუსეთ-საქართველოს აგვიტოს ომს ცხინვალის რეგიონში.

[რეიჩელ დენბერის ხმა]“ ის ფაქტი, რომ ქართული სოფლების განადგურებას სისტემატური და მიზანმიმართული სახე ჰქონდა და ადამიანთა დაწიოკება ეთნიკური ნიშნით, პოლიტიკური განწყობის მიხედვით ხდებოდა, გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ოსეთის ძალები ქართული სოფლების ეთნოწმენდას შეეცადნენ. ეს არის სამხედრო დანაშაული და აუცილებელია სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა კონკრეტული პირების წინააღმდეგ.“

ჩვენ იურისტ გიორგი ჩხეიძეს ვკითხეთ, შეიძლება თუ არა, ვივარაუდოთ, რომ სისხლის სამართლის ეს საქმეები ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში განიხილება?

[გიორგი ჩხეიძის პასუხი: იხ. აუდიოვერსია]
XS
SM
MD
LG