Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებენ


საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტს გასული წლის მიწურულს წარუდგინა,

მიზნად ისახავს პრეზიდენტისა და პარლამენტის უფლებამოსილებათა ეფექტიან დაბალანსებას, საქართველოს პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდასა და პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას. ყოველივე ამის შესახებ ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, თუმცა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი რეალურად არ ცვლის ხელისუფლების შტოთა შორის არსებულ ბალანსს და მცირედაც კი არ აძლიერებს პარლამენტის უფლებამოსილებას.

პრეზიდენტი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ განცხადება პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „დემოკრატიული რეფორმების ტალღა ითვალისწინებს შემდეგ ინიციატივებს: კონსტიტუციურ ცვლილებას, რომლის თანახმადაც ახლად არჩეული პარლამენტის მიერ სავალდებულოდ მოხდება საქართველოს მთავრობის დამტკიცება. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი პარლამენტი და უფრო ანგარიშვალდებული მთავრობა. ამიტომ ახალი დემოკრატიული ტალღა ითვალისწინებს პარლამენტის მიერ მთავრობის უნდობლობის საკითხის გამარტივებას და პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის პროცედურის გართულებას.“(სტილი დაცულია)

პრეზიდენტის ამ ინიციატივამ კანონპროექტის სახე 2008 წლის დეკემბერში მიიღო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ, ცვლილებების მიხედვით, პარლამენტისთვის მთავრობის დათხოვნის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, პრეზიდენტისთვის კი პარლამენტის დათხოვნის პროცედურა გართულდება:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „პრეზიდენტს შეეძლო ერთი ვადის განმავლობაში რამდენჯერმე დაეთხოვა პარლამენტი და ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ ამის გაკეთების უფლება პრეზიდენტს ექნება მხოლოდ ერთხელ, ანუ მხოლოდ ერთხელ შეეძლება პარლამენტის დათხოვნა. თუ ამის შემდეგ კვლავ შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი, ასეთ შემთხვევაში კრიზისიდან გამოსავალი არის იმაში, რომ პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება და დასვას საკითხი რეფერენდუმზე და რეფერენდუმზე ხალხმა გადაწყვიტოს, თუ რომელ მანდატს გააგრძელებს: საკანონმდებლო ხელისუფლების მანდატს თუ პრეზიდენტისას.“(სტილი დაცულია)

საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის შესახებაც პავლე კუბლაშვილი ლაპარაკობდა, ახლავს განმარტებითი ბარათი, რომლის მიხედვითაც, ცვლილებების მიზანია საქართველოს პარლამენტის დათხოვნის უფლების შეზღუდვა და საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობისადმი უნდობლობის საკითხის დასმის პროცედურის გამარტივება, თუმცა” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” ამტკიცებენ, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში გაცხადებული მიზნები არ შეესაბამება კანონპროექტის რეალურ შინაარსს. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის თამარ ხიდაშელის თქმით, შემოთავაზებული ცვლილებებიდან არსებითი მხოლოდ ორია:

[თამარ ხიდაშელის ხმა] „პრეზიდენტს შეუძლია ერთხელ გაუშვას პარლამენტი საკუთარი ინიციატივით, მეორედ უკვე ხალხის გადასაწყვეტი იქნება, პარლამენტი უნდა წავიდეს თუ პრეზიდენტი. და კიდევ ერთი დადებითი ცვლილება, რომელზეც ლაპარაკი იყო, ეს არის ის, რომ უმცირესობას აქვს მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენების უფლება, თუმცა ამ შემთხვევაში არ იცვლება უნდობლობის გამოცხადების ზღვარი, ანუ, წინა რედაქციის მსგავსად, ამჯერადაც უმრავლესობით მიიღება გადაწყვეტილება, ანუ მარტო საკითხის დაყენება არაფერს არ ცვლის.“

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” იმასაც ამბობენ, რომ ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსის შესაცვლელად საჭირო იყო უფრო მასშტაბური ინიციატივა, თუმცა, თამარ ხიდაშელის თქმით, პრეზიდენტს კვლავინდებურად უფლება ექნება პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები. და კიდევ:

[თამარ ხიდაშელის ხმა] „საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, რომ, ახლად არჩეული პარლამენტის შემთხვევაში, არ გაიზიაროს პარლამენტის მოსაზრება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ, მაინც დანიშნოს პრემიერ- მინისტრი, მაინც დანიშნოს მთავრობა. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისია აღნიშნავდა, ასეთი მთავრობა არ შეიძლება ლეგიტიმურად ჩაითვალოსო. ანუ ეს დებულება ისევ რჩება და ჩვენ მივიჩნევთ, რომ სანამ ეს დებულება იქნება, ეს პრობლემაა.“(სტილი დაცულია)

ახალგაზრდა იურისტების კრიტიკას არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა. პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის თანხმობის გარეშე პრეზიდენტი მთავრობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუკი იმავდროულად დაითხოვს პარლამენტს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ყოველივე ამას ლოგიკური გამართლება აქვს:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „როდესაც არსებობს კრიზისი, უნდა არსებობდეს ამ კრიზისიდან გამოსავალი. კრიზისიდან გამოსავალი ამ შემთხვევაში მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს მიმართ მოხდება გარკვეული გადაწყვეტილების მიღება. პრეზიდენტს შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი ან დაითხოვოს მთავრობა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს გამოსავალი ანალოგიურია, როგორიც არის ყველა სხვა ქვეყნის კონსტიტუციაში, სადაც ზოგადად პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობაა და, ვფიქრობ, რომ აქ სიახლე არაფერში არაა.“(სტილი დაცულია)

პავლე კუბლაშვილი ასევე მნიშვნელოვანდ მიიჩნევს საკონსტიტუციო ცვლილების იმ ნაწილს, რომელიც საპარლამენტო უმცირესობას მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლებას ანიჭებს:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „აქაც, გარკვეულწილად, ცვლილებები არის პარლამენტის უფლებამოსილების გაძლიერებასთან მიმართებაში. დღემდე უმცირესობას ეს უფლება არ ჰქონდა, ეს უფლება ჰქონდა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მესამედს, ანუ 50 დეპუტატს, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ, ვინაიდან ეს არის მნიშვნელოვანი ბერკეტი პარლამენტის ხელში, ასეთი ბერკეტი უნდა ჰქონდეს უმცირესობასაც, თუმცა, ბუნებრივია, გადაწყვეტილებას უმცირესობა ვერ მიიღებს, მაგრამ, მისი გადაწყვეტილებით, დაიწყება პოლიტიკური დებატები მთავრობისათვს უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ეს არის მნიშვნელოვანი უმცირესობის სრულფასოვანი ჩამოყალიბებისათვის.“(სტილი დაცულია)

თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობისგან განსხვავებით, ახალგაზრდა იურისტები მიიჩნევენ, რომ ცვლილების ეს ნაწილი, ფაქტობრივად, არაფრის მომტანია. გარდა ამისა, მათივე აზრით, ის, რომ უნდობლობის საკითხის დასმა არ შეიძლება, თუ ნდობის გამოცხადებიდან არაა გასული ექვსი თვე, არ ემსახურება პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდას. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ასევე მიიჩნევს, რომ ცვლილებაში არაა განსაზღვრული იმ რეფერენდუმის დანიშვნის ვადა, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტის მეორედ დათხოვნისათვის უნდა ჩაატაროს, რაც, ახალგაზრდა იურისტების ვარაუდით, კრიზისის დროში გაწელვის მიზეზი შეიძლება გახდეს.


  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG