Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა სამინისტრო ორშაბათობით მიმდინარე მოვლენებს შეაფასებს


საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მედიას საგარეო უწყების ახალი განზრახვის შესახებ ამცნო:

ყოველ ორშაბათს, დილის თერთმეტ საათზე, ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ ქვეყანაში თუ მის გარეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრსა თუ მის მოადგილეებს კითხვებით მიმართონ.
გრიგოლ ვაშაძემ პირველი ასეთი ორშაბათის ბრიფინგი თავად ჩაატარა


საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ორშაბათის დილა მედიასთან გასული კვირის შეფასებით დაიწყო. საქართველოს საგარეო უწყება დღეიდან ყოველ ორშაბათს შეეცდება ჟურნალისტების კითხვებს გასცეს პასუხი.
საქართველოში ეუთოს დამკვირვებლების ყოფნა-არყოფნის საკითხი, ვაშაძის თქმით, როგორც წინა, ისე მომავალი კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების შესანარჩუნებლად მუშაობა გრძელდება:

[გრიგოლ ვაშაძე] ”გრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფნა აქ, მათ შორის, ეუთოსი და გაეროსი. რუსეთის მცდელობის მიუხედავად, ეუთოს საბერძნეთის თავმჯდომარეობა განაგრძობს წევრქვეყნებთან მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენ ვიპოვოთ ყველასათვის მისაღები ფორმულა, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ეუთო. ჩვენ, ცხადია, დაინტერესებულები ვართ ეუთოს შენარჩუნებაში, მაგრამ ყველა ფასად არა, რა თქმა უნდა. ჩვენ ჩვენი წითელი ხაზები გვაქვს.”(სტილი დაცულია)


საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს შეეხო ევროკომისარ ბენიტა ფერერო ვალდნერთან გასული კვირის შეხვედრასაც და აღნიშნა, რომ საქართველო ასევე აგრძელებს მოლაპარაკებებს ევროკავშირის დამკვირვებლების შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით:

[გრიგოლ ვაშაძე] ”ხშირად ისმის ეს შეკითხვა, ვმუშაობთ თუ არა ევროკავშირთან იმისათვის, რომ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიამ გააგრძელოს თავისი მოვალეობების შესრულება, პირიქით, გაფართოვდეს. დიახ, ვმუშაობთ და ესეც ჩვენი ერთ-ერთი მტკიცე შეხედულება არის, რომ საქართველოში წარმოდგენილი უნდა იყოს არა მარტო ეუთო და გაერო, არამედ ევროპის კავშირიც.” (სტილი დაცულია)

გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა ნატო-რუსეთის საბჭოს დახურულ სხდომას, რომელიც ბრიუსელში დღეს იმართება, და ალიანსსა და რუსეთს შორის დიალოგის აღდგენის საკითხს და აღნიშნა, რომ მოულოდნელი ამაში არაფერია. თუმცა, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, კონფრონტაცია კვლავ გრძელდება:

[გრიგოლ ვაშაძე] ”ერთი მხრივ, რუსეთი აცხადებს მზადყოფნას, რომ ითანამშრომლოს ალიანსთან და თან კატეგორიული წინააღმდეგი გამოდის კომერციული ტვირთის გატარებაზე, როდესაც ეს ტვირთი ავღანეთშია მიმართული ნატოს შეიარაღებული შენაერთებისათვის. რუსეთი ამბობს, რომ დაინტერესებულია ალიანსთან თანამშრომლობით, რადგან ეს უსაფრთხოების ქვაკუთხედი იქნება ევროპაში, და, ამავე დროს, კატეგორიულად ითხოვს, რომ ალიანსის ყოველი ნაბიჯი მასთან იყოს შეთანხმებული, რაც, გასაგებია, რომ არასოდეს მოხდება. თან უნდა ალიანსთან დიალოგში ჩაბმა, თან კატეგორიულად ითხოვს ალიანსისგან წაართვას მესამე ქვეყნებს, მაგალითად, ისე, როგორც საქართველოსა და უკრაინას, წაართვას მათ არჩევანის უფლება. გასაგებია, რომ დემოკრატიული ქვეყნების კლუბი, როგორიც არის ნატო, არავითარ შემთხვევაში ასეთ პირობებს არ დასთანხმდება, თუმცა დიალოგი, რა თქმა უნდა, აღდგება.” (სტილი დაცულია)

დაბოლოს, გრიგოლ ვაშაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას განიხილავენ და დოკუმენტში შესული რეკომენდაციების შესრულებაზეც იმსჯელებენ, რეზოლუცია რუსეთის მისამართით არც ისე რბილი იქნება:

[გრიგოლ ვაშაძე] ”ერთ რაღაცაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არა მგონია, ეს იყოს ძალიან რბილი რევოლუცია. შეიძლება ისეთი მკაცრი არ იყოს, როგორიც ჩვენ გვინდა, მაგრამ რბილი რეზოლუცია რუსეთს ნამდვილად არ გამოუვა.”(სტილი დაცულია)


რაც შეეხება მომავალ დიპლომატიურ კვირას, გრიგოლ ვაშაძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში გაემგზავრება, ხოლო ათი თებერვლისთვის საქართველოს ორი ქვეყნის, ჰოლანდიისა და საბერძნეთის, საგარეო საქმეთა მინისტრები ესტუმრებიან.



XS
SM
MD
LG