Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური პერსპექტივები


საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკურ პერსპექტივებზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩო,

რომლის მიხედვითაც, მორიგი ადგილობრივი არჩევნები 2010 წელს, საპარლამენტო არჩევნები 2012 წელს, საპრეზიდენტო არჩევნები კი – 2013 წელს გაიმართება. აქვს თუ არა ქვეყანას რესურსი, შემდეგი ხელისუფლება კონსტიტუციით დათქმულ პირობებში და ვადებში აირჩიოს?

მოცემულ პოლიტიკურ მომენტში საქართველოში პროცესების განვითარების სამი გზა არსებობს:

1.
ვითარების შენარჩუნება ცვლილებების გარეშე.
2.
ნელი ცვლილებები.
3.
სწრაფი ცვლილებები.

იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პროცესი ცვლილებების გარეშე გაგრძელდება, ხელისუფლება მეტ–ნაკლებად მშვიდ გარემოში ჩაატარებს მომავალ ადგილობრივ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს. ეს კი ლოგიკურად გულისხმობს საქართველოში რუსული სცენარის გამეორებას და ხელისუფლების სადავეებთან ამა თუ იმ კონფიგურაციით ისევ ნაციონალური მოძრაობის დარჩენას. ეს მათი გამარჯვების გზაა.

თუმცა ამგვარი პერსპექტივა რეალობას მოკლებულია, რადგან მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ხუთ წელიწადში საქართველოს მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილში საკმაოდ თანმიმდევრული პროტესტული განწყობა ჩამოყალიბდა.

ქვეყნის განვითარების მეორე გზა ნელი ცვლილებების გზაა. ეს გზაც კონსტიტუციურ ვადებზე გადის, ოღონდ იგულისხმება, რომ 2013 წელს საქართველოში ხელისუფლება ნამდვილად შეიცვლება. ნელ ცვლილებებს ორი სუბიექტი შეიძლება ჰყავდეს – ხელისუფლება ან ოპოზიცია. პირველ შემთხვევაში, თავად ხელისუფლება გახდება უფრო მეტად დემოკრატიული და სამართლიანი. ეს გზა გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის მიერ საკუთარი გუნდის წევრების ჩანაცვლებას საზოგადოებისთვის მისაღები ადამიანებით და მმართველობის სტილის შეცვლას. მეორე შემთხვევაში კი, ნელი, მაგრამ თანმიმდევრული ცვლილებები შეეხება ოპოზიციას, რომელიც 2013 წლის არჩევნებისთვის მეტი გულმოდგინებით მოემზადება, პარტიულ მშენებლობას დაუთმობს დროს და ყურადღებას, სამოქალაქო საზოგადოებისკენ მისასვლელ გზებს გაკვალავს, შეეცდება, მუდმივი დიალოგის რეჟიმში ჩამოაყალიბოს საერთო იდეა – როგორი სახელმწიფოს აშენებას ვაპირებთ. ნელი ცვლილებების გზა ნიშნავს, რომ იმ პირობებშიც კი, თუ ხელისუფლება ბევრ და მძიმე შეცდომას დაუშვებს უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, ოპოზიცია არ შეეცდება მის ჩანაცვლებას არჩევნების გვერდის ავლით.

ეს გზა – ნელი ცვლილებების გზა – ბოლომდე გამორიცხული არ არის. აგვისტოს ომის შემდეგ გასულ ნახევარ წელიწადში ხელისუფლებას ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებული პრობლემები არ შეჰქმნია და შესაძლებელია, არც მომავალი თვეების და წლების განმავლობაში შეექმნას, თუკი ცოტა რამ მაინც შეიცვლება უკეთესობისკენ. ეს ხელისუფლებისთვის ყველაზე რეალური გამოსავალია ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ოღონდ მაინც ძნელი წარმოსადგენია, რომ ან ხელისუფლებამ შეიცვალოს ბუნება და გულწრფელად გაკეთილშობილდეს, ან ოპოზიცია გაძლიერდეს და საკუთარ თავში მოძებნოს რესურსი ნელი, თანმიმდევრული და სწორი ცვლილებებისთვის. ასე რომ, ნელი ცვლილებების გზა რეალურ და არარეალურ შესაძლებლობებს შორის გადის და თანაბარ შანსს უტოვებს როგორც ხელისუფლებას, ისე – ოპოზიციას.

მესამე გზა სწრაფი ცვლილებების გზაა. ცხადია, ამჟამინდელი ხელისუფლება ნებაყოფლობით არ დათმობს მართვის სადავეებს, ამიტომ სწრაფი ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუკი ოპოზიცია, საზოგადოების პროტესტული ნაწილის მხარდაჭერით, მიხეილ სააკაშვილს აიძულებს, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს. ასეთი არჩევნები რევოლუციის ტოლფასი იქნება, რადგან მასში მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. შესაბამისად, უკიდურესი იძულების გარეშე, პრეზიდენტი საკუთარ პოსტს არ დათმობს. თუ საქართველოში სწრაფი ცვლილებები განხორციელდება, ეს ოპოზიციის უპირობო გამარჯვების გზა იქნება.

მოცემულ პოლიტიკურ მომენტში ხელისუფლება სუსტია, რადგან მან მარცხი განიცადა ორ მთავარ პრიორიტეტთან დაკავშირებით: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც და ნატოსთან დაახლოებაც მისთვის მიუღწეველ მიზნებად დარჩა. არანაკლებ სუსტია ოპოზიცია, რომელიც ვერც ახალ, ძლიერ ლიდერებს წარმოშობს და ვერც ძველი ლიდერებითა და პარტიებით ქმნის ახალ პერსპექტივას სახელმწიფოსთვის. შესაბამისად, ამ ორი სუსტი ძალის ჭიდილში სწორედ ის გაიმარჯვებს, ვინც საზოგადოების უფრო დიდ ნაწილს მიიმხრობს ადრე თუ გვიან. როგორც დღეს ჩანს, საქართველოს მოსახლეობაც დიდ ყოყმანშია – არც მორიგი რევოლუცია გვინდა და ვერც ის წარმოგვიდგენია, როგორ ვიცხოვრებთ ოთხი ან ხუთი წელი, თუკი არაფერი შეიცვლება. ასეთი ბუნდოვანი და ძარღვგამოცლილია დღეისათვის არსებული პოლიტიკური მომენტი.



XS
SM
MD
LG