Accessibility links

logo-print

საახალწლო დღეების შემდეგ რუსეთის პრესაში ერთხანს იკლო საქართველოს შესახებ პუბლიკაციებმა.


საახალწლო დღეების შემდეგ რუსეთის პრესაში ერთხანს იკლო საქართველოს შესახებ პუბლიკაციებმა. ახლა ინტერესის ახალი ტალღა შეინიშნება

- 26 იანვარს, მაგალითად, ”იზვესტიამ” 14 პუბლიკაცია მიუძღვნა საქართველოს.

”ამერიკის შეერთებული შტატები თმობენ თავიანთ პოზიციებს ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში”, - წერს ”იზვესტია” ერთ პუბლიკაციაში, მეორეს კი ასეთი სათური აქვს: ”ნატომ უარი თქვა რუსეთის მიმართ ადრინდელ საყვედურებზე”. ”ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი უახლოეს ხანში გეგმავს განაახლოს რუსეთთან უმაღლეს დონეზე კონტაქტები”, - წერს ”იზვესტია” და ნატოში რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის დმიტრი რაგოზინის კომენტარი მოჰყავს სამხედრო ბლოკის 26 წევრი ქვეყნის ელჩების არაფორმალური შეხვედრის თაობაზე: ”რუსეთისა და ნატოს პირველი ოფიციალური კონტაქტი მიუნხენის კონფერენციაზე შედგება, - განაცხადა რაგოზინმა. მისივე თქმით, ”ურთიერთობის განახლების თაობაზე არაფორმალური შეხვედრის ინიციატივა ალიანსისგან მოდიოდა, მაგრამ ურთიერთობების განახლება შეუძლებელი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის შეცვლამდე. ამჟამად კი რუსეთისა და ნატოს ურთიერთობებში ყინული დაიძრა”, - გამარჯვებული ტონით განაცხადა რაგოზინმაო, - წერს გაზეთი.

”ვედომოსტის” სარედაქციო წერილში კი ვკითხულობთ, რომ ვლადიმირ პუტინმა ტელეინტერვიუში ,,ფრთხილი ოპტიმიზმი” გამოთქვა რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით. თითქოს პუტინი გარკვეულ სიგნალებს გრძნობს რომ ბარაკ ობამა გადახედავს ამერიკის შეერთბული შტატების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, კერძოდ, უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს. რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრობლემების განხილვის შემდეგ გაზეთი ასკვნის: ”საქართველოსა და უკრაინის ნატოში არგაწევრიანება უფრო საკითხის გადავადებაა, რაც ამ ქვეყნებში არსებულ სიტუაციას უკავშირდება. ალბათ, ეს ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის საგარეო პოლიტიკის შედეგად,- წერს ”ვედომოსტი”.

”იზვესტიას” კიდევ ერთ პუბლიკაციაში კი ვკითხულობთ: ”სოხუმმა დაასამარა გაეროს ,,ტერიტორიული მთლიანობი პრინციპი”. გაზეთს სერგეი შამბას სიტყვები მოჰყავს: ,,ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი”, რომელსაც განუწყვეტლივ მიმართავენ გაეროს წევრი ქვეყნები, საბოლოოდ მოძველდა”. შამბა დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვლება და აფხაზეთს აუცილებლად აღიარებენ სხვა ქვეყნებიც.

და კიდევ ერთი პუბლიკაცია ამავე თემაზე. რუსეთმა დაიწყო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური საზღვრების გაფორმება, - წერს ”იზვესტია”. ამ თემას გაზეთი ”ვედომოსტიც” ეხმიანება პუბლიკაციაში, სათაურით ,,რუსეთი უფრო დიდი გახდება. ,,არ მოხერხდა საქარველოსთან მოლაპარაკება საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, - წერს გაზეთი. ქართული მხარე უსაფუძვლო პრეტენზიებს აყენებდა, - უთხრა გაზეთს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა ვადიმ პოსტნოვმა რომელიც ახლა საქარველოსთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას ხელმძღვანელობს. ,,ქართველი მომლაპარაკებლები პრეტენზიას აცხადებდნენ ზღვის ნაწილზე, რომელსაც რუსეთი თავისად მიიჩნევს, - თქვა მან. - ,,იმედი გვაქვს, რომ ახლა ნაკლები პრობლემები იქნება და ჩვენს მეგობრებთან ერთად მათ მალე დავარეგულირებთ”, - დასძინა პოსტნოვმა. ”ვედომოსტი” განმარტავს, რომ მეგობრებში იგი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს გულისხმობდა.
XS
SM
MD
LG