Accessibility links

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 768-ე გამოშვება

წამყვანი:
დღეს ჯერ დავუბრუნდებით ორგანიზაცია “ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიშს - ჩვენ რამდენიმე საკითხის განმარტება ვთხოვეთ ანგარიშის ერთ-ერთ ავტორს, ანა ნაისტატს. რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვეში, ენგურჰესთან დაკავშირებით გაფორმებულმა მემორანდუმმა საქართველოში ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია - შევეცდებით გავერკვეთ, როგორ შეიძლება შეფასდეს ენგურჰესის მემორანდუმი, მართლაც “რუსეთის წინაშე გადახდილ ხარკად”, თუ რეალობაზე დამყარებულ პოლიტიკად. ვისაუბრებთ ახალ, ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიაზე, დაბოლოს, ვილაპარაკებთ აგვისტოს ომის ერთ შედეგზე, რომელიც საქართველოში კინოთეატრებს შეეხო. ყოველკვირეულ რადიოჟურნალს დღეს მარიამ ჭიაურელი უძღვება.
[მუსიკა]

“ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიში სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში აგვისტოს კონფლიქტის დროს ჰუმანიტარული კანონის დარღვევის შესახებ

წამყვანი:
ამ ერთი კვირის წინ ჩვენს გადაცემაში წარმოგიდგინეთ უფლებადამცავ ორგანიზაცია “ჰიუმან რაიტს უოჩის” მორიგი წლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. ანგარიში, რომელიც წელს 14 იანვარს გამოქვეყნდა და 90-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, ასახავს ამ ქვეყნებში როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო შეიარაღებული ფორმირებების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას. ანგარიშში შესულ ქვეყნებს შორის საქართველოც არის და მას 6 გვერდი დაეთმო. ასახულია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან, ძალის გადაჭარბებულ გამოყენებასთან, პრესის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული პრობლემები. დღეს კი “ჰიუმან რაიტს უოჩმა” კიდევ ერთი ანგარიში გამოაქვეყნა: ეს ანგარიში უკვე მთლიანად საქართველოს ეხება - ჰუმანიტარული კანონის დარღვევას სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის დროს. ანგარიში ვრცელია - 200 გვერდს მოიცავს, დეტალურად ასახავს ძალის განურჩეველ და გადაჭარბებულ გამოყენებას როგორც საქართველოს ისე რუსეთის მიერ, ასახავს ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მდებარე ქართული სოფლების განზრახ და სისტემატურ განადგურებას, ასახავს ასევე რუსეთის უმოქმედობას, უზრუნველეყო მოსახლეობის უსაფრთხოება საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის ჯარები აკონტროლებენ.

ამ ინფორმაციის შეგროვებაში მონაწილეობდა ანა ნაისტატი, “ჰიუმან რაიტს უოჩის” მკვლევარი, ანგარიშის თანაავტორი. ის ბევრჯერ არის ნამყოფი ცხინვალის რეგიონში და მიმდებარე ტერიტორიებზე. ანა ნაისტატს მოსკოვში დავურეკეთ და მასთან საუბარი დავიწყეთ, ასე ვთქვათ, დასაწყისით...

“ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიშში ვკითხულობთ: “სამხრეთი ოსეთი არის საქართველოს სეპარატისტული რეგიონი, რომელსაც საერთო საზღვარი და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსეთთან. შეიარაღებული კონფლიქტი, რომლისთვის მზადების ნიშნებიც 2008 წლის გაზაფხულიდან ჩანდა, დაიწყო 7 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთში საქართველოს სამხედრო იერიშით”.

“ჰიუმან რაიტს უოჩის” ამავე ანგარიშში გამოთქმულია შეფასება, რომ ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, მიზანშეწონილი არ არის. (სხვა რამ არის მთავარი, ვკითხულობთ ტექსტში: მართლმსაჯულების წინაშე წარდგენენ დანაშაშაულებში ეჭვმიტანილები და შინ დაბრუნდნენ ადგილნაცვალი პირები.) მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ამახვილებს ყურადღებას სწორედ იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი: მასმედიაში ამის განხილვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ქართული მხარე დაუდანაშაულებიათ ქართულ ოპოზიციას, ჩეხეთის პრეზიდენტს, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებსა და, რაც მთავარია, რუსეთის ლიდერებს. “ომის დაწყება ქართული მხარის” მიერ კრემლისთვის პრაქტიკულად ერთადერთი არგუმენტია იმის ასახსნელად, რომ “აუცილებელი იყო” სამხედრო ინტერვენცია, ოკუპაცია და საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის სახელმწიფოებრიობის აღიარება...

ამ დროს, ჩვენი რადიოს ინფორმაციით (ეს არაერთ სამოქალაქო პირს უთქვამს ჩვენთან ინტერვიუებში), ომი ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის - ყოველ შემთხვევაში, ქართველებისთვის - აგვისტოს პირველ დღეებში დაიწყო. პირველი დაჭრილები 1 აგვისტოს მიიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ეს ჩვენს ეთერში გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორს, ნიკოლო ჯოხაძეს აქვს ნათქვამი. არის თუ არა ცნობილი “ჰიუმან რაიტს უოჩისთვის” ქართულ სოფლებზე 7 აგვისტომდე კარგა ხნით ადრე იერიშების შესახებ? ეს იყო პირველი, უნდა ვაღიაროთ, გრძელი შეკითხვა, რომელიც ანა ნაისტატს დავუსვით. აი მისი პასუხი:

[ანა ნაისტატის ხმა] “დიახ, პირველ რიგში ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ორგანიზაცია არ არის დაკავებული კონფლიქტის პოლიტიკური ასპექტებით. არა მარტო ამ კონფლიქტის - ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში! ჩვენ არ ვიკვლევთ იმას, თუ ვინ დაიწყო ომი, ვინ დაიწყო კონფლიქტი, ან ვინ უფრო ცუდად მოიქცა! ერთადერთი საზომი, რომელსაც ვიყენებთ, არის საერთაშორისო სამართალი. მაგრამ გვიწვეს ხოლმე გარკვეული ქრონოლოგიის შედგენა და ამას ვაკეთებთ სხვადასხვა წყაროს, ისევე როგორც ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. თუ გაეცნობით ჩვენი ანგარიშის იმ ნაწილს, რომელიც კონფლიქტის ზოგად ფონს ასახავს, მასში კონფლიქტის ქრონოლოგია, კონფლიქტის წინაისტორია გაცილებით უფრო ადრე იწყება. ჩვენ, პრინციპში, 1991-92 წლების კონფლიქტამდე ვბრუნდებით. ნამდვილად არ ვახდენთ იმ ფაქტის იგნორირებას, რომ კონფლიქტი თანდათან მწიფდებოდა, რომ ის, უბრალოდ, 7 აგვისტოს არ დაწყებულა”.

ანა ნაისტატს, ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის დაწყებისადმი “ჰიუმან რაიტს უოჩის” დამოკიდებულების განმარტების შემდეგ, ამჟამინდელი ვითარების შეფასება ვთხოვეთ. რა არის დღეს ყველაზე მწვავე პრობლემები, რაც აგვისტოს კონფლიქტს უკავშირდება?

[ანა ნაისტატის ხმა] “შეშფოთების გამომწვევ სამ მთავარ პუნქტს დავასახელებდი. ერთია იმის დადგენა, თუ რა მოხდა კონფლიქტის დროს, გამოძიება და დამნაშავეთა მართლმსაჯულებისთვის გადაცემა. ჩვენი რწმენით, კონფლიქტის დროს დანაშაულები ჩაიდინა ორივე მხარემ და ორივე მხარეს ეკისრება მიუკერძოებელი და საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების პასუხისმგებლობა. და როცა ვლაპარაკობთ რუსეთზე, ეს ეხება არა მარტო რუსეთის ჯარებს, არამედ სამხრეთ ოსეთის ძალებსაც, რომლებიც დანაშაულებს სჩადიოდნენ რუსეთის ჯარების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია იმ ადამიანების დაბრუნება შინ, ვინც იძულებული იყო თავისთვის გაქცევით ეშველა კონფლიქტის დროს. და ეს, უწინარეს ყოვლისა, ეხება ქართველებს, რომელთაც გაქცევა მოუწიათ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული სოფლებიდან. დაბოლოს, მესამე საკითხი, რომელსაც ასევე ვეხებით ჩვენს ანგარიშში, არის კვლავინდებური საფრთხე ზოგ სასაზღვრო რეგიონში, ახალგორის რაიონის ჩათვლით.”

აგვისტოს კონფლიქტთან დაკავშირებული, ამჟამად ყველაზე მწვავე პრობლემების ასახვისას, “ჰიუმან რაიტს უოჩის” წარმომადგენელმა ახსენა მისი ორგანიზაციის მოწოდება დაპირისპირებული მხარეების, საქართველოს და რუსეთის მიმართ, ჩაატარონ მიუკერძოებელი, საფუძვლიანი გამოძიება, მართლმსაჯულებას გადასცენ დამნაშავეებ, რომელთაც საკუთარ რიგებში მიაგნებენ... რამდენად რეალურია პერსპექტივა, რომ მოსკოვი და თბილისი ამას გააკეთებენ? ანა ნაისტატი აღიარებს, რომ ახლა ძნელია ამის თქმა:

[ანა ნაისტატის ხმა] “ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა საპარლამენტო გამოძიება. ჩვენება მოისმინეს სხვადასხვა ოფიციალური პირისაგან და იცით, საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გამოაშკარავდა! რაც შეეხება რუსეთის მხარეს, ალბათ იცით, რომ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომისია ატარებს ცალკე გამოძიებას კონფლიქტის პირველივე დღეებიდან. უნდა ითქვას, რომ მოცემულ მომენტში “ჰიუმან რაიტს უოჩს” შეკითხვა მეტი აქვს, ვიდრე პასუხი ამ გამოძიებასთან მიმართებით. როგორც იცით, ბრალდების ნაწილი იყო გენოციდი, რომელიც თითქოს საქართველომ ჩაიდინა სამხრეთ ოსეთში. ეს ბრალდება აგვისტოში გამოითქვა. მას შემდეგ რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მიმდინარეობს გენოციდის მტკიცებულებების შესწავლა. მათ შორის არის ციფრები: რამდენი ადამიანი იქნა მოკლული. ბოლო მონაცემები, რაც საგამოძიებო კომისიისაგან მოვისმინეთ 2008 წლის დეკემბერში, იყო 162 ადამიანი. და ნათელი არ არის, ეს რიცხვი მარტო სამოქალაქო პირებს მოიცავს, თუ სამოქალაქო პირებსაც და შეიარაღებულ მებრძოლებსაც. ეს მაჩვენებელი, ცხადია, მკვეთრად განსხვავდება რიცხვისაგან, რომელიც (რუსეთში) თავდაპირველად გამოაცხადეს”.

მსმენელს, ალბათ, ახსოვს: კონფლიქტის პირველივე დღეებში, მოსკოვი ალაპარაკდა ქართული მხარის მიერ 2000-მდე კაცის დახოცვაზე, “ოსების გენოციდზე”. რამდენად წააქეზა ამ განცხადებებმა - როგორც გაირკვა, ყალბი ინფორმაციის შემცველმა განცხადებებმა - ეროვნული შუღლი ოსებსა და ქართველებს შორის? ამას ხომ ოსების შეიარაღებული ფორმირებების სასტიკი მოქმედება მოჰყვა ქართულ სოფლებში, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ... აი, რას ამბობს ანა ნაისტატი ამ თემაზე:

[ანა ნაისტატის ხმა] “როცა სამხრეთ ოსეთში ვიყავით ჩასული - კონფლიქტი სულ ახალი დაწყებული იყო და ჩვენს გარშემო ქართული სოფლები იწვოდა - ვცდილობდით დალაპარაკებას ოს შეიარაღებულ პირებთან იმ სისტასტიკეზე, რომელსაც ისინი, ჩვენი აზრით, ამ სოფლებში სჩადიოდნენ. ისინი გვპასუხობდნენ: იცით, რამდენი ბავშვი და მოხუცი დახოცეს ქართველებმა ცხინვალშიო? ჩვენ, რასაკვირველია, ვეუბნებოდთ, რომ არ ვიცით და სწორედ ამის დადგენას ვცდილობთ. ისინი კი ამბობდენ: ა, არ იცით? 2000 ადამიანია მოკლულიო! ანუ, ისინი იშველიებდნენ ინფორმაციას, რომელიც რუსეთის ტელევიზიიდან ჰქონდათ მიღებული”.

ამდენად, განაგრძობს ანა ნაისტატი, “ჰიუმან რაიტს უოჩის” შეფასებით, რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ კონფლიქტის დასაწყისში გავრცელებულმა ინფორმაციამ გენოციდის, 2000 მოკლულის შესახებ, გარკვეულწილ წააქეზა ქართველებისადმი ბრაზი ოსებში და შედეგად მოიტანა ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევა სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში.

ჩვენი შეკითხვა იყო: რახან ლაპარაკია ეროვნული შუღლის შესაძლო გაღვივებაზე - ამას, ასეა თუ ისე, ადამიანების მსხვერპლი და მშობლიური მიწა-წყლიდან ხალხის აყრა მოჰყვა - შეიძლება თუ არა ასეთი ბრალდების საფუძველზე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე რუსული მხარის წინააღმდეგ?

[ანა ნაისტატის ხმა] “იცით, ტყუილის თქმა დანაშაული არ არის”.
[რადიო თავისუფლება] “მაგრამ თუ ის ეთნიკურ შუღლს აღვივებს?”
[ანა ნაისტატის ხმა] “კი. მაგრამ იცით, ძალიან ძნელი იქნებოდა პირდაპირი კავშირის დასაბუთება ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და მის შემდგომ დანაშაულებს შორის. რადგან, ბოლოსდაბოლოს, საქმე ეხება შეიარაღებულ კონფლიქტს და იყო ბევრი ფაქტორი! მონაცემები, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება ავცრელებდა ნამდვილად არ იყო ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ სომხრეთ ოსების შეიარაღებულმა ჯგუფებმა ქართული სოფლები გადაწვეს. იყო დიდი დაძაბულობა, იყო წლების მანძილზე ჩაკეტილი გზა, რითაც სამხრეთელი ოსები უკიდურესად უკმაყოფილო იყვნენ! მათ არ მოსწონდათ, რომ ეს სოფლების ადმინისტრაცია პირდაპირ თბილისს ექვემდებარებოდა, ირწმუნებოდნენ, რომ იქ მცხოვრები ქართველები უშუალო საფრთხეს ქმნიან სამხრეთ ოსეთისთვის და ა.შ. ცხადია, ყველა ეს ბრალდება ცალ-ცალკე უნდა იქნეს განხილული. მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ მარტო რუსეთის ტელევიზიით გამოცხადებულ ციფრებს არ გამოუწვევია ქართული სოფლების დარბევა! ვერ წარმომიდგენია, ვინმემ ოდესმე შეძლოს ამის დამტკიცება...”

ამისაგან დამოუკიდებლად, “ჰიუმან რაიტს უოჩისთვის” სავსებით ნათელია, რომ, როგორც რუსეთის მხარემ, ისე საქართველოს მხარემ და სამხრეთ ოსეთის მხარემაც ბევრი დანაშაული ჩაიდინეს გასული წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს: ბევრია გამოსაძიებელი და გასასამართლებელი.

თვით “ჰიუმან რაიტს უოჩიც” აპირებს მუშაობის გაგრძელებას აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხებზე. შესაძლოა, მან ამჯერად ყურადღება გაამახვილოს ტყვეების საკითხზე, რომლის შესახებაც აქტუალური ინფორმაცია არ გააჩნია. მას მოუწია შემოფარგლულიყო კონფლიქტის დროს და უშუალოდ მის შემდეგ მომხდარის მოვლენების შესწავლით.

შემოფარგვლა მოგვიწია ჩვენც - “ჰუიმან რაიტს უოჩის” წარმომადგენელ ანა ნაისტატთან საუბრისას, რომლის შინაარსის გადმოცემასაც აქ დავასრულებთ. დავამატებ მხოლოდ იმას, რომ გასული წლის ოქტომბერში ჩვენს გადაცემაში ვრცელი ინფორმაცია მოგაწოდეთ ანა ნაისტატზე - შემოგთავაზეთ ამ უფლებადამცველის პორტრეტი. http://www.tavisupleba.org/special/humanrights/2008/10/20081013164816.asp

[მუსიკა]

ენგურჰესის ერთობლივი მართვა – რუსეთის წინაშე გადახდილი ხარკი თუ რეალობაზე დამყარებული პოლიტიკა?

წამყვანი:
საქართველოს მთავრობისა და რუსეთის კომპანია ”ინტერ რაო ეესის” მიერ ენგურჰესთან დაკავშირებით გაფორმებულმა მემორანდუმმა აჟიოტაჟი გამოიწვია, როგორც საქართველოს პოლიტიკურ წრეებში, ასევე სეპარატისტული აფხაზეთის მთავრობაში. ოფიციალური სოხუმის განცხადებით ენგურჰესი მისი საკუთრებაა, რაშიც სოხუმის ლიდერებს ”ინტერ რაო ეესის” წარმომადგენელიც დაეთანხმა. ხოლო საქართველოს მთავრობა კი ირწმუნება, რომ რუსეთის კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმით თავიდან აიცილა ენგურჰესის დაკარგვის საფრთხე. ამ ნაბიჯს საქართველოში ზოგიერთი პოლიტიკოსი ღალატს უწოდებს, ზოგიც რუსეთისთვის გადახდილ ხარკს. მართლაც, რა მიზანი ამოძრავებდა საქართველოს მთავრობას, როდესაც ენგურჰესის ერთობლივ მართვას დათანხმდა კახა მჭედლიძის სიუჟეტიდან შეიტყობთ.

[კახა მჭედლიძე: იხ. აუდიოვერსია]

[მუსიკა]

დაწესდა ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდია

წამყვანი:
ორიოდე დღის წინ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლიტერატურისა და თარგმანის პროგრამის მაგისტრანტებს მწერალ ოთარ ჩხეიძის ქალიშვილისა და ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ მიერ დაწესებული ერთობლივი - ოთარ ჩხეიძის სახელობის - სტიპენდია გადაეცათ, თუმცა 21 იანვარს უნივერსიტეტმა მხოლოდ სტიპენდიის გაცემის საზეიმო ცერემონიალს როდი უმასპინძლა. „აგვისტოს შვილები. მამაჩემი ოთარ ჩხეიძე“ - ასე ჰქვია როსტომ ჩხეიძის წიგნს, რომელიც ცნობილი მწერლის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე გამოიცა და რომლის შესახებაც ფართო საზოგადოებამ ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის გაცემის დროს შეიტყო. უნივერსიტეტში გამართული ღონისძიების შესახებ ჯიმშერ რეხვიაშვილი მოგითხრობთ.

[ისმის ხმაური]

ჯიმშერ რეხვიაშვილი:
21 იანვარს, ორ საათზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სხდომათა დარბაზი ცნობილმა და ახალგაზრდა მწერლებმა, უნივერსიტეტის პედაგოგებმა და სტუდენტებმა შეავსეს. უნივერსიტეტის რექტორმა გია ხუბუამ, ვიდრე სტიპენდიანტების გვარებს დაასახელებდა, განაცხადა, რომ უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია მეოცე საუკუნის ქართული მწერლობის კლასიკოსის, ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის დაწესება:

[გია ხუბუას ხმა] „ჰუმანიტარული ფაკულტეტის ლიტერატურის მიმართულების სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს მიენიჭებათ ეს სტიპენდია. კომისიამ უკვე გამოავლინა სამი სტუდენტი, რომლებიც მიიღებენ ამ სტიპენდიას. 2400 ლარის ოდენობითაა ეს სტიპენდია და კომისიამ გადაწყვიტა ეს თანხა გაენაწილებინა სამი სტუდენტისათვის, რადგანაც სამივე მათგანი იყო ღირსი მიეღო ოთარ ჩხეიძის სტიპენდია.“

2009 წელს ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდია ოქტაი ქაზუმოვმა, გიორგი კეკელიძემ და ანი კოპალიანმა გაინაწილეს. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი ანი კოპალიანი ამბობს, რომ ძირითადად ინგლისური და რუსული ენებიდან თარგმნის:

[ანი კოპალიანის ხმა] „ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, რადგანაც ოთარ ჩხეიძის შემოქმედებას ვიცნობ ბავშვობიდანვე და ვფიქრობ, ის გარემოება, რომ მისი სახელობის სტიპენდია უნდა მივიღო, პასუხისმგებლობასაც მანიჭებს.“(სტილი დაცულია)

ანი კოპალიანი და კიდევ ორი სტიპენდიანტი სპეციალურმა კომისიამ თორმეტ კანდიდატს შორის შეარჩია. კომისიის წევრის, მწერალ მაკა ჯოხაძის თქმით, მისი შიში, რომ სტიპენდიის მაძიებელნი ვერ აღმოჩნდებოდნენ მოწოდების სიმაღლეზე, საბედნიეროდ, არ გამართლდა:

[მაკა ჯოხაძის ხმა] „როცა კომისიის წევრები ვათვალიერებდით ნამუშევრებს, ვეცნობოდით, პირისპირ ვსაუბრობდით სტუდენტებთან, მართალი გითხრათ, მეშინოდა, ღმერთო, აქ თუ დაგვხვდა ისეთი, ზედაპირული ნაშრომები-მეთქი, ამის მეშინოდა, მაგრამ დაგვხვდნენ არაჩვეულებრივი სტუდენტები. მადლობა მათ ამისათვის და ვულოცავ.“

[ისმის ტაში]

ტაში მოგვიანებით სტიპენდიანტებმა და სხვა გამომსვლელებმაც დაიმსახურეს, თუმცა
დარბაზში მყოფი ადამიანი იოლად შენიშნავდა, რომ უნივერსიტეტში შეკრებილი საზოგადოება ტაშს უკრავდა არა იმდენად ორატორს, რამდენადაც მისი სიტვის მთავარ პერსონაჟს, ოთარ ჩხეიძეს, რომელიც აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობას მთელი სამოცდახუთი წლის განმავლობაში ეწეოდა და, რომელმაც, თუ პროფესორ გიორგი გაჩეჩილაძის სიტყვებს მოვიშველიებთ, წარუშლელი კვალი დაამჩნია მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურას:

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] „მთელი მისი შემოქმედება თავს დასტრიალებს ორ ტექსტს, ორ საგანს. ერთი არის სამშობლო, მეორე კი - ქართული ენა. ვისაც ახსოვს იოანე ზოსიმეს სიტყვები ”დამარხულ არს ყოველი საიდუმლო ამასა ენასა შინა”, აი, ეს პრინციპი უდევს საფუძვლად მის შემოქმედებას, რომ რასაც ატარებს ქართველი ხალხი, მეტ-ნაკლებად გამხელილია ქართულ ენაში და ეს აქცევს ქართულ ენას ზედროულ პერსონაჟად ოთარ ჩხეიძის შემოქმედებაში.“(სტილი დაცულია)

თუმცა გიორგი გაჩეჩილაძემ იქვე შენიშნა, რომ ოთარ ჩხეიძის ეს ენა, მწერლის შემოქმედების მთავარი პერსონაჟი, მოუმზადებელი მკითხველისთვის არ არის იოლად აღსაქმელი. გარდა იმისა, რომ ოთარ ჩხეიძე ერთგულებდა ქართლურ დიალექტს, იგი, ხშირ შემთხვევაში, ასევე უგულებელყოფდა ოფიციალური სალიტერატურო ენის წესებს, იყენებდა არქაულ ლექსიკას და ქმნიდა საკუთარ სტილს.

[ციტატა ოთარ ჩხეიძის ნაწარმოებიდან]: „თითქოს გუშინ იყოო, რამდენჯერ თქმულა და რამდენჯერ გაგვიგონია, საუკუნეებიც თითქოს გუშინ იყო, თითქოს გუშინ იყო ის წინარე ათასწლეულებიცა, ისე გაწეწილი, ისე ტანჯული, რომ აიხვა, ამოიხვა და მოთავსდა გუშინაში, ერთ დღეში მოთავსდა, რომ ვინ უწყის, რომ ვისთვის მართლაც რომ ერთი დღეა.“

ამგვარი „მძიმე სტილისა“ და ქართლური დიალექტის მიუხედავად, ოთარ ჩხეიძის შემოქმედებას დამფასებლები არ აკლია როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ ლიტერატორებს შორის. პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანსა და სტუდენტ ანი კოპალიანს მოუსმინეთ.

[ჯანსუღ ჩარკვიანის ხმა] „იმდენად საინტერესო იყო, რომ დღეს ორი ცნობილი მწერალი მაგის გაკვალულ გზას ადგას და ძალიან ბაძავს. და როცა კაცს ბაძავენ, ეს უთუოდ სიძლიერის მანიშნებელია, სხვა არგუმენტებს რომ თავი დავანებოთ.“

[ანი კოპალიანის ხმა] „საინტერესო არის ის, რომ ამ ხალხურ კილოზე, დიალექტზე იწყებ კითხვას და ვერაფრით წარმოგიდგენია, რომ ამ ნაწარმოებში, რომელიც ასეთი ენითაა დაწერილი, შეიძლება იყოს ჩადებული ყველაფერი და სათანადოდ ასახავდეს ავტორის მასშტაბურ თვალსაწიერს.“(სტილი დაცულია)

თვალსაწიერის სიფართოვეზე მიუთითებს ისიც, რომ, რომანების, მოთხრობებისა და ესეების წერის გარდა, ოთარ ჩხეიძე პედაგოგიური მოღვაწეობითაც იყო დაკავებული, თუმცა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მწერალი ზაალ სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ოთარ ჩხეიძეს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ღირსებაც ჰქონდა:

[ზაალ სამადაშვილის ხმა] „მოქალაქე გახლდათ და ჩვენი ქვეყნის ყველაზე შავბნელ პერიოდებშიც კი ბატონი ოთარი ახერხებდა იმას, რასაც ვერ ახერხებდა ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილიც კი. ის იყო პირდაპირი, მიუკიბავ-მოუკიბავი და ის იყო ნონკონფორმიზმის განსახიერება.“

ზაალ სამადაშვილის თქმით, ოთარ ჩხეიძის ბიოგრაფია მართლაც მდიდარია უკომპრომისობით, შემოქმედისა და ხელისუფლების დაპირისპირების ამსახველი ეპიზოდებით. უფრო დეტალურად ყოველივე ამის შესახებ ნათქვამია ბიოგრაფიულ რომანში „აგვისტოს შვილები. მამაჩემი ოთარ ჩხეიძე“, რომელიც ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებამ გამოსცა და რომლის პრეზენტაცია სტიპენდიების გაცემის შემდეგ გაიმართა. წიგნის ავტორი როსტომ ჩხეიძე ამბობს, რომ ოთარ ჩხეიძემ საბჭოთა უშიშროების სამსასახურის ყურადღება ჯერ კიდევ 1955 წელს მიიქცია, როცა ჟურნალ მნათობში რომანი „ბურუსი“ გამოაქვეყნა:

[როსტომ ჩხეიძის ხმა] „აქ არის აღწერილი როგორ გადარჩა ოთარ ჩხეიძე დაპატიმრებას, რაც იყო გარდაუვალი და, ბედად, რაღაც გარემოებათა გამო გადარჩა და ამის მერე დაწერა რომანი „ცდომილნი“, რომლის გამოქვეყენებასაც აპირებდა სიმონ ჩიქოვანი, მაგრამ ხელნაწერი მოხვდა უშიშროების კომიტეტში და თვითონ ინაურმა ცეკას კომიტეტის სხდომაზე ააფრიალა ეს ფურცლები, ასეთი წიგნის დაბეჭდვას აპირებს, ჟივაგო მაგასთან შედარებით რააო.“

როსტომ ჩხეიძის თქმით, ბიოგაფიული რომანი „აგვისტოს შვილები“ არ ეძღვნება მხოლოდ ერთი ადამიანის ცხოვრებას. ეს არის ამბავი პიროვნებისა, რომლის ბედი გადაჯაჭვულია საკუთარი დროის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ლიტერატურულ მოვლენებთან, რის გამოც რომანშიც უამრავი პერსონაჟი მოქმედებს. სათაური „აგვისტოს შვილები“ კი, ავტორის განმარტებით, შემდეგი გარემოების გამო შეირჩა:

[როსტომ ჩხეიძის ხმა] „რატომ ”აგვისტოს შვილები”? ეს არის 1924 წლის აგვისტო, რომელმაც გადაიარა საქართველოსა და ჩვენს ოჯახზე. პაპა, ანუ ოთარ ჩხეიძის მამა, იყო აგვისტოს აჯანყების მონაწილე და ამის გამო დახვრიტეს. ასევე დახვრიტეს ძმასთან და ბიძასთან ერთად. თავისებურად აგვისტო გაგვიმეორდა აგერ ჩვენ თვალწინ და თავისებურად კომპოზიციური ჩარჩოც შეიკრა.“ (სტილი დაცულია)

თავად ოთარ ჩხეიძე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ვერ მოესწრო. მწერალი რამდენიმე თვით ადრე, 2007 წლის დეკემბერში, ოთხმოცდაშვიდი წლის ასაკში, გარდაიცვალა, თუმცა ოცდაოთხი რომანის, პიესების, წერილებისა და ნოველების კრებულების სახით დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც, მისივე სახელობის სტიპენდიასთან ერთად, გააგრძელებს მწერლის უმთავრეს საქმეს - ლიტერატორების აღზრდასა და ქართული მწერლობის სამსახურს.

ჯიმშერ რეხვიაშვილი, რადიო “თავისუფლება, თბილისი

[მუსიკა]

წამყვანი:
აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოს კინოთეატრებში ფილმებს რუსულ ენაზე აღარ უჩვენებენ. კინოთეტრების მფლობელები მაყურებელს საშუალებას აძლევენ თავად აირჩიოს სეანსი - ნახოს ფილმი ორიგანალურ ენაზე, ან ქართულად დუბლირებული. დასწრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ მაყურებელმა სიახლე მოიწონა. თუმცა კინოგაქირავებას კვლავაც აქვს პრობლემები, რომელთა შესახებ გიორგი გვახარია გიამბობთ.

[გიორგი გვახარია: იხ. აუდიოვერსია]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG