Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქი


სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქად იქნა არჩეული.

ის შეცვლის ალექსი მეორეს, რომელიც დეკემბერში გარდაიცვალა 79 წლის ასაკში. კირილმა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში გამართულ ადგილობრივ კრებაზე, ფარული კენჭისყრისას ყველაზე მეტი ხმა მიიღო. კვირას გაიმართება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად მისი ინიტრონიზაცია.

ეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის პირველი არჩენები იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მასზე ფავორიტმა გაიმარჯვა.

სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტმა კირილმა, რომელიც ეკლესიის საგარეო ურთიერთობებს ხელმძღვანელობს, ხმების დიდი უმრავლესობით მოიგო კენჭისყრაში. 62 წლის კირილი, რომელიც სანკტ პეტერბურგიდან არის, ალექსი მეორის ყველაზე რეალურ მემკვიდრედ მიიჩნეოდა.

სამშაბათს საღამოს ხმების დათვლის შემდეგ კენჭისყრის საბოლოო შედეგები მიტროპოლიტმა ისიდორმა გამოაცხადა:

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მე-16 პატრიარქად კირილის ინტრონიზაცია კვირას გაიმართება.

კენჭისყრის შემდეგ მან შეკრებილთ მიმართა:

[კირილის ხმა] "თქვენი ხელებიდან ვიღებ ღვთის ნების ამ გამოვლინებას, გთხოვთ შეიწყნაროთ ჩემი სისუსტეები. გვხოვთ, დამეხმაროთ თქვენი ბრძნული რჩევებით. გთხოვთ ჩემს გვერდით იყოთ ჩემს მიერ პატრიარქის მოვალეობების შესრულებისას. მაგრამ ყველაზე მეტად გთხოვთ ილოცოთ."

მოსალოდნელია, რომ კირილი კიდევ უფრო გაამყარებს ურთიერთობებს კრემლთან, რასაც მისი წინამორბედიც აკეთებდა. ცნობილია, რომ ალექსი მეორეს მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა პირადად ვლადიმირ პუტინთან.

ამავე დროს მიიჩნევენ, რომ კირილი უფრო მეტად შეეცდება კრემლისგან დამოუკიდებლობას, ვიდრე მისი მთავარი მეტოქე მიტროპოლიტი კლიმენტი იზამდა ამას. მაგრამ როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სპეციალისტი, იტალიელი კათოლიკე მღვდელი რომანო სკალფი ფიქრობს, კირილისგან არ არის მოსალოდნელი, რომ კრემლზე დამოკიდებულების საკითხში რამე სერიოზული ცვლილება მოახდინოს.

კირილი მიიჩნევა მოდერნიზატორად, რომლისგანაც მოელიან, რომ ის რომის კათოლიკურ ეკლესიასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას შეეცდება. 2007 წლის დეკემბერში ის ვატიკანში შეხვდა რომის პაპ ბენედიქტე მე-16-ს. შეგახსენებთ, რომ კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის განხეთქილება 1054 წელს მოხდა დიდი სქიზმის დროს.

მაგრამ პატრიარქის არჩევნების წინ მიცემულ ინტერვიუში კირილმა თქვა, რომ ჯერ კიდევ გარკვეული გზა არის გასავლელი, სანამ ახალი პატრიარქისა და რომის პაპის შეხვედრა გახდებოდეს შესაძლებელი. მან ახსენა, მისი თქმით, ორ ეკლესიას შორის ურთიერთობაში არსებული "პრობლემური საკითხები". მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესიის ბრალდება, რომ ვატიკანი პროზელიტიზმს ეწევა რუსეთში, სადაც კათოლიციზმს არ მოეპოვება ოფიციალური სტატუსი.

25 იანვარს ეპისკოპოსთა საბჭომ სამი საბოლოო კანდიდატი შეარჩია ადგილობრივ კრებაზე კენჭისყრისთვის. ადგილობრივი კრების შემადგენლობაში სხვებთან ერთად შედიოდნენ ბერები და პოლიტიკურად გავლენიანი ადამიანები, მაგალითად, თამბაქოს ბიზნესის მაგნატი, ანდა მოლდავეთის პრომოსკოვურად განწყობილი დნესტრისპირეთის ლიდერის შვილი. როგორც იტყობინებიან, კრებაზე კულისებს მიღმა საკმაოდ ბინძური თამაში მიმდინარეობდა.

მართლმადიდებლობის საკითხებზე გამომავალი ვებგვერდის, credo.ru-ს რედაქტორმა, ალექსანდრ სოლდატოვმა ჩვენს რადიოსთან საუბარში არჩევნების გარშემო შექმნილ ატმოსფეროზე თქვა:

[სოლდატოვის ხმა] "ამჯერად ის უპრეცედენტო იყო მოსკოვის საპატრიარქოსთვის. დაძაბული, ბინძური, აგრესიული იყო. ეს განსაკუთრებით ეხება იმ მეთოდებს, რომლებსაც თავის წინასაარჩევნო ბრძოლაში იყენებდა მიტროპოლიტი კირილი. სხვადასხვა ბლოგზე, ფორუმებზე კირილის მომხრეები აქვეყნებდნენ კომპრომატებს აქვეყნებდნენ, მისი ოპონენტების, სხვა შესაძლო კანდიდატურების წინააღმდეგ."

შეძლებს თუ არა კირილი ეკლესიის ქცევას სულიერი და მორალური განახლების წყაროდ? თუ მოსკოვის ეკლესია კლავაც კრემლის პოლიტიკური ამბიციების მსახურად მის იდეოლოგიურ იარაღად დარჩება?

კირილის უდიდესი გამოწვევა შეიძლება სწორედ ამ საკითხის გარკვევა იყოს.


XS
SM
MD
LG