Accessibility links

ევროსაბჭო საქართველო-რუსეთის ომის შედეგების განხილვას ”კონსტრუქციულად”უბრუნდება


რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები და მისი ჰუმანიტარული ასპექტები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია.

უკვე მზად არის მორიგი რეზოლუციის პროექტი, რომელშიც რუსეთს კიდევ ერთხელ და საკმაოდ რბილად მოუწოდებენ შეასრულოს სარკოზი-მედვედევის გეგმა და უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ცალმხრივ აღიარებაზე. თუმცა საქართველოს დელეგაცია სტრასბურგში იმედს არ კარგავს, რომ თუ რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას ვერა, იმას მაინც მიაღწევს, რომ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო შემდგომში მაინც დაისვას რუსეთის დასჯის საკითხი.


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. თუმცა ევროპელ პარლამენტარებს ცოტა რამ აქვთ საზეიმო. Gგლობალური ეკონომიკური კრიზისი, ომი რაზას სექტორში, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები - ასეთია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგის მთავარი საკითხები. ზამთრის სესიის სხდომაზე ასევე დაისვა ხმის უფლების ჩამორთმევის საკითხი, მაგრამ არა რუსეთის მიმართ, რომელმაც გასულ აგვისტოში ხელყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, არამედ სომხეთისათვის, რომელიც საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპებს არღვევს. შეკითხვაზე, თუ რატომ არ დგას დღის წესრიგში რუსეთის კადენცია, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლუის მარია დე პუჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ”ასამბლეაზე არ წარმოდგენილა არანაირი დოკუმენტი რუსეთის დელეგაციისათვის ხმის უფლების ჩამორთმევაზეო.”
თუმცა საქართველოს დელეგაცია ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებს. საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ქრისტიან- დემოკრატმა გიორგი თარგამაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ქართველი დეპუტატები საპარლამენტო კომიტეტებში შეეცდებიან შეიტანონ არსებითი ცვლილებები რეზოლუციის პროექტში.

[გიორგი თარგამაძე]

რეზოლუციის პროექტის ტექსტში, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, მართლაც, არაფერია ნათქვამი რუსეთის ვალდებულებაზე, შეასრულოს 2 ოქტომბრის რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა რუსეთს შეეჩერებინა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ცალმხრივი აღიარება. Dდოკუმენტის პროექტში აღიარებასთან დაკავშირებით, უბრალოდ, ნათქვამია, რომ ევროსაბჭო არ ეთანხმება რუსეთის გადაწყვეტილებას. Eეს არის და ეს.
ევროსაბჭოს რეზოლუციაში ასეთი რბილი ფორმულირების გამოჩენას რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევი ევროპული ქვეყნების კონსტრუქტივიზმით ხსნის.

[კონსტანტინ კოსაჩევი]

რუსეთის დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა კი, სერგეი მარკოვმა, რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში არ დამალა, რომ წინა სესიის შემდგომ პერიოდში რუსმა დეპუტატებმა ევროსაბჭოს კედლებშიც წარმატებით იმუშავეს და ევროპულ მედიაშიც.

[სერგეი მარკოვი]

თუმცა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ევროსაბჭოში ამბობენ, რომ რუსეთის დელეგაციის ზეიმი ნაადრევია. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ საქართველოს დელეგაციას მომზადებული აქვს ოცამდე ჩასწორება და იმედი აქვს, რომ საპარლამენტო ასამბლეის ძირითად კომიტეტებში მხარდაჭერას მოიპოვებს.

[აკაკი მინაშვილი]

Aაი, ასეთი ურთიერთგამომრიცხავი შეფასებებისა და მოლოდინის ფონზე დაიწყო მუშაობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიამ. 27 იანვარს საკომიტეტო სხდომებზე საქართველოს დელეგაცია შეეცდება მიაღწიოს მისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას რეზოლუციის ტექსტში, რომელსაც ევროსაბჭოს პარლამენტი 28 იანვარს დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG