Accessibility links

logo-print

პატარკაციშვილის ოჯახი „მთაწმინდის პარკის“ დაბრუნებას ითხოვს


ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი თბილისის მერიას „მთაწმინდის პარკის“ გასხვისებისა და 2005 წლის 2 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტის გამო უჩივის.

კომპანია „ლინქსს“, რომლის დამფუძნებელიც იყო პატარკაციშვილი, „მთაწმინდის პარკის“ მართვის უფლება თბილისის საკრებულომ 2007 წლის 7 ნოემბერს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ჩამოართვა. მიზეზად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა დაასახელა, თუმცა პატარკაციშვილის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ პარკის ჩამორთმევით თბილისის მთავრობამ ანგარიში გაუსწორა პოლიტიკურ ოპონენტს.
თბილისის ერთ-ერთი უძველესი პარკი, მთაწმინდისა, რომელიც წლების განმავლობაში გართობისა და დასვენების საუკეთესო ადგილად ითვლებოდა, ამჟამად არ ფუნქციონირებს. არადა, განახლებული პარკი, რომლის რეაბილიტაციაზე „მთაწმინდის პარკის“ ყოფილმა მმართველმა, კომპანია „ლინქსმა“, 25 მილიონი დოლარი დახარჯა, ჯერ კიდევ 2007 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა ხელისუფლებასთან ბადრი პატარკაციშვილის დაპირისპირების გამო მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისის მთავრობის გადაწყვეტილება და მისი მოტივები საზოგადოებას ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა და საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ ზაზა ბეგაშვილმა ამცნეს.

[ზაზა ბეგაშვილის ხმა] „ქართულ პოლიტიკაში, ქართულ ეკონომიკაში მოსვლა პატარა კაცებს „ლოგოვაზის“ დამპალი ჟიგულების გაყიდვა არ ეგონოთ შემთხვევით...“(სტილი დცულია)

[მამუკა ახვლედიანის ხმა] „თბილისის მთავრობას აქვს სრული უფლება, რომ ხელშეკრულება შეწყვიტოს შპს „ლინქსთან“ და თბილისის მთავრობამაც მიიღო გადაწყვეტილება და ის მოყვანილი იქნება სისრულეში.“(სტილი დაცულია)

გადაწყვეტილება სისრულეში მართლაც მოიყვანეს, თუმცა მანამდე ითქვა, რომ „ლინქსმა“, გარდა იმისა, რომ დაარღვია ხელშეკრულებაში ჩადებული არაერთი პირობა, ასევე არ გადაიხადა იჯარის გადასახადი. ბრალდებას არასერიოზულს და თითიდან გამოწოვილს უწოდებს „ლინქსის“ გენერალური დირექტორი გიორგი ჯაოშვილი:

[გიორგი ჯაოშვილის ხმა] „ვიტყვი მხოლოდ ერთს: მერიის ლოგიკით, ფირმამ, რომელმაც, 5 მილიონი დოლარის ნაცვლად, 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, თავი აარიდა იჯარის გადასახადს, რომელიც ექვს თვეში 200 ათას ლარს შეადგენს. ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია.“

„ლინქსმა“ მერის ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოგვიანებით, როგორც პატარკაციშვილის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლებამ შეძლო კომპანიის დირექტორის შეცვლა და ამ გზით ყველა სარჩელის უკან გამოთხოვა. სულ ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ „მთაწმინდის პარკი“ 49 წლიანი იჯარით ერთ-ერთ არაბულ კომპანიას, „რაკიინ დეველოპმენტს“ (Rakeen Development) გადასცა. ამასთან დაკავშირებით პატარკაციშვილის ოჯახმა გაავრცელა საპროტესტო განცხადება, რომლის კომენტირება რადიო ”თავისუფლებამ“ პატარკაციშვილის ქვრივის პრესსპიკერს ნონა ყანდიაშვილს სთხოვა.

[ნონა ყანდიაშვილის ხმა] „მთაწმინდის პარკის დასაბრუნებლად პატარკაციშვილის ოჯახმა საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულო იქნება როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ასევე ამ გარიგების სხვა დანარჩენი მონაწილეებისთვისაც.“

ორიოდე თვის წინ „მთაწმინდის პარკთან“ დაკავშირებით პრესკონფერენცია თავად პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემაც გამართა.

[ინა გუდავაძის ხმა] „არასწორი იყო პარკის ჩამორთმევა, არასწორია პარკის ამდენი ხნით გამოკეტვა და მე ისიც კარგად მესმის, რომ ”იმედისა” და მთაწმინდის დაბრუნება არ იქნება იოლი საქმე. მაგრამ მე და ჩემი ოჯახი აუცილებლად მივაღწევთ ამ მიზანს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ძნელი იქნება ამის გაკეთება. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას ხელისუფლების მიერ ”მთაწმინდის პარკის” უკანონო კონფისკაციის გამო. ფაქტები ჩვენ მხარეზეა და დარწმუნებული ვართ, რომ სამართლიანობა იზეიმებს.“(სტილი დაცულია)

სასამართლოების გარდა, გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახის წევრებმა დახმარებისათვის სახალხო დამცველსაც მიმართეს. სოზარ სუბარი ამბობს, რომ „მთაწმინდის პარკის“ ჩამორთმევის საკითხი ომბუდსმენის 2007 წლის მეორე ნახევრის მოხსენებაში შევიდა როგორც საკუთრების ხელყოფის ერთ-ერთი ფაქტი.

[სოზარ სუბარის ხმა] „პარალელურად ჩვენ გაგზავნილი გვაქვს რეკომენდაციები როგორც თბილისის მერიაში, ისე პროკურატურაში, რომ ეს იყო სრულიად უკანონო ქმედება. დარღვეულია საკუთრების უფლება და ჩადენილია დანაშაული როგორც მერიის მხრიდან, ისე პოლიციის მხრიდან, რომელიც იცავდა და დღემდე იცავს სხვის საკუთრებას.“(სტილი დაცულია)

სახალხო დამცველი დარწმუნებულია, რომ თბილისის მერიამ „მთაწმინდის პარკი“ არაბულ კომპანიასაც კანონის დარღვევით გადასცა. უნდა ითქვას, რომ „მთაწმინდის პარკთან“ და პატარკაციშვილის სხვა ქონებასთან დაკავშირებით არსებული დავების შესახებ ინფორმირებულია საქართველოს პრეზიდენტიც. ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილს ერთი კვირის წინ გამართულ შეხვედრაზე ელაპარაკა.

[გია ხუხაშვილის ხმა] „საკითხის არსს არ შევხებივარ. ბადრი პატარკაციშვილი დღეს აღარ არის ცოცხალი და უნდა გაივლოს ზღვარი, ანუ ურთიერთობები პოლიტიკურიდან ადამიანურში უნდა გადავიდეს და ოჯახის ინტერესები უნდა იყოს დაცული. დამთავრდა ის ეტაპი, როცა ადგილი ჰქონდა გარკვეულ პოლიტიკურ დაპირისპირებას. ვერ გეტყვით, რომ რაღაც ურთიერთგაგებას მივაღწიეთ, თუმცა პრეზიდენტმა მოისმინა ეს ჩემი ნათქვამი და კარგი იქნება, თუ ეს აბსურდი შეწყდება და სამართლიანობა აღდგება.“

თუმცა სამართლიანობა, რომლის აღდგენაზეც გია ხუხაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს ელაპარაკა, სხვადასხვაგვარად ესმით დაპირისპირებულ მხარეებს. შესაბამისად, პატარკაციშვილის ოჯახი საკუთრების დაბრუნების მიზნით განაგრძობს სამართლებრივი გზით ბრძოლას და მთელ იმედს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოზე ამყარებს.


XS
SM
MD
LG