Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა


”ვერსიის” პირველ გვერდზე, წარწერით ”სკანდალი”, ნახავთ სათაურს - ”რატომ დაუკავშირდა ბიძინა ივანიშვილის სახელი ”გლობალ ერთის” სკანდალს”.

ავტორი წერს, რომ გუშინდელი დაკავების ფაქტის გახმაურებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ”გლობალ-1” ბიძინა ივანიშვილის ბიზნესია. თუმცა, მცდელობის მიუხედავად, გაზეთი ვერ ადასტურებს ამ ვერსიას და მკითხველს მეორე ვერსიასაც სთავაზობს: ”თუკი მეორე ვერსიას გავიაზრებთ, ყველაფერი დალაგდება - ამ სპეცოპერაციას გიგი უგულავას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ მან საკუთარი ზეგავლენა გამოიყენა და კიდევ ერთი ბიზნესის ხელში ჩაგდება სცადა.” ამავე გაზეთში ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუ პარტია ”თავისუფლების” ლიდერ კონსტანტინე გამსახურდიასთან. ”ქართული ოპოზიცია, განსხვავებული იდეოლოგიის გამო, ერთიანი ვერასოდეს იქნება. თუ ვინმე მის გაერთიანებას ახერხებს, ეს სააკაშვილია”, - აცხადებს გამსახურდია და დასძენს: ”თუკი ქვეყანაში მასობრივი აქციები დაიწყება, ეს ნიშნავს, რომ ხალხის ნება ასეთია. ამ დროს კი როგორ შეიძლება ხალხის ნებას მხარი არ დაუჭირო?” დღევანდელი ”ვერსიიდან” ასევე შეიტყობთ, თუ რატომ გადაწყვიტა სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ სოფო ხორგუანმა პოლიტიკაში წასვლა და რის გაკეთებას აპირებს გიორგი ჩხეიძე სახალხო დამცველის მოადგილის პოსტზე. ხორგუანი ფიქრობს, რომ პოლიტიკაში ჩართვით მეტის გაკეთებას შეძლებს, გიორგი ჩხეიძის თქმით კი, სახალხო დამცველის ოფისისთვის კვლავაც მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება.

”24 საათის” კორესპონდენტი ახალ მემარჯვენეთა ერთ-ერთ ლიდერს, მანანა ნაჭყებიას ესაუბრა. ”ჩვენ შევეცდებით, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ხალხი ქუჩაში არ გამოვიყვანოთ, მაგრამ, თუ აუცილებელი გახდა, პოლიტიკური ბრძოლის ამ მეთოდზე უარს ვერ ვიტყვით”, - აცხადებს ნაჭყებია.

”ალასანია ოპოზიციურ ნიშას იკავებს” – ”რეზონანსი” მკითხველს გაეროში საქართველოს ყოფილ ელჩზე ექსპერტთა მოსაზრებებს აცნობს. რამაზ საყვარელიძე ამბობს: ”ერთი რამე ცხადია, რაც უკვე გამოჩნდა პრეზიდენტის ინტერვიუს დროს: თუკი ის ხუმრობის ტონით საუბრობდა ოპოზიციის დანარჩენ ნაწილზე, ბურჯანაძე-ალასანიას გუნდის მიმართ აქვს ერთგვარი შიშის თუ სიფრთხილის გრძნობა. ეს იმას ნიშნავს, რომ, ჩემი აზრით, ოპოზიციის ამ ნაწილს სააკაშვილი სერიოზულად უდგება და ამისი საფუძველიც აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი დანარჩენი ოპოზიციური დაჯგუფებებისგან არსებითად განსხვავდება თუნდაც იმით, რომ მჭიდრო კონტაქტები აქვს დასავლეთის იმ წრეებში, რომლითაც ამაყობს თავად სააკაშვილი.” გიორგი მარგველაშვილი კი ერთმნიშვნელოვნად დადებითად მიიჩნევს იმას, რომ საქართველოში სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი ქმნის ოპოზიციურ ძალას. ”რეზონანსი” აგრეთვე წერს, რომ ალასანია თავის გუნდს თებერვლის შუა რიცხვებში წარუდგენს საზოგადოებას.

”ახალი თაობა” კი გუნდის სავარაუდო წევრებს ჩამოთვლის. სია ასე გამოიყურება: ”გიგა მახარაძე, ვიქტორ დოლიძე, ლევან მიქელაძე, ზურაბ აბაშიძე (იუსტიციის საბჭოს ყოფილი მდივანი), გიორგი თავაძე, გია ყარყარაშვილი, სოზარ სუბარი. კიდევ ერთი ადამიანი, ვინც, შესაძლოა, ალასანიას გუნდში აღმოჩნდეს, არის გოგა ხაინდრავა”, - წერს ”ახალი თაობა”. იმავე პუბლიკაციაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ სოზარ სუბარი სახალხო დამცველის პოსტს გაზაფხულზე დატოვებს. ”ახალი თაობის” ავტორი გამოთქვამს კიდევ ერთ ვარაუდს, რომ ალასანია, პარტიის შექმნის ნაცვლად, შეიძლება უკვე არსებულ, ნაკლებად ცნობილ პარტიას დაუკავშირდეს.

”ყველას, ვისაც გაცნობიერებული აქვს პოლიტიკური ასპარეზიდან ნაცხელისუფლების გასტუმრების აუცილებლობა, კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ ცვლილების შედარებით უმტკივნეულო განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუკი სააკაშვილი მარტო დარჩება”, - წაიკითხავთ ”ქართული აკადემიის” მიმართვაში, რომელსაც ”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG