Accessibility links

logo-print

რას ითვალისწინებს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიისა და საქართველოს მემორანდუმი?


26 იანვარს ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს,

რომლითაც გარკვეულწილად შეიზღუდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მახლობლად. შეზღუდვის ზონები სხვადასხვაგვარად განისაზღვრა ორი რეგიონში. ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ რუსეთი შეისწავლის ამ მემორანდუმს და გაიზიარებს მას, რაც მეტად უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას რეგიონში. ”რუსეთმა ნათელი უნდა მოჰფინოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მისი სამხედრო ძალების რაოდენობის საკითხს. და მან უნდა შეამციროს სამხედრო ყოფნა ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიაზე”, - აღნიშნულია მეთვალყურეთა მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა და მისიის ხელმძღვანელობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, კლაივ ტროტმა, გუშინ საღამოს ჟურნალისტებთან განიხილეს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის დეტალები.

ჰანსიორგ ჰაბერი შეგვახსენებს მეთვალყურეთა მისიის ოთხ ძირითად ამოცანას. ესენია: სტაბილიზაცია, ნორმალიზაცია, ანგარიშგება და ნდობის აღდგენა. სამიოდე დღის წინ გაფორმებული მემორანდუმი ნდობის აღდგენის სფეროს განეკუთვნება. მისიის მოღვაწეობის დაწყებიდან მოყოლებული, ჰაბერი საუბრობდა მხარეთა სამართალდამცავ უწყებათა თანამშრომლობის აუცილებლობაზე. ამ საკითხზე მისიამ ორი შეთანხმება გააფორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ისევე როგორც თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმი, ეს შეთანხმებებიც მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან გაფორმდა. დე ფაქტო ხელისუფლებები ამგვარ საკითხზე მოლაპარაკებებსაც სტატუსის დაკანონების საკითხს უკავშირებენ. ამიტომაც არის, რომ ამ საკითხის განხილვამ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში გადაინაცვლა. შემდეგი რაუნდი ჟენევაში 17-18 თებერვალს შედგება.

მემორანდუმზე მოლაპარაკება კი ოქტომბრის დამლევიდან მიმდინარეობს და მხოლოდ სამი თვის შემდეგ დასრულდა. მემორანდუმის მიზანს ჰანსიორგ ჰაბერი ასე განმარტავს:

[ჰაბერის ხმა]
”ამ შეთანხმებით ჩვენ გვსურს პრაქტიკულად უზრუნველვყოთ ადმინისტრაციული საზღვრების ახლოს ძალის გამოუყენებლობა. ამასთან, არ ვაღიარებთ, რომ ეს ადმინისტრაციული საზღვრები საბოლოოდ არის დადგენილი და არც იმას, რომ ეს საქართველოს გარე საზღვრებია. ასეთია ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის პოზიცია: ისინი აღიარებენ საქართველოს მთლიანობაში, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ჩათვლით, და ბოლო შეთანხმების ხელმოწერის პირობებშიც ეს პოზიცია რჩება უცვლელი. ვფიქრობ, ევროპის პოზიცია ფასეულია საქართველოსთვის, რადგან ეს არის გზავნილი ყველა სხვა სახელმწიფოსთვის, რომლებიც შეიძლება განიხილავდნენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება-არაღიარების საკითხს და დღემდე არ აღიარეს ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.”

მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაბიჯი სამაგალითო იქნება რუსეთისთვის და ის უფრო გამჭვირვალეს გახდის თავისი ძალების ყოფნას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და, მისი თქმით, ევროკავშირი ყველა დიპლომატიურ საშუალებას გამოიყენებს, რომ რუსეთთანაც გააფორმოს მსგავსი მემორანდუმი. ეს კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას საქართველოს ცალკეულ ზონებში.

მთელ ინფორმაციას, რომელიც ეხება ვითარებას ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია გზავნის ბრიუსელში. ეს ინფორმაცია არ არის საჯარო. ცალკეული ფაქტების შესახებ მისია ავრცელებს პრეს-რელიზებს, სადაც არ არის შეფასება, თუ ვისი ბრალი იყო ესა თუ ის ინციდენტი. ჰაბერი ამას იმით ხსნის, რომ დამნაშავე მხარის განსაზღვრისთვის ევროკავშირს მაღალი ხარისხის მტკიცებულებები სჭირდება.

[ჰაბერის ხმა]
”პრობლემა ის არის, რომ ბევრ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია ამა თუ იმ მხარეს დავდოთ ბრალი ცალკეულ ინციდენტში. ეს იმის გამო ხდება, რომ ჩვენ ვიყენებთ მტკიცების ძალიან მაღალ სტანდარტს. მაგალითად, პოლიციელი, რომელსაც ერთი კვირის წინ ესროლეს კნოლევში, სავარაუდოდ, ესროლეს საკმაოდ ახლო მანძილიდან, სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გარედან. მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული მინიშნებები, არ არსებობს ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ამ ინციდენტზე ამა თუ იმ მხარეს დააკისრებდა პასუხისმგებლობას. მესმის, რომ ასეთმა პასუხმა თქვენ შეიძლება არ დაგაკმაყოფილოთ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რა ზოგადი ფაქტორები ახდენს ზეგავლენას ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოებაზე. ყოველი ინციდენტის გამოსაძიებლად და დასადგენად, მიუხედავად იმისა, თუ საზღვრის რომელ მხარეს მოხდა ის, ვიწვევთ ორივე მხარეს.”

თუმცა ჯერჯერობით სწორედ ეს მექანიზმი არ მუშაობს, რის მიზეზზეც უკვე მოგახსენეთ. ჰაბერი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს ნაკლებად აქვს ადგილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სხვა ტერიტორიაზე ფაქტების გადამოწმების საშუალება მეთვალყურეთა მისიას დღემდე არ ეძლევა. მისიას ძალიან სუსტი კონტაქტი აქვს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რუს სამხედროებთან ადგილზე. ამიტომ ამ ფუნქციას მხოლოდ ბრიუსელი ახორციელებს.

ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, კლაივ ტროტმა, დეტალურად განმარტა ის, თუ რა პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო:

[ტროტის ხმა]
”ამ შეთანხმებით საქართველოს შეიარაღებულ ძალებს განესაზღვრა რიგი შეზღუდვებისა სადავო ტერიტორიების მიმდებარე ზონებში, რომლებიც მგრძნობიარეა. შეზღუდვები ასეთი სახის გახლავთ: საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა თანხმობა არ განალაგოს ერთ ბატალიონზე მეტი აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან 15 კილომეტრიან ზონაში; სამინისტრო ასევე თანახმაა არ განალაგოს ერთ ბატალიონზე მეტი რაოდენობის სამხედრო ძალა სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ამ რუკაზეა მონიშნული. თავდაცვის სამინისტრო თანახმაა ამ ზონებში არ განალაგოს 120 მილიმეტრის ან უფრო მსხვილი კალიბრის იარაღის სისტემები; საქართველოს ხელისუფლება თანახმაა არ განალაგოს 5 ერთეულზე მეტი იარაღის სისტემა ან ისეთი იარაღით აღჭურვილი ჯავშან-ტექნიკა, რომელიც 60-დან 119 მილიმეტრი კალიბრის არის. ყველა სახის სამხედრო წვრთნის შესახებ, რომელიც ბატალიონზე მეტი რაოდენობის სამხედროთა მონაწილეობას ითვალისწინებს, ევროკავშირს წინასწარ ეცნობება. თავდაცვის სამინისტრო თანახმაა ნება დართოს ევროკავშირის მეთვალყურეებს შევიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა სამხედრო ობიექტზე. ჩვენ კი ვალდებული ვართ, ობიექტზე მისვლამდე 24 საათით ადრე გავაფრთხილოთ ისინი ჩვენი ვიზიტის შესახებ. მსურს დაგარწმუნოთ - მართალია, ამ შეთანხმების ჩარჩო საჯაროა, მის ფარგლებში შეგროვებული ინფორმაცია იქნება კონფიდენციალური და ჩვენ გავცვლით მას ძალიან დაცული ხაზებით და ის არ იქნება ხელმისაწვდომი.”

ასე განმარტა ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, კლაივ ტროტმა, თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ძირითადი ასპექტები. შეზღუდული მოქმედების ზონა, როგორც მოგახსენეთ, აფხაზეთის შემთხვევაში ადმინისტრაციული საზღვრიდან 15 კილომეტრით განისაზღვრა, სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში კი იმის გამო, რომ ეს ტერიტორია თბილისთან ახლოს მდებარეობს, ზოლი ზოგან ვიწრო გახლავთ და ზოგან თითქმის აღწევს 15 კილომეტრს.
XS
SM
MD
LG