Accessibility links

logo-print

რას ემსახურება საქართველოს თანხმობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან შეიარაღების შეზღუდული ზონების შექმნაზე


საქართველო დათანხმდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ შეიარაღების შეზღუდული ზონები შეიქმნას

და ეს პოზიცია ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიასთან მემორანდუმის გაფორმებით დაადასტურა. მემორანდუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ მოაწერა ხელი. ახლახან, 26 იანვარს გაფორმებულ მემორანდუმზე საუბრისას, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯს მამაცური ცალმხრივი ნაბიჯი უწოდა. საქმე ისაა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გავლებული პირობითი საზღვრების მიმდებარე ზონებში შეიარაღების შეზღუდვას, საქართველოსგან განსხვავებით, არ დასთანხმებია რუსეთი. ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი მოსკოვის მხრიდან შემხვედრ ნაბიჯს ელის. მინდა საქართველოს ცალმხრივ კეთილ ნებასა და მის მნიშვნელობაზე გესაუბროთ.

მემორანდუმს, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას შორის გაფორმდა, ურთიერთგაგების მემორანდუმი ჰქვია. ამ მემორანდუმის მიხედვით, საქართველო თანახმაა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - მომიჯნავე საქართველოს ტერიტორიაზე, 15 კილომეტრის რადიუსში, არ განათავსოს ერთ ბატალიონზე მეტი რაოდენობის სამხედრო ძალა და, ამასთან, არ იქონიოს 120 მილიმეტრზე მეტი კალიბრის შეიარაღება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იკისრა ვალდებულება შეზღუდული შეიარაღების ზონებში არ განალაგოს 60 მილიმეტრიდან 119 მილიმეტრამდე კალიბრის ხუთზე მეტი საბრძოლო საშუალება. შეზღუდვების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან 15 კილომეტრის რადიუსში არ ექნება საარტილერიო სისტემა. ევროკავშირის მისია ხაზგასმით შენიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საარტილერიო სისტემის უმეტესობას 120 მილიმეტრზე მეტი კალიბრი აქვს.

აკრძალვა - ადმინისტრაციული საზღვრების მომიჯნავედ (15 კილომეტრში) არ არსებობდეს 60-დან 119 მილიმეტრამდე კალიბრის ხუთზე მეტი სისტემა - საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უტოვებს თავდაცვის გარკვეულ საშუალებას, მაგრამ პრაქტიკულად ართმევს თავდასხმითი ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობას.

მემორანდუმის გასაფორმებლად მხარეებს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას - შორის კონსულტაციები ბოლო თვეებში მიმდინარეობდა. ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა თბილისის დაცვა შესაძლო თავდასხმისგან. ამრიგად, საქართველოს მხარეს უნდა შეეფასებინა, როგორ შეიძლება იმოქმედოს ამ შეთანხმებამ მსგავსი სცენარის ამოქმედების შემთხვევაში.” - ასეთი განმარტება გააკეთა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა ახლახან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე და იქვე დასძინა:”მეორე მხრივ, არსებობს მთელი რიგი დიპლომატიური პრივილეგიებისა ამ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებითო”.


[ჰანსიორგ ჰაბერის ხმა] ” ჩვენ გვსურს უზრუნველვყოთ ადმინისტრაციული საზღვრების ახლოს ძალის გამოუყენებლობა. ამასთან, არ ვაღიარებთ, რომ ეს ადმინისტრაციული საზღვრები საბოლოოდ არის დადგენილი და არც იმას, რომ ეს საქართველოს გარე საზღვრებია. ასეთია ევროკავშირის 27-ვე წევრის პოზიცია. ისინი აღიარებენ საქართველოს მთლიანობაში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, და ეს პოზიცია უცვლელი რჩება ბოლო შეთანხმების პირობებშიც. ვფიქრობ, ევროპის პოზიცია ფასეულია საქართველოსთვის, რადგან ეს არის გზავნილი იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც განიხილავენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება-არაღიარების საკითხს და დღემდე არ მუღიათ გადაწყვეტილება აღიარების შესახებ.”

ესეც ჰანსიორგ ჰაბერის განცხადება იყო. ის იმედოვნებს, რომ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯი სამაგალითო იქნება რუსეთისთვის და ის უფრო გამჭვირვალეს გახდის თავისი სამხედრო ძალების ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს ამის იმედი აქვს, თავად საქართველოში კი ნაკლებად მოელიან, რომ საქართველოს ცალმხრივი ნაბიჯი, მისი კეთილი ნება მისაბაძი იქნება რუსეთისთვის. სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმზე საუბრისას სწორედ მემორანდუმის ცალმხრივობაზე მიუთითებს, როგორც მის უარყოფით მხარეზე:

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] ” მემორანდუმს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი არის ის, რომ საქართველოს მხარე იღებს ვალდებულებას არ შეიყვანოს ამ ზონებში დამატებითი შეიარაღება და არ მისცეს რუსეთს პროვოკაციების მოწყობის მიზეზი. უარყოფითი არის ის, რომ მემორანდუმი ცალმხრივია და თუ ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ნაბიჯი იქნება მისაბაძი კრემლისთვის, ვფიქრობ, ეს მოლოდინი გადაჭარბებულია. ”

ამგვარ სკეპტიციზმს საფუძველი უდავოდ აქვს. რუსეთი ინარჩუნებს პოზას, თითქოს მისთვის სულერთი იყოს ევროპის - თუნდაც ერთიანი - პოზიცია. ევროპა ერთიანია იმაში, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუცია. ამ რეზოლუციით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა რუსეთს უკან წაიღოს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. საპასუხოდ რუსეთის დუმის სპიკერმა ბორის გრიზლოვმა თქვა, რომ მოწოდებას აზრი არა აქვს, რადგან რუსეთის გადაწყვეტილება საბოლოოა. მაგრამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ამბობს, რომ საქართველომ შეასრულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უმეტესი ნაწილი, მაგრამ არა ყველა ვალდებულება, მაშინ როცა რუსეთს ვალდებულებების უმეტესი ნაწილი არ შეუსრულებია. ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან გაფორმებული მემორანდუმიც მისიის ხელმძღვანელმა იმის გამოხატულებად მიიჩნია, რომ საქართველო მიჰყვება ევროკავშირის შუამავლობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზას. ეს არის ურთულესი და ხანგრძლივი ბრძოლის გზა და ამ გზაზე ჯერჯერობით შეუძლებელია იმ ინციდენტების აღკვეთა, რომლებიც საქართველოში რუსეთის მიერ გავლებულ საზღვრებთან ხდება. სროლის ხმა ისმოდა 29 იანვარს ღამით ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხთან. ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით აფხაზი შეიარაღებული პირები გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯიდან ისროდნენ. სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გახსნილ ცეცხლს, საერთო ჯამში, 11 ქართველი პოლიციელი შეეწირა.
XS
SM
MD
LG