Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა


პრესა აქტიურად ეხმაურება ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ გუშინ ხელმოწერილ სამპუნქტიან დეკლარაციას.

ასეთ სათაურებს ნახავთ: ”მიშა, მოვდივართ, წადი!”, ” საგურამოს მანიფესტიდან ”მარიოტის” დეკლარაციამდე”, ”მალე ახალ ხელისუფლებას ავირჩევთ”, ”ოპოზიცია გაერთიანების ნაცად ხერხს მიმართავს”, ”ოპოზიცია სააკაშვილის გადადგომას ითხოვს”. დოკუმენტის ხელმოწერას ”ვერსიის” ფურცლებზე ეხმაურება პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე: ”ამ მემორანდუმით ქვეყნის წინაშე მდგომი პრობლემები არ იცვლება და კარგი იქნება, თუ ოპოზიცია მუდმივი არჩევნების მოთხოვნის ნაცვლად ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში მიიღებს მონაწილეობას”, - ამბობს პარლამენტის სპიკერი და ოპოზიციას ურჩევს: ”თუ მაინცდამაინც მემორანდუმის გაფორმებაზეა საუბარი, უბრალოდ, ვურჩევდი, პუნქტების ჩამოყალიბებისას ლოგიკურად უფრო თანმიმდევრულები ყოფილიყვნენ - მათ ადგილას რომ ვიყო, ჯერ დემოკრატიული გარემოს შექმნას ჩავწერდი და შემდეგ პრეზიდენტის გადადგომასა და არჩევნების დანიშვნას მოვითხოვდი, რადგან მათ ლოგიკას თუ გავყვებით, ვინ უნდა დანიშნოს არჩევნები და შექმნას დემოკრატიული გარემო? დღევანდელმა ხელისუფლებამ და საპარლამენტო უმრავლესობამ. ამიტომ, პირველ რიგში, ჯერ ეს უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას და მერე დანარჩენი სხვა”, - ასეთ რჩევას აძლევს დავით ბაქრაძე ოპოზიციას ”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში. სპიკერი ფიქრობს, რომ 2013 წლამდე ნაციონალურ მოძრაობას საპრეზიდენტო კანდიდატის მოძებნა არ დასჭირდება.

სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის თავის მოდელზე საუბრობს 29 იანვრის დეკლარაციის ერთ-ერთი ხელმომწერი, ”ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი: ”მე მესმის, რომ ახალი გაერთიანება, რომელშიც შეიძლება იდეოლოგიურად სხვადასხვა ხალხი იყოს, ფაქტობრივად, ვერ იარსებებს. ამიტომ ჩვენ თვითონ ვთქვათ თავიდანვე, რომ ეს არის ერთწლიანი ინიციატივა. გავიმარჯვოთ, შევცვალოთ სააკაშვილის ხელისუფლება, მივიღოთ დემოკრატიული კონსტიტუცია, დემოკრატიული საარჩევნო კოდექსი, უზრუნველვყოთ სიტყვის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა და ერთი წლის თავზე ჩავატაროთ კიდევ ერთი რიგგარეშე არჩევნები. ამ არჩევნებზე კი ყველა პოლიტიკური ძალა გამოვა ან დამოუკიდებლად, ან სასურველ ალიანსთან ერთად”, - მოქმედებათა ასეთ მოდელს სთავაზობს კობა დავითაშვილი დანარჩენ ოპოზიციას. მასთან ინტერვიუს ”ახალი თაობა” აქვეყნებს. ამავე გაზეთში წაიკითხავთ, რომ 2 თებერვლამდე დეკლარაციაზე ხელს მოაწერს ირაკლი ალასანია. ”დამწუხრებულ ოპოზიციას ალასანიას გარემოცვამ შემოუთვალა, ძალიან არ დაღონდეთ, ირაკლი ამ მემორანდუმს უერთდებაო”, - წერს ”ახალი თაობა”. ”რეზონანსის” თანახმად, გაეროში საქართველოს ყოფილ მუდმივ წარმომადგენელს ძალაუფლების შეცვლის გრძელვადიანი გეგმა აქვს, რის შესახებაც, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ისაუბრებს პრესასთან. ”რეზონანსშივე” წაიკითხავთ: ”დაახლოებით ასე გაერთიანდა 2003 წლის ბოლოს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, რასაც ხელისუფლების სათავეში სააკაშვილის მოსვლა და მის ხელში, სხვა სახელისუფლებო სტრუქტურების უფლებების შეკვეცის ხარჯზე, დიდი ძალაუფლების თავმოყრა მოჰყვა. დღეს ”რეზონანსთან” საუბრისას ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ მსგავსი შედეგების მიღება გამორიცხულია, რადგან სწორედ ოპოზიციური კოალიცია იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობით არ მოვა ხელისუფლებაში და ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ ჩაიგდებს ხელში სასამართლოს, პარლამენტს, მედიაზე კონტროლის უფლებას და ა.შ.”, - წერს ”რეზონანსი”. ამავე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია ცაგარეიშვილი სვამს კითხვებს ნინო ბურჯანაძის პარტიის დაფინანსების წყაროების შესახებ. ცაგარეიშვილის თქმით, ბურჯანაძის პარტია ფინანსების გამოყენებით რეგიონებში სხვა ოპოზიციური პარტიების აქტივისტების გადაბირებას ცდილობს.

”ცოტა ადრე, სანამ არჩევნები დაინიშნებოდა, განვაცხადე, რომ პოლიტიკიდან წასვლა მინდოდა, რადგან ახალგაზრდების იმ პოლიტიკურ გუნდს აღარ ვეთანხმებოდი, ვინც, პრინციპში, ქვეყანას მართავდა”, - ამბობს ელენე თევდორაძე ”საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში და დასძენს: ”დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მართალი აღმოვჩნდი მე და არა ის გუნდი, რომელმაც თავისი შეხედულების გამო, სამწუხაროდ, დიდი გავლენა მოახდინა იმ უარყოფით მოვლენებზე, რაც შემდგომში მოხდა.”
XS
SM
MD
LG