Accessibility links

logo-print

შოთა მალაშხია ”ფრიდომ ჰაუსის” წინააღმდეგ


ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ, პარლამენტის ბიუროს დავალებით,

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ 2008 წლის ანგარიშის ცხრაგვერდიანი შეფასება მოამზადა, მასში შენიშნული ხარვეზების გამო. დოკუმენტი უკვე გადაეცათ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს თავად მივიდნენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. რა ფაქტობრივი უზუსტობები აღმოაჩინეს ქართველმა დეპუტატებმა ”ფრიდომ ჰაუსის” 2008 წლის შემაჯამებელ ანგარიშში?

ასეთმა სოლიდურმა ორგანიზაციამ არ შეიძლება გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიიღოს როგორც ფაქტი და შემდგომ იგი ყოველწლიურ ანგარიშში ასახოს, – გვითხრა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ. მისი შეფასებით, ”ფრიდომ ჰაუსის” 2008 წლის შემაჯამებელი ანგარიში საქართველოს - კერძოდ კი, აფხაზეთის - ნაწილში ბევრ ფაქტობრივ შეცდომას მოიცავს და მისი გამოსწორება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. ამ რეკომენდაციით შოთა მალაშხიამ უკვე მიმართა ”ფრიდომ ჰაუსის” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელობას, რომლის წარმომადგენლებიც, საქართველოს პარლამენტის პრეტენზიების ადგილზე მოსმენის მიზნით, საგანგებოდ ჩამოვიდნენ საქართველოში. რაც შეეხება უშუალოდ პრეტენზიებს, ის, როგორც გითხარით, შეეხება არა შეფასებებს, არამედ ფაქტებს - როგორც ისტორიულს, ისე სტატისტიკურს. კერძოდ: ანგარიშში ნათქვამია, რომ, მეფის რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის შემდეგ, აფხაზეთი საქართველოს 1930 წელს მიუერთდა. აღნიშნულია ასევე, რომ აფხაზეთში 1991 წელს დაწყებული საომარი მოქმედებები 1992 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებით დამთავრდა. შეცდომებია დევნილთა რაოდენობისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობის რაოდენობის აღწერაშიც. თავად შოთა მალაშხიას მოუსმინეთ.

[შოთა მალაშხიას ხმა]“ იქ წერია, რომ 340 000 ადამიანი ცხოვრობს დღეს აფხაზეთში. ნამდვილად კი აფხაზეთში, თვითონ აფხაზური მონაცემებით, არის 214 თუ 215 ათასი ადამიანი. ჩვენი მონაცემებით, ესეც არ არის - არის 140–150 ათასი. არ არის ამ აღწერილობით ნაწილში მოხვედრილი ის, რომ 2008 წლის 4 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ზემო აფხაზეთის განთავისუფლების შესახებ, რომელიც აგვისტოში რუსებთან ერთად განახორციელა და ჩაატარა ზემო აფხაზეთის ეთნოწმენდა. ესეც არ არის ჩემი პოზიცია, ეს არის ევროსაბჭოსა და ევროკავშირის რეზოლუციებში ასახული პოზიცია.“

ევროსაბჭოსა და ევროკავშირის რეზოლუციებსა და გადაწყვეტილებებს, შოთა მალაშხიას შეფასებით, დიდწილად სცილდება ”ფრიდომ ჰაუსის” მეთოდოლოგიის ის ნაწილიც, რომელიც ეგრეთ წოდებულ არაკონტროლირებად, სადავო ტერიტორიებსაც უსაზღვრავს რეიტინგს. თავისუფლების ხარისხი 2008 წელს შეფასებულია 193 სახელმწიფოსა და 16 სადავო წარმონაქმნის მიხედვით - მათ შორის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. აფხაზეთი ”ფრიდომ ჰაუსმა” 2008 წელს ნაწილობრივ თავისუფალთა კატეგორიას მიაკუთვნა, სამხრეთ ოსეთი კი არათავისუფალს. არათავისუფალი ქვეყნების რიგში აღმოჩნდა რუსეთიც.

[შოთა მალაშხიას ხმა]“ იმ ხელისუფლებამ, რომელმაც ეს მარიონეტული რეჟიმი მოიყვანა სათავეში, - რუსეთზეა ლაპარაკი, - ჩაატარა საქართველოს ტერიტორიაზე ეთნოწმენდა, თვითონ რუსეთი არის როგორც არადემოკრატიული სახელმწიფო და მისი ოკუპირებული, ანექსირებული და მის მიერ დამყარებული რეჟიმი ვერანაირად ვერ იქნება ნახევრად დემოკრატიული.“ (სტილი დაცულია)

შოთა მალაშხია ამ შემთხვევაში გულისხმობს აფხაზეთს, რომელმაც, ”ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში 5–5 ქულა დაიმსახურა. პოლიტიკური თავისუფლებების კატეგორიაში 7 ქულით, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში 6 ქულით შეფასდა სამხრეთ ოსეთი. 4–4 ქულა ერგო საქართველოს. აქვე შევნიშნავთ, რომ შეფასებათა შკალაში 1 ქულა საუკეთესო შედეგია, 7 კი ყველაზე ცუდი.

[კრისტოფერ უოკერის ხმა]“ ზოგ რეგიონში განსაკუთრებით აშკარაა გაუარესება: აფრიკის ქვეყნებში, რომლებიც საჰარის სამხრეთით მდებარეობენ და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, თუ არ ჩავთვლით ბალტიის ქვეყნებს. ეს იყო ორი რეგიონი, რომლებშიც პროცესი ყველაზე შემაშფოთებელია ზოგადი უკუსვლის გამო.“


განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაციის „ფრიდომ ჰაუსის“ კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელმა კრისტოფერ უოკერმა.
ანგარიშის მიხედვით, 2008 წელი, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების თვალსაზრისით, გაუარესების წელი იყო საქართველოსთვისაც.. საქართველოს, კერძოდ, ზოგადი ვითარების გაუარესების მიუხედავად, შეუნარჩუნდა სტატუსი „ნაწილობრივ თავისუფალი“, მაგრამ გამოეთიშა არჩევითი დემოკრატიის ქვეყნებს. ანგარიში 12 იანვარს გამოქვეყნდა, რამდენიმე დღეში მისი სანდოობა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის დროებითმა კომისიამ დააყენა ეჭვქვეშ, 30 იანვრისთვის კი დაიდო ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ დეტალურად აღწერა ანგარიშში მოცემული ყველა სადავო პუნქტი. საქართველოს პარლამენტში მომზადებული 9 გვერდიანი წერილი უკვე გადაეცა ”ფრიდომ ჰაუსის” წარმომადგენლობას. საქართველოს პარლამენტი ”ფრიდომ ჰაუსის” 2008 წლის ანგარიშში გაპარული შეცდომების გასწორების მოლოდინშია.


XS
SM
MD
LG