Accessibility links

logo-print

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს მეცნიერები შეისწავლიან


სულ ახლახან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა საფუძველი ჩაუყარა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემსწავლელ ცენტრს,

რომელიც, კონფლიქტის ანალიზის გარდა, მიზნად ისახავს რუსული პოლიტიკის სიღრმისეულ შესწავლას. აღმოჩნდა, რომ, მრავალწლიანი ურთიერთობისა და დაპირისპირების მიუხედავად, საქართველოში რუსეთის ისტორიას, მის საშინაო და საგარეო პოლიტიკას მხოლოდ ცალკეული მეცნიერები სწავლობენ. მინდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემსწავლელი ცენტრის მიზნებსა და გეგმებზე მოგითხროთ.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემსწავლელი ცენტრის შექმნისკენ იმ საინფორმაციო ნაკადის ანალიზმა უბიძგა, რომელიც აგვისტოს ომის დროს მაღალი ინტენსივობითა და საგნის ზერელე ცოდნით ხასიათდებოდა. ცენტრის ხელმძღვანელი ბაკურ კვაშილავა ამბობს, რომ აგვისტოს ომის შემდგომმა დიპლომატიურმა დისკურსმა, საზოგადოებაში გაჩაღებულმა დებატებმა თუ მედიის მიერ შემოთავაზებულმა სტატიებმა აჩვენა, რომ საქართველო ვერ ახერხებდა რუსეთისა და მისი პოლიტიკის სიღრმისეულ გაგებას. საკითხავია, რატომ?

[ბაკურ კვაშილავას ხმა] „ისეთ პერიოდში მოგვიწია ცხოვრებამ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, რომ იყო ორი ტენდენცია. პირველი: მასობრივი კონცენტრაცია მთელი საგანმანათლებლო მუშაობისა დასავლეთზე - ჯერ ამერიკაზე, შემდეგ - ნატოსა და ევროკავშირის სტრუქტურებზე და, მეორე მხრივ, იგნორირება რუსეთისა, რაც, ჩემი აზრით, იყო სირაქლემას პოზიცია, რადგანაც ეს ქვეყანა არის ჩვენი მეზობელი და ჩვენს მეზობლად დარჩება დიდი ხნის მანძილზე.“(სტილი დაცულია)

ცხადია, სათანადო ცოდნის გარეშე დიდი და აგრესიული მეზობლის გაგება, პოლიტიკოსების მსგავსად, უჭირთ საზოგადოების რიგით წევრებსაც. ნაწილისთვის რუსეთი უგუნურებასთან, ნაწილისთვის კი საერთო სარწმუნოებიდან მომდინარე სიკეთესთან ასოცირდება.

[ქალბატონის ხმა] „ერთმორწმუნე ხალხი ვართ და, მე მგონი, მეგობრული ურთიერთობა უნდა გვქონდეს. სხვანაირად გაგვიჭირდება ცხოვრება.“

[მამაკაცის ხმა] „რუს პოლიტიკოსებს რომ ჭკუა ჰქონოდათ, აფხაზეთსა და ოსეთში პრობლემებს არ შექმნიდნენ. ქართველი არასოდეს არ გაიხედავდა დასავლეთისკენ, თუნდაც მენტალიტეტიდან გამომდინარე, იმიტომ რომ კარგად იქნებოდნენ.“

[ქალბატონის ხმა] „სააკაშვილი რომ არ მიეტოვებინა იმ ოხერ ამერიკას, ეს ამბავი არ დაგვატყდებოდა თავს. მაგათი რაკეტების გულისთვის რუსეთმა დაგვბომბა.“


რადიო ”თავისუფლების“ მიერ გამოკითხული ამ მოქალაქეების მსგავსად, რუსეთის საგარეო პოლიტიკის გაგებასა და გაანალიზებას ცდილობს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროგრამის კოორდინატორი თორნიკე შარაშენიძე, რომლის თქმითაც, რუსეთის შესწავლა რთული, მაგრამ აუცილებელია:

[თორნიკე შარაშენიძის ხმა] „რუსეთი არის რთული ფენომენი. ეს არ არის არც კლასიკური ევროპული და არც აზიური სახელმწიფო. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც აქვს შიდა პრობლემები იმ თვალსაზრისით, რომ მას ვერ გაუკეთებია ცივილიზაციური არჩევანი, ვერ აურჩევია განვითარების ვექტორი, დასავლეთია თუ აღმოსავლეთი, და ამიტომ მისი საგარეო პოლიტიკაც ყოველთვის ითვლებოდა რთულად.“(სტილი დაცულია)

თუმცა, თორნიკე შარაშენიძის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართველმა დიპლომატებმა და მეცნიერებმა ხელი უნდა აიღონ რუსეთის შესწავლაზე. საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი სოსო ცინცაძე კი ამბობს, რომ კვლევების გარეშე საქართველო ვერ შეძლებს მართებული კურსის გამომუშავებას:

[სოსო ცინცაძის ხმა] „ჩვენ თუ არ ვიცით რუსეთის პოლიტიკური ანატომია, მაშინ რუსეთთან მიმართებაში სწორი კურსის არჩევა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუჭირდება, იმიტომ რომ, თუ შენ არ იცნობ საგანს, იქ კურსისა და პროგრამის შექმნა, სწორი ნაბიჯების გადადგმა ცოტა გაძნელდება.“(სტილი დაცულია)

სოსო ცინცაძის თქმით, სწორი ნაბიჯების გადადგმა განსაკუთრებით გაჭირდა უმაღლესი განათლების სფეროში ჩატარებული რეფორმის შემდეგ:

[სოსო ცინცაძის ხმა] ”თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო რუსეთის ისტორიის კათედრა, რომელიც ლომაიამ ელემენტარულად გააუქმა.“

სოსო ცინცაძის თქმით, ამჟამად რუსეთის შესწავლით მხოლოდ ცალკეული ქართველი მეცნიერები არიან დაკავებული. მათ შორისაა ნატო ღუდუშაურიც, პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დოქტორანტი, რომელიც დარწმუნებულია იმაში, რომ მეცნიერულ ცოდნაზე დაყრდნობით საქართველო ბევრ უსიამოვნებას აიცილებდა თავიდან:

[ნატო ღუდუშაურის ხმა] „საითკენ მიდის რუსეთი? ეს მიმართულება არ იყო გამოკვლეული. ადრეც, სამი-ოთხი წლის წინ, ამის შესწავლა და ანალიზი რომ გაკეთებულიყო, ბევრ მოსალოდნელ ნაბიჯს - იმას, თუ რას მოიმოქმედებდა რუსეთი - ძალიან იოლად გავთვლიდით.“

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში იმედოვნებენ, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემსწავლელი ცენტრი დიდწილად ამგვარი ნაბიჯების გათვლასაც შეძლებს. თორნიკე შარაშენიძის თქმით, ცენტრი, პირველ რიგში, შეეცდება რუსეთის საგარეო პოლიტიკის გაგებასა და შესაბამისი ანალიზის გაკეთებას, შეისწავლის უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთში დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის უგულებელყოფის მიზეზებს და ამ პროცესების ზეგავლენას რუსეთის ურთიერთობაზე მეზობელ სახელმწიფოებთან. თორნიკე შარაშენიძის თქმით, ასევე გადაწყვეტილია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსულ-ქართული კონფლიქტის ანალიტიკური ცნობარის გამოცემა, რაც, ისტორიის ცოდნის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია.

[თორნიკე შარაშენიძის ხმა] „ისტორიის ცონდა იმის საშუალებას მოგვცემს, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები მაინც არ გავიმეოროთ. ეს არის მინიმუმი, რაც შეიძლება გავაკეთოთ და მინიმუმიდან უნდა დავიწყოთ. ჯერ ისტორია უნდა გავიაზროთ და მერე უნდა გავიაზროთ და ვილაპარაკოთ ამაზე.“ (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG