Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა კობახიძე - იურისტი


25 იანვარი, კვირა
დღიურებს ოდესღაც ვწერდი... დიდი ხნის წინ, ბავშვობაში, როცა ამის სურვილი მქონდა. ზოგჯერ ვიღაც კითხულობდა კიდეც, ეს უფრო იშვიათად. უფრო კი ისე, ჩემთვის. საშინელება ის იყო, როცა ეს მოვალეობად მექცეოდა, - როცა ამას სკოლაში გვთხოვდნენ.
ხო, მეც საბჭოთა ბავშვი ვიყავი და ასეთებიც ხდებოდა ხოლმე. მაშინ, მთელი ჩემი ფანტაზიის მოშველიება მჭირდებოდა და ეს არც ისე ადვილი იყო. ახლა, ამდენი ხნის შემდეგ, ისევ ვიწყებ დღიურების წერას, მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევაა. არ ვიცი, რატომ უნდა დაინტერესდეს საზოგადოება ჩემი ერთი კვირის ცხოვრებით?! მით უმეტეს, რომ სულაც არ ვიცი, მოხდება თუ არა რაიმე საინტერესო და ღირსშესანიშნავი ამ ერთ კვირაში. ვნახოთ, “თავისუფლების დღიურების” იდეა კი თავისთავად, ძალიან მომწონს, ორიგინალურია! და აი, მეც ვცადე...
დილა, 9 საათი.
წესით და რიგით, ყველა ქრისტიანი, ტაძარში წირვაზე უნდა მიდიოდეს... მე კი, ჩემდა სამწუხაროდ და სავალალოდ, დიდი ხანია ამას ვერ ვახერხებ. ამისთვის ათას მიზეზს დავასახელებ: მოუცლელობას, უამრავ საქმეს, მაგრამ თავის გასამართლებლად ვერც ერთი ვერ გამოდგება. ამას წინათ, მამა გიორგიმ, ვაკის ეკლესიის მოძღვარმა, რაღაც საქმესთან დაკავშირებით მთხოვა ტაძარში მისვლა. ვისაუბრეთ, დამლოცა, ჩვეული სითბოთი მომიკითხა. მერე ისიც მითხრა, ალბათ სხვაგან დადიხარ და იქ ეზიარებიო. არა-მეთქი, ვუპასუხე და თან შემრცხვა, არადა რამდენიმე წლის წინ, უფრო ხშირად დავდიოდი ეკლესიაში… და ეს იცის მამა გიორგიმ. მოკლედ, ახლა აშკარაა, რომ ამ კვირა დღესაც სხვა საქმით ვარ დაკავებული.
მობილურის ზარმა კი დარეკა, მაგრამ გაღვიძება აშკარად მიჭირს, მაინც ვდგები, სხვა რა გზაა... ვემზადები, სამსახურში ვჩქარობ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა: “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წევრთა საერთო კრებაა. როგორც გამგეობის თავმჯდომარეს, მთელი რიგი საქმეები მაქვს, წლიური ანგარიში უნდა ჩავაბარო და ეს არც თუ ისე იოლი საქმეა. უამრავი კითხვა დამეყრება თავზე, რასაც პასუხი უნდა გავცე. ისე, საოცარი რამე ხდება, მთელი წელი თანამშრომლები ერთმანეთის გვერდით ვსხედვართ, ვმუშაობთ და ყველა მაინცადამაინც წლის ბოლოსთვის ინახავს კითხვებს. მერე იცით რა ხდება? ისეთი კამათი და დისკუსია იწყება, ალბათ რომის სენატსაც შეშურდებოდა. არა, ისე, აბა რა იქნება, 34 იურისტი რომ შეიკრიბება ერთად! ხუმრობა საქმე ნამდვილად არ არის, ხომ გაგიგონიათ, _ სადაც ორი იურისტია, იქ სამი აზრიაო... ჩვენს შემთხვევაში კი ვიტყოდი, რომ 34 იურისტი კია, მაგრამ 134 აზრია. რას ვიზამთ, ისიც ხომ ნათქვამია, კამათში იბადება ჭეშმარიტებაო. მით უმეტეს, როდესაც საქმე იმ პრობლემებს ეხება ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას რომ აქვს დიდი ხანია თავზე დამტყდარი. ჰოდა, მეც ასეთი დაძაბული საერთო კრებებისთვის აგერ უკვე მეოთხეჯერ ვემზადები, 2004 წლიდან მოყოლებული.
წლევანდელი ცოტა განსხვავებულია, ჩემი უფლებამოსილების ვადა იწურება და თავმჯდომარეობა უნდა დავტოვო. ახლა სხვები უნდა მოვიდნენ და ეს კანონზომიერია, თუმცა ორგანიზაციაში ვრჩები, ჯერ არსად მივდივარ, ვაგრძელებ სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტში მუშაობას. სასიკეთო საქმეების კეთება აქაც შეიძლება. ოთხი წელი გავიდა, ეს არც ბევრია და არც ცოტა. და მაინც რა მივეცი მე ამ ორგანიზაციას, ეს სხვებმა უნდა თქვან. რა მომცა მან მე? ამას თავად ვიტყვი: ძალიან ბევრი რამ! ყველაზე მთავარი, შინაგანი თავისუფლება, დამოუკიდებლობა და საოცარი ბრძოლის უნარი. და კიდევ, ბევრი თანამოაზრე და ჩემთვის ძვირფასი ადამიანი.
11 საათია... კრება იხსნება... მაგრამ… ქვორუმს ერთი ხმა აკლია. პირველი შემთხვევაა. მიზეზი თუ გაინტერესებთ, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელები მზადდება, 8 თებერვალს ვადა იწურება და რამდენიმე წევრი გორშია, დევნილებთან. რას ვიზამთ, ზოგჯერ საქმე არ იცდის, პრიორიტეტი კი საქმეა და არა კრება! წესდების თანახმად, კრება არ არის უფლებამოსილი შეუდგეს მუშაობას, ჰოდა ჩვენც ვიშლებით. შაბათისთვის გადავდეთ, დღის წესრიგი იგივეა. იმედია, შაბათს ჩავატარებთ. რამდენიმემ იხუმრა: ხომ ხედავ, შენი გაშვება არ გვინდაო. მოკლედ, უფლებამოსილება კიდევ ერთი კვირით გამიგრძელდა...
კრების გადადებამ, ერთი სიკეთე გააკეთა, ბულაჩაურში წავედით. ამინდი კარგია, მზეა, თუმცა მაინც ცივა, ყველას გვშია, მართლა გემრიელ მთიულურ ხინკალს ამზადებენ. თავი ძალიან მტკიოდა, ჟანგბადი ღრმად ჩავისუნთქე, გამიარა.
ჩემთვის ვფიქრობ, რამდენს ვაშავებ, თვეში ერთხელ მაინც რომ ვერ ვახერხებ ბავშვების გაყვანას ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე.
იქიდან სვეტიცხოველში გამოვიარეთ, სანთლები დავანთე. კმაყოფილი ვარ, ეს მაინც მოვახერხე! საოცარი სიმშვიდეა, ტაძართან მოხუცი ზის, თავზე კახური ქუდით, ფანდურზე უკრავს, რაღაცას სევდიანს ღიღინებს, მოწყენილია, როგორც ბევრი ამ ქვეყანაში...
5 საათზე უკვე თბილისში ვარ, სალონში უნდა მივიდე, მკერავი მელოდება. 15 თებერვალს ძმის ქორწილია, კრიზისის არ ეშინიათ...
მერე სახლში მივდივარ. გოგოები მეცადინეობენ, როგორც ყოველთვის. ვამზადებ ვახშამს, თუ უფრო სადილს მეორე დღისთვის.
"რუსთავი 2"-ზე ისევ “კომედი-შოუა,” აი მასკულტურა! ისე კი მაინტერესებს, ასეთი იუმორი საზოგადოების დაკვეთაა თუ რეჟისორის ახირება?

26 იანვარი, ორშაბათი
ორშაბათი მძიმე დღეაო, ამბობენ... ალბათ იმიტომ, რომ უქმე დღეების მერე, მუშაობა ცოტა გვიჭირს. ისე გააჩნია ორშაბათსაც! ვისთვის როგორ. ერთ რამეს დავაკვირდი, რაც მეტი საქმე მაქვს, უფრო ბევრ რაღაცას ვასწრებ და უფრო ფორმაშიც ვარ. ხოდა მეც ვგეგმავ ამ კვირას, მანამდე ალბათ ერთი ფინჯანი ყავა უნდა დავლიო, ცოტას გამამხნევებს, გოგოებმა გაიღვიძეს, ერთი სკოლაში გარბის, მეორე – უნივერსიტეტში და იწყება: დეე გზის ფული, წიგნის ფული, სწავლის ფული...…
ამას წინათ, ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ქვეყანაში მზარდი ეკონომიკააო. ისე, როგორ მინდა მჯეროდეს!… მე ისევ ჩვეული გულმოდგინებით, როგორც ყველა ადამიანი, ვასრულებ მშობლის მოვალეობებს და უსაზღვროდ ბედიერი ვარ ამით. ისე, ზოგჯერ მგონია, რომ მეც ამ ბავშვებთან ერთად დავიბადე და გავიზარდე... რა დრო გასულა... მაკუნა უკვე 20-ის ხდება, ნინო – 17-ის! დედიკოს ქალბატონები! ხოო, აი მე კიდევ, როგორც იტყვიან, ბალზაკის ასაკს მივაღწიე. და ვითომ რა არის ამ ასაკში კარგი? არც არაფერი!
დრო მირბის და აი ახლა სახლიდან თუ არ გავედი, უკვე ვაგვიანებ. სად და ისევ 42-ეში, ჩემი მარშრუტი ყოველ დილით, აბაშიძის ქუჩიდან შევჩენკოზე მიდის, ან დიღომში, სასამართლოები ხომ იქ არის. თუმცა, დღეს უზენაესში მაქვს პროცესი, ცოტა განსხვავებული. ერთ-ერთი მოსამართლის საქმე იხილება, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ვცდილობ დავეხმარო. მიზანი? მისი სამსახურში აღდგენა. უსამართლოდ გაათავისუფლეს და იმიტომ. ისე, მართლა რა არ ხდება ამ ქვეყანაში, უკვე მეოთხე მოსამართლეს ვიცავ, ამ საქმეს მაინც გამოვყოფდი, ამ ადამიანმა მართლაც, რომ გაბედა და სამეგრელო-ზემო-სვანეთის გუბერნატორს თავად ზაზა გოროზიას უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე “თავისუფალი გაზეთის” წინააღმდეგ. ამათ კიდევ ხომ ქრონიკულად ედავება ხელისუფლება! პირველად ჯერ კიდევ ზურაბ ჟვანიამ შეიტანა სარჩელი, ახლა კიდევ გოროზიამ. ჯერ გაზეთს ვიცავდი, ახლა მოსამართლე გამიხდა დასაცავი. მთელი უბედურება იმაშია, ცხრა თვის მერე რომ გაუხსენა იუსტიციის საბჭომ ბატონ მოსამართლეს რაღაც უმნიშვნელო დარღვევა და რატომღაც ზუსტად მას შემდეგ, რაც გუბერნატორმა საქმე წააგო. მოდი და ნუ დაიჯერებ, რომ მისი განთავისუფლება “თავისუფალი გაზეთის” საქმესთან პირდაპირ კავშირშია, ჰოდა მეც მთელი ძალისხმევა უნდა გამოვიყენო, რომ ეს პატიოსანი კაცი სამსახურში აღვადგინო, თუმცა, ამ ქვეყანაში სამართლიანად განა რამეს წყვეტენ?! ვნახოთ!
6 საათზე, სამუშაო დღის ბოლო კია, მაგრამ არც მე და არც ოფისს არაფერი ეტყობა. ერთი ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს კიდევ. ცნობილი “ფრიდომ ჰაუსის” წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, ხოდა ჩვენთან უნდათ შეხვედრა. ორი საკმაოდ სოლიდური პერსონა გვესტუმრა. Mმე და მარი ჩოხელი ერთად ვხვდებით. საათნახევარი მაინც ვისაუბრეთ, ძალიან მკაცრი ანგარიში გამოაქვეყნა ამ ორგანიზაციამ საქართველოზე, თუმცა რას ერჩი?! რაც ხდება, იმას წერენ. მოდი და ნუ დაიჯერებ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ორგანიზაცია მთელ მსოფლიოს აკვირდება და ძალიან კარგად ესმით დემოკრატიის არსი. მათი ბრალი სულაც არ არის, თუკი დემოკრატიული ქვეყნების სიიდან ამოგვიღეს. სამაგიეროდ, ბანგლადეში დაწინაურებულა. სტუმრები ძალიან დაინტერესდნენ ჩვენი საქმიანობით, ყველაფერს იწერდნენ, ბოლოს თანამშრომლობაზეც შევთანხმდით, მადლობებიც გვიხადეს. ერთი რამ კი ძალიან გაუკვირდათ, - ეს თქვენი პარლამენტი, ჭკუას რატომ არ გეკითხებათო? ან თუნდაც, იუსტიციის მინისტრიო. სტუმრები გავაცილე თუ არა, თემურ ქარსელაძის დეიდა და მეგობარი მოვიდნენ. თეკუჩა ნინი ქარსელაძის მამაა და კიდევ გია ქარსელაძის ძმა, 9 აპრილს კომენდანტის საათის დროს რომ მოკლეს. ახლა მას უნდა ვუშველო რამენაირად... ავადაა მძიმედ, 18 წელს ციხეში ნამდვილად ვერ მოიხდის, სახლში კიდევ 80 წლის დედა ჰყავს. რამდენი წელია, შვილი არ უნახავს. ვნახოთ რა გამოვა, ისევ ევროსასამართლოს იმედი გვაქვს.
სამსახურიდან გვიან წამოვედი, “ისი პარი”-ში გამოვიარე ხვალ ნინოობაა, რაღაც პატარა საჩუქრები მაქვს საყიდელი საყვარელი ადამიანებისთვის.

27 იანვარი, სამშაბათი
ნინოობაა, დილიდან ვიწყებ მილოცვებს... ჩემს ნინის პირველ რიგში ვულოცავ. დღესასწაული კია, მაგრამ არ ვისვენებთ, მეც ვემზადები, ჩემს თავს ცოტა პატივი ვეცი და სალონში შევიარე თმის დასავარცხნად. ჩემი სახლის ქვეშ, ნახევრად სარდაფში, თუმცა ისეთი ლამაზი და მყუდრო გარემოა, დაისვენებ ადამიანი. სტილისტებიც ისეთი ხალისიანები არიან, გინდა-არგინდა, ხასიათზე მოგიყვანენ. ფინჯან ყავასაც მოგართმევენ, ქალბატონი ლიკა საკმაოდ შემოქმედებითად უდგება ჩემი თმების ჭკუაზე მოყვანის საქმეს. აქ შემოსვლა კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან საინტერესო ხალხი იკრიბება. ორი დღის წინ, ბუბა მოვიდა. ყველას თავისებურად, გემრიელად, ქალაქურად მოგვესალმა, მართლა არაჩვეულებრივი ადამიანია.
დღეს ლიკა მოვიდა ქავჟარაძე. მართლა რა სილამაზეა ამ ქალში, ჰოდა წარმოიდგინეთ, რა კარგ განწყობაზე დავდექი, ეს ქალი რომ მომიბრუნდა და თავისი ჯადოსნური ღიმილით მითხრა – უი, რა ლამაზად გამოიყურებიო. ლამაზი მე კი არა, თქვენ ხართ-მეთქი, ვუპასუხე და წამოსვლას ვაპირებდი. მან კი გამაჩერა და მითხრა, არ წახვიდე, სახლში ავალ და ჩემს ნახატს ჩამოვიტან, უნდა გაჩუქოო. ისეთი გულით მითხრა, უარი ვერ ვუთხარი.
დღეს ერთი ახალგაზრდა გოგო სერიოზული პრობლემით მოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფრით დავეხმარე. ძნელია, აუხსნა და გააგებინო ადამიანს, რომ კანონი არღვევს მის უფლებას. მეუღლე მოუკლეს არაფრის გამო. მკვლელები კი გარეთ არიან. განაჩენს ვკითხულობ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ მართლმსაჯულების კრიზისია ქვეყანაში, ეს კი ყველანაირ კრიზისზე ბევრად უფრო საშიშია ჩემი აზრით. და მაინც, რა წერია ასეთი?! რა და პროკურატურას საპროცესო შეთანხმება გაუფორმებია განსასჯელებთან და სასამართლოს, 5000 ლარის სანაცვლოდ, დარბაზიდანვე გაუთავისუფლებია მკვლელები. (ისე ყოჩაღ ადვოკატს, მაგრად უმუშავია!) უკვე მერამდენედ შემხვდა მკვლელობის ფაქტზე საპროცესო შეთანხმებით დასრულებული საქმე. მოდი ახლა და თქვი, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე რამედ ფასობს. ჰოდა გამოდის, რომ ეს ქალბატონიც უნდა შეეგუოს იმას, მეუღლის მკვლელები თავისუფლად რომ დადიან ქუჩაში და ეს მაშინ, როცა შალვა რამიშვილი ისევ ციხეშია, ნუთუ ეს კაცი უფრო საშიშია საზოგადოებისთვის, ვიდრე ეს ორი მკვლელი?!
საღამოს, თამარ ლალიაშვილი (უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე) გვესტუმრა. გერმანიაში სადოქტოროზე მუშაობს ზუსტად საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტზე და რაღაც მასალები გვთხოვა. ჩემთვის ვფიქრობ, როგორ შეიძლებოდა ასეთი მოსამართლის გამოშვება უზენაესიდან, მაგრამ რევოლუციას ასე ჭირდებოდა, ალბათ.
სამსახურში გვიანობამდე დავრჩი. როგორც ყოველთვის. წამოსვლამდე თამუნას დავურეკე ლეფსვერიძეს, “თავისუფალი გაზეთის” რედაქტორს და ჩემს მეგობარს. შეწუხებული იყო, გაზეთს დიდი ხანია ფინანსური პრობლემები აქვს. ჰო, ასეა თამარ, როცა სხვების დაკვეთას არ ასრულებ და თავისუფალი ხარ, ფინანსური პრობლემები გექნება, აბა რა?! ხუმრობით ვუთხარი, მაგრამ ხუმრობა იქით იყოს, ეს ხომ დიდი ხანია რეალობაა, სამწუხაროდ!

28 იანვარი, ოთხშაბათი
დღე ჩვეულებრივად იწყება: დილის სამზადისი, შვილების გასტუმრება, ფინჯანი ყავა, ცოტა სახლის მილაგება... ბევრს ვერაფერს ვასწრებ...
გარეთ ნისლია. ასე მგონია, მოთოვს. თუმცა დიდად არ ცივა. განწყობას მიფუჭებს ის, რომ გაცივებული ვარ, წამლებს დიდი დოზებით ვიღებ, ჩემი ავადმყოფობა არ შეიძლება! ჩემს გარდა, ბევრი ადამიანი დაზარალდება. ყველა საქმეს თავისი ვადა აქვს, ჰოდა მეც უნდა მოვასწრო. მინდა-არმინდა ფორმაში უნდა ვიყო. ისე, რაც თავი მახსოვს, სულ ვჩქარობ, რომ მგონია საქმე დავამთავრე და ახლა მაინც ცოტას დავისვენებ-თქო, ახალი წამომეწევა. ამას წინათ, ჩემს მეგობარს ვუთხარი, ასე მგონია, ჩემი ტვინი უჯრედებად კი არ არის დაყოფილი, ცალ-ცალკე ფაილებად და შიგ საქმეები აწყვია-მეთქი, თან დარგების მიხედვით. არა, ძალიან გადავიღალე... ორი წელია საერთოდ არ დამისვენია, აგვისტოში ორი კვირით წავედი ქობულეთში შვილებთან ერთად სტუმრად და მაშინაც ომი დაიწყო. აბა, დასვენება ვიღას ახსოვდა?! მანამდე, ქობულეთის პოლიციაში ვირბინე აკაკი ვერულიძის საქმეზე. კაცს სახლ-კარი გადაუწვეს და პოლიციას სულაც არ ადარდებს ეს ამბავი. თაროზე აქვთ შემოდებული საქმე და დიდი მტვერი ადევს. კი ვიცით ვინც დაწვა, მაგრამ ვერაფერს ვუზამთო. აი, პასუხი! აბა პოლიცია რისთვის გვინდა?! იმიტომ რომ უდანაშაულო ბიჭები დაიჭირონ და ესროლონ?! აი, დღეს გირგვლიანის მკვლელობიდან სამი წელი გავიდა, პარლამენტთან აქციაა. ეს საქმე ქვეყნის ტრაგედიაა, მარტო ამ ოჯახის კი არა. ოჯახის, რომელიც აღარ არსებობს, ხელისუფლებამ შეიწირა. თუ მოვახერხებ, დღეს აუცილებლად მივალ პარლამენტთან, არასამთავრობოები იქნებიან. მანამდე კი სამსახურში უნდა მივიდე საქმე ისევ არ იცდის...

29 იანვარი, ხუთშაბათი
დილის 8 საათზე ისევ რეკავს მაღვიძარა...
ადრე ადგომა ბავშვობიდან მეზარება. თუმცა, როცა ღამის 3-4 საათამდე კითხულობ ან საქმეს აკეთებ, რა გასაკვირია, თუ 8 საათი ცოტა ადრე გეჩვენება? ახლა ცოტას ის მაინც მშველის რომ სამართლის სკოლაში ლექციები არ მაქვს ამ სემესტრში.
რამდენი ხანია მინდა, ცოტა მაინც ვივარჯიშო, მართლა მჭირდება. ან ფეხით მაინც ვიარო, ეს ვაკის პარკი ხომ აქვე მაქვს, მაგრამ რომ ვერ ვახერხებ? არა ეს ჯანსაღი ცხოვრების წესი ვერა და ვერ ვისწავლე, ერთი ის მშველის ალბათ, რომ სიგარეტს არ ვეწევი. ისე, იყო დრო, ყავასაც არ ვსვამდი, მხოლოდ ჩაის. მოკლედ, ახლა ამის დრო არ არის, სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტმა დამირეკა, ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებენ და ჩემი ჩაწერა უნდათ. ორი წლის წინ, სოფელ დიღომში 14 ოჯახს ვიცავდი, მიწები ჩამოართვეს. ხოდა, დეტალები აინტერესებთ. უნდა გავიხსენო ყველაფერი. ამ პროცესებზე მართლა ცოდვის კითხვა იყო... არ დამავიწყდება, როგორ გავიდა ერთი მოხუცი კაცი დარბაზიდან, ცუდად ვარო და მეორე სხდომაზე ვეღარ მოვიდა, გარდაცვლილიყო... ინერვიულა, მამაპაპისეულ ნაკვეთს ედავებოდა პროკურატურა. ეს უკვე მეორე ადამიანი იყო, ვინც ამ საქმეს შეეწირა! უზარმაზარი ძალისხმევა ჩავდე ამ საქმეში, მაგრამ ამაოდ, ვერაფერს გავხდით. ახლა მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიების თემაა, ვნახოთ რა გამოვა. იმედია, “კავკასია” გაუშვებს.
შუადღისთვის, ჩემი მეგობრის მამა მოვიდა, დახმარება მთხოვა. ოჯახში სერიოზული პრობლემები აქვს, მეუღლეს სცილდება, 70 წელს არაფერი უკლია. ჩემთვის ვფიქრობ, ღმერთო, რამ გადარია ეს ხალხი? მაგრამ, რომ მიამბო თავისი გასაჭირი, მერე მივხვდი, რომ მართალი იყო. მთავარია ადამიანი სწორ გადაწყვეტილებამდე მიხვიდე ოდესმე და ასაკს რა მნიშვნელობა აქვს?!
ისევ გვიანობამდე მიწევს სამსახურში ყოფნა. აშკარად დავიღალე, შოკოლადს ვეძებ, იქნებ ცოტა ენერგიაზე მომიყვანოს. სახლიდან მირეკავენ, უკვე მერამდენედ? ვიგვიანებ... სამართლიანად ბრაზობენ. კიდევ კარგი, ბავშვები დიდები არიან, მიგებენ და თავსაც უვლიან, შეძლებისდაგვარად. ალბათ, ჩემს ასაკში უფრო მიხვდებიან, რომ მთელი ჩემი ცხოვრება მხოლოდ მათ ეკუთვნოდათ, იმის მიუხედავად, რომ დედა ხშირად იგვიანებდა...

30 იანვარი, პარასკევი
კვირის ბოლოა და სახლში ყოფნისა და დასვენების პერსპექტივაც ახლოვდება. დილიდან კარგ განწყობაზე ვარ, მხოლოდ ჰერპეს ვირუსი მიშლის ხელს სრული ბედნიერებისთვის. მაინცდამაინც სახეზე იცის გამოსვლა, და დისკომფორტს მიქმნის. ჰოდა მეც "ზოვირაქსს" ვსვამ და თავის წესრიგში მოსაყვანად, დილითვე სალონში მივდივარ. გარეთ რაღაც უჩვეულოდ თბილა, თითქოს გაზაფხულის სურნელიც არის უკვე, მალე გავიდა ეს იანვარი, რაღა დარჩა? ერთი თვეც და ზამთარს გადავაგორებთ, უცნობის არ იყოს.
სალონში ათჯერ მაინც დარეკა მობილურმა, სამსახურში მკითხულობენ, მეჩქარება... ისევ ნაცნობ ტაქსის მძღოლთან ვჯდები მანქანაში და ისევ შევჩენკოზე მივდივარ. მისამართს დიდი ხანია აღარ კითხულობს. იცის, დილით მანანა სად გარბის. ქუთაისელი კაცია, საოცარი იუმორი აქვს, თან ზეპირად მიყვება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რა მოხდა, აგერ "ნაბუკოს" პროექტია ახლა აქტუალური და არც ეგ ავიწყდება. მოკლედ, ნიუსები მშვენივრად შევიტყვე ამ კაცის წყალობით სამსახურში მისვლამდე.
"42-ე"-ში უამრავი ხალხი მოვიდა, ალბათ 100-ზე მეტი დევნილი. ევროსასამართლოს საქმეებზე დაზარალებულების მიღების ბოლო დღე გვქონდა. გამაოცა ამ ხალხის ნებისყოფამ, ამტანობამ და სიმშვიდემ, თქმაც კი ერიდება ზოგს თავისი პრობლემის. მათ მდგომარეობაში ბევრი სასოწარკვეთილობაში ჩავარდებოდა, ამათ კიდევ რა ბრძოლის უნარი შერჩენიათ!
საღამოს მეგობარმა მომწერა, პრემიერ-მინისტრი გადადგაო. ტელევიზორი ჩავრთე, მართლა გადადგა! არა ამ ქვეყანაში პრემიერ- მინისტრებს აშკარად არ უმართლებთ, უკვე მერამდენედ?! ისე, კიდევ კარგი, გადადგა და არ გარდაიცვალა.
როგორც იქნა, მოვრჩი დღევანდელ საქმეებს და მივდივარ, ოღონდ სახლში არა, მამასთან! იქ, სადაც ყოველთვის მელოდებიან, განსაკუთრებით მამიდა, რომელსაც ჩვენს მეტი არავინ ჰყავს. 7 წელია, დედა აღარ არის და მამა ყველაფერია ჩემთვის, მაკასთვის, თედოსთვის – ყველასთვის. ცოტა ასაკი კი შეეპარა, მაგრამ მაინც ყოჩაღად არის, ბებერი ხარის რქებიც ხნავსო, ხშირად უყვარს თქმა, და მართალიც არის! დიდხანს იყავი, მაა, ვიდრე შენ მყავხარ, რაღაც ბავშვური კიდევ იქნება ჩემში...

31 იანვარი, შაბათი
დღეს შედგა "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წევრთა საერთო კრება. აი, სწორედ ის, კვირას რომ გადაიდო ერთი ხმის გამო. ყველაფერი რიგზეა, ქვორუმი არის, და ჩვეულებრივი დღის წესრიგით მივყვებით. თითქმის 5 საათამდე ვიმუშავეთ. ჩემი ანგარიში 16 ხმით ორის წინააღმდეგ დადებითად შეფასდა. რომ ვთქვა, არ გამეხარდა-მეთქი, არ ვიქნები მართალი.
ბოლოს გამგეობაც ავირჩიეთ და აი, ახალ შემადგენლობას გზას ვულოცვთ. ჩემი მოღვწეობა "42-ე მუხლის" თავმჯდომარის რანგში დასრულდა. თუმცა, წინ საინტერესო გეგმები მაქვს: მეილი გავხსენი, თავისუფალი აზრის სახლიდან მამუკა არეშიძის წერილი დამხვდა. საინტერესო შეხვედრას გეგმავენ, სურთ რომ მეც მივიღო მონაწილეობა. ნამდვილად წავალ. "თავისუფალი აზრი", "'თავისუფლების' დღიურები", რადიო "თავისუფლება"...
არა, თავისუფლების ფასი მართლა არაფერია.

XS
SM
MD
LG