Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ აქებენ ერაყში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს?


შაბათს ერაყში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. ხმების დათვლის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და კენჭისყრის შედეგები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

თუმცა, არჩევნებმა უკვე დაიმსახურა შექება იმის გამო, რომ საკმაოდ მშვიდობიანად ჩაიარა.

ერაყის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ფარაჯ ალ-ჰაიდარის განცხადებით, არჩევნებში ელექტორატის 51-მა პროცენტმა მიიღო მონაწილება, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, ნაკლებია, ვიდრე ვარაუდობდნენ. მაგრამ ერაყელი ოფიციალური პირები დამაიმედებელ ნიშანს ხედავენ იმ გარემოებაში, რომ ამომრჩევლის აქტიურობამ იმატა უმეტესწილად სუნიტებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც არჩევნებს აქამდე ბოიკოტს უცხადებდნენ.

არჩევნების ქება კენჭისყრის დღესვე გაისმა, შაბათს საღამოს, როცა ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ საარჩევნო პროცესის წარმატებით ჩავლას “ყველა ერაყელის გამარჯვება” უწოდა. [ნური ალ-მალიკის ხმა] “ახლა, როცა ჩვენი ეროვნული გრანდიოზული არჩევნები სრულდება, მოუთმენლად დაველოდებით შედეგებს. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძლიერი მოტივაცია პოლიტიკური პროცესის გასაგრძელებლად. მეტიც, იმედი მაქვს, რომ დავივიწყებთ ყველა პრობლემას, რომლებიც არჩევნების წინა პერიოდში ჭარბობდა, ერაყის მომავლის შესაქმნელად”.

ერაყში არჩევნებს მიესალმა გაეროც. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყელებს მიულოცა არჩევნების ჩატარება - “მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი” ერაყელების მიერ საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლობის აღების პროცესში.

კენჭისყრის პროცესი ერაყის 18 პროვინციიდან 14-ში გიამართა, ადგილობრივი საკრებულოების შემადგენლობის გასარკვევად. პროცესმა მსხვილი დარღვევების გარეშე ჩაიარა, მაგრამ მეთვალყურეები ამოწმებენ რამდენიმე საჩივართან დაკავშირებულ გარემოებებს, მათ შორის ბრალდებებს, რომ საარჩევნო სიებს ათასობით მოქალაქის სახელები აკლდა.

აი, რა უამბო ჩვენი რადიოს კორესპონდნეტს ერთ-ერთმა ბაღდადელმა ამომრჩეველმა: [ბაღდადელი მამაკაცის ხმა] “ხმის მისაცემად მივედი საარჩევნო უბანში. მითხრეს, რომ სიაში ჩემი გვარი არ არის. წავედი საარჩევნო ცენტრში - სკოლის შენობაში ქუჩის მეორე მხარეს. იქ ჩემი გვარიცაა კედელზე გაკრულ სიაში. მერე დაიწყეს შიგნით ძებნა. მარტო მე კი არა ვარ ასე: სამი, ოთხი, ან ხუთი ოჯახია ასე, თავის გვარს რომ ვერ პოულობს”.

დარღვევების მიუხედავად, ადგილობრივი არჩევნები მიჩნეულია საკვანძო მნიშვნელობის პროცესად ერაყში. გარდა იმისა, რომ კენჭისყრამ საკმაოდ მშვიდობიანად ჩაიარა, ადგილობრივი საკრებულოები ახლა მეტი ძალაუფლებით ისარგებლებენ, ვიდრე 2005-ში არჩეულებს ჰქონდათ, როცა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს სუნიტებმა და შიიტების ნაწილმა. გასულ წელს საკრებულოებს მიენიჭათ პროვინციის გუბერნატორბეის არჩევისა და დათხოვნის, ბიუჯეტის დამტკიცების, ადგილობრივ პროექტებში - მაგალითად, სარეკონტსრუქციო სამუშაოებში - უფრო აქტიურად მონაწილეობის უფლება.

და კიდევ: შაბათის ადგილობრივი არჩევნები მიჩნეულია პოლიტიკური ტენდენციების ინდიკატორად ამავე წლის საყოველთაო არჩევნებისთვის, რომელიც უკვე ერაყის პარლამენტის შემადგენლობას გაარკვევს.
XS
SM
MD
LG