Accessibility links

პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ხსნის


საქართველოს მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა და მთავრობის სამოქმედო პროგრამა 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომამ მოიწონა.

კონსტიტუციის თანახმად, თებერვლის პირველ სამშაბათს, ანუ 3 თებერვალს, საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას გახსნის. სესიის პირველი კვირა საკომიტეტო მოსმენებს დაეთმობა. მოსმენების მთავარი თემა კი მომავალი მთავრობის გეგმები იქნება. მთავრობის გეგმები, საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, პრაქტიკულად ასახავს საპარლამენტო უმრავლესობის გეგმებს - მათ შორის, ფინანსური კრიზისის დაძლევის მიმართულებით.


გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამოქმედო პროგრამას კენჭს მიმდინარე კვირის ბოლოს უყრის. მთავრობა 16 მინისტრითა და სამი სახელმწიფო მინისტრით დაკომპლექტდება. 16–დან 2 სამინისტრო ახალია – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასამთავრობო ორგანიზაცია „აირაის“ ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი უხელმძღვანელებს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კი - ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დავით ტყეშელაშვილი. ორივე სამინისტროს შექმნა წინასწარ იყო დაგეგმილი და არ უკავშირდება მთავრობაში ბოლო დროს განვითარებულ ცვლილებებს - მათ შორის, პრემიერ–მინისტრ გრიგოლ მგალობლიშვილის თანამდებობიდან გადადგომას და ამ პოსტზე ფინანსთა მინისტრის ნიკა გილაურის დასახელებას.

[გია ხუროშვილის ხმა]“ წარმოდგენილია მთავრობის განახლებული შემადგენლობა და, შესაბამისად, წარმოდგენილია ახალი სამთავრობო პროგრამა „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“. პრიორიტეტები საქართველოს მთავრობის არის უცვლელი. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და, ბუნებრივია, სოციალური პრობლემების გადაჭრა. და, აქედან გამომდინარე, პრემიერ–მინისტრი გააკეთებს ვრცელ განმარტებებს, თუ რა ფორმით, რა გზებით აპირებს ის ამ პრობლემების დაძლევას.“

განაცხადა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა. პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ნიკა გილაური კი პარლამენტის ბიუროზე გამოსვლის შემდეგ ფრაქციების, კომიტეტებისა და პლენარული სხდომის წინაშე წარდგება. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სტარტს, შეიძლება ითქვას, მთავრობის დამტკიცებით აიღებს. მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობის კოორდინირება, ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავების მიზნით, საგაზაფხულო სესიის ძირითადი მიმართულება იქნება, - გვითხრა უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა, რომელსაც საგაზაფხულო სესიის პრიორიტეტების გამოკვეთა ვთხოვეთ.

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა]“სისხლის სამართლის კოდექსთან დაკავშირებით იყო კონსულტაციები ევროპის საბჭოს ექსპერტებთან ერთად. კომიტეტის თავმჯდომარისგან ვიცით, რომ თითქოს ამ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმდნენ და ძირითადში მხარს უჭერენ, მოსწონთ ეს პროექტი. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ასევე, სტრასბურგში რომ ვიყავით, ჩვენ ვესაუბრეთ ვენეციის კომისიას და ვთხოვეთ, რომ მათი აზრი დააჩქარონ, რათა მარტში, აპრილში ეს ცვლილებები მივიღოთ და დანარჩენი ის პაკეტები, რომელიც აუცილებელია.“(სტილი დაცულია)

ეგრეთ წოდებულ აუცილებელ პაკეტებში საპარლამენტო ოპოზიცია - კერძოდ, ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი - შემდეგ პრიორიტეტებს გამოყოფს:

[გია ცაგარეიშვილის ხმა]“პირველ რიგში, ეს ეხება საარჩევნო კანონმდებლობას, საარჩევნო კოდექსს, ზოგადად. ჩემი აზრით, პირველ რიგში, სწორედ ამ კანონპროექტზე უნდა დაიწყოს მუშაობა. ჩვენ დღე-დღეზე გავახმოვანებთ ჩვენს ინიციატივას. ეს იქნება პარტიის ინიციატივა, საქართველოს დემოკრატიული პარტიის. ეს არის უმთავრესი პრიოროტეტი, ჩემი აზრით. ამასთან ერთად, უპრიანი იქნება დაიწყოს მუშაობა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თვითმმართველობა უნდა დაუბრუნდეს იმ სახეს, რაც მას ჰქონდა სამი წლის წინანდელ არჩევნებამდე.“(სტილი დაცულია)

დეპუტატი გია ცაგარეიშვილი გულისხმობს თვითმმართველობის აღდგენას სოფლების, ზოგადად კი, პირველ დონეებზე. რაც შეეხება სხვა საკანონმდებლო ინიციატივებს, იგი ასევე ჩამოთვლის შრომის კოდექსის ახალი ვარიანტის შემუშავებას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შეცვლას და ასე შემდეგ.
ოპოზიცია ცვლილებების საკუთარი პროექტის ინიცირებას გეგმავს. საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია კი, პრაქტიკულად რიგგარეშე სხდომით, 6 თებერვალს გაიხსნება. ამ სხდომაზე, ბიუროს გადაწყვეტილებით, კენჭს საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას უყრიან. რაც შეეხება პრეზიდენტის ანგარიშს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი განმარტავს:

[ხათუნა გოგორიშვილის ხმა]“ პირველი პლენარული სხდომის კვირა იწყება 10-დან და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პირველ კვირაში, ანუ 10–11–12-13 არის სამუშაო დღეები პლენარული სხდომის და მაშინ იქნება პრეზიდენტის გამოსვლა და ყოველწლიური მიმართვა.“(სტილი დაცულია)




XS
SM
MD
LG