Accessibility links

რა ასაზრდოებს სწრაფი ცვლილებების მოლოდინს


საქართველოში მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრების სწრაფი ცვლა ამჟამინდელი ხელისუფლების ერთ–ერთ ძირითად მახასიათებლად იქცა.

ერთი მხრივ, მოსახლეობა გულგრილია ამ ცვლილებების მიმართ, რადგან სამთავრობო კარუსელები რიგითი მოქალაქის ცხოვრებას არაფრით ეხება. მაგრამ, მეორე მხრივ, არასტაბილურობის განცდა, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს და, როგორც ჩანს, უჩნდება კიდეც. ამჯერად სწორედ არასტაბილურობის განცდის შედეგებზე მინდა გესაუბროთ.

ქართული პოლიტიკური ცხოვრების რეალობა ისაა, რომ, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების და საპროტესტო მუხტის მიუხედავად, ქვეყანამ ვერც მიხეილ სააკაშვილის საპირწონე ლიდერი წარმოშვა და ვერც ნაციონალური მოძრაობის საპირწონე პარტია. რეიტინგებში პრეზიდენტი სამეულის ქვემოთ თითქმის არ ჩამოდის და ზოგჯერ პირველ ადგილსაც იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხრეების დეფიციტს არ განიცდის.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რისი დეფიციტიც საქართველოს სახელმწიფოში არსებობს – თავისუფლება და სტაბილურობაა. თავისუფლების მოთხოვნილება შერჩევითია – ზოგს აქვს, ზოგს არა. სტაბილურობა კი ყველას ერთნაირად სჭირდება და მისი უქონლობა თითოეული ადამიანის პირად ცხოვრებას ასვამს დაღს. ადამიანებმა, რომლებიც ბაზარში პროდუქტს ყიდიან, სკოლაში ასწავლიან, წიგნებს გამოსცემენ, სახლებს აშენებენ ან ავადმყოფებს მკურნალობენ, მცირე ბიზნესით არიან დაკავებულნი თუ დიდ საქმეს ეწევიან, არ იციან, როგორ დაგეგმონ საკუთარი პროფესიული თუ პირადი ცხოვრება.

მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ 2009 წლის გაზაფხული, რომელიც თითქმის კარს არის მომდგარი. მიხეილ სააკაშვილს და მისი გუნდის გავლენიან წევრებს არაერთხელ უთქვამთ, რომ, შესაძლებელია, გაზაფხულზე რუსეთმა კვლავ ომი წამოიწყოს საქართველოს წინააღმდეგ. არადა, ვიცით, რომ თუ რუსეთმა მორიგი პროვოკაცია დაგეგმა, საქართველოს ხელისუფლება მას აუცილებლად წამოეგება და ქვეყანაში მორიგი უბედურება დატრიალდება. ის კი არ ვიცით, ეს უბედურება როგორ შეეხება თითოეულ ჩვენგანს.

თუ ომს თავიდან ავიცილებთ, შესაძლებელია, საპროტესტო მიტინგები დაიწყოს. თუკი ვითარება გამწვავდა, არ არის გამორიცხული, ხელისუფლება ხალხს დაუპირისპირდეს და ამასაც თავისი წილი უბედურება მოჰყვეს. დაზღვეული არავინაა, რომ ეს უბედურება პირადად მას ან მის ახლობელს არ შეეხება.

შესაძლებელია, გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. თუ ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას დასთანხმდება და ნაწილი – არა, სავარაუდოდ, თავად ოპოზიციის წიაღში ატყდება დიდი ბრძოლა. თავის მხრივ, ამ არჩევნებში ხელისუფლებას კიდევ მორიგი მილიარდი დასჭირდება და დაიწყება არაოფიციალური სახელმწიფო რეკეტის მორიგი რაუნდი, რომელიც ბევრი ადამიანის ჯიბესა და ნერვებს დააზარალებს. შესაძლოა, მათ შორის ჩვენც აღმოვჩნდეთ.

ამას დავამატოთ ეკონომიკური კრიზისი, რომელიც, როგორც ამბობენ, პიკს სწორედ გაზაფხულზე მიაღწევს და არავინ იცის, ვის სად და რა ფორმით დაგვეწევა.

ასე რომ, თუკი გაზაფხულზე რამე საქმის დაწყებას ან გაგრძელებას, უცხოეთში გამგზავრებას ან, სულაც, საქართველოში დასვენებას ვგეგმავთ, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საფრთხე უნდა გავითვალისწინოთ. ზაფხულის და შემოდგომის გეგმებზე ხომ საუბარიც ზედმეტია. არც ფანტაზია გვეყოფა და არც რაციონალიზმი, დღესვე წარმოვიდგინოთ და ჩამოვთვალოთ, რამდენმა რამემ შეიძლება შეგვიშალოს ხელი, ზუსტად ისე ვიცხოვროთ უახლოესი თვეების განმავლობაში, როგორც დღეს შეიძლება გვინდოდეს.

ასე რომ, არასტაბილურობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას მუდმივად ახლავს, ხელს უშლის თითოეულ ადამიანს წარმოიდგინოს, როგორი იქნება მისი ცხოვრება საკუთარ სამშობლოში ერთი თვის ან, მით უმეტეს, ერთი წლის შემდეგ. შეუძლებელია, გაითვალისწინო, რა მოხდება განათლების სისტემაში, ბიზნესში, საბანკო სფეროში, მედიასივრცეში, მეცნიერების ნებისმიერ დარგში ან რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციაში.

ამიტომ, როდესაც ქვეყანაში სწრაფი პოლიტიკური ცვლილებების მოლოდინი ჩნდება, ამ მოლოდინს ყველა სხვა ფაქტორზე მეტად სტაბილურობის მოთხოვნილება ასაზრდოებს. არაფერი მიუთითებს სწრაფი ცვლილებების შესაძლებლობაზე იმის გარდა, რომ დროთა განმავლობაში ასეთი ცვლილებების აუცილებლობა თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრების საქმედ იქცა. მთელი გულით რომ მოინდომოს, მიხეილ სააკაშვილს აღარ შეუძლია უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური განვითარება და მოქალაქეთა პირადი ცხოვრების თუ პროფესიული საქმიანობის დაცულობა. არასტაბილურობის განცდა და მისგან მომდინარე სწრაფი ცვლილებების მოლოდინი საფრთხის ყველაზე რეალური წყაროა დღევანდელი ხელისუფლებისთვის.


XS
SM
MD
LG