Accessibility links

კვირის მოვლენების მიმოხილვა


დღევანდელი მიმოხილვა საქართველოს

მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებებით დავიწყოთ. პარასკევს ცნობილი გახდა, რომ 3-თვიანი მუშაობის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ (იგივე - გეგა) მგალობლიშვილმა პოსტი საკუთარი ნებით დატოვა. მიზეზად ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობა დასახელდა:

(მგალობლიშვილის ხმა) ”ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე ვიმყოფებოდი სამკურნალოდ... დღეს ქვეყანას სჭირდება მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, რომელიც შეძლებს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას...” (სტილი დაცულია)

ბოლო ერთი თვის მანძილზე მგალობლიშვილი ორჯერ იმყოფებოდა გერმანიაში და მას შემდგომშიც ესაჭიროება ინტენსიური თერაპიის დაახლოებით 2-თვიანი კურსი, რის შემდეგაც მზად არის ქვეყნის სამსახურში ისევ ჩადგეს და მუშაობა, როგორც თავად ამბობს, ნებისმიერ ამპლუასა და რანგში გააგრძელოს.

მანამდე კი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი 30 იანვარს კიდევ ერთხელ შეეცადა გაენეიტრალებინა მოარული ხმები მისი დაპირისპირების შესახებ პრეზიდენტთან. მგალობლიშვილმა სააკაშვილს მადლობაც კი გადაუხადა იმისთვის, რომ ის ბოლო პერიოდში მუდმივად გრძნობდა საქართველოს პრეზიდენტის სრულ მხარდაჭერას. მიუხედვად ამისა, ოპოზიცია (და არა მხოლოდ ის) კვლავაც მიიჩნევს, რომ გეგა მგალობლიშვილის პოსტიდან წასვლის მიზეზი მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ არის. მაგალითად, ამ აზრს დღემდე იზიარებს ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია:

(ნაჭყებიას ხმა) ”აქ იყო სერიოზული კონფლიქტი, რომელიც ორივე მხარის სურვილით, ალბათ, აი, ასეთი მიჩუმათებული თანამდებობის დატოვებით დამთავრდა.” (სტილი დაცულია)

ასეა თუ ისე, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს და ის ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერი ნიკა გილაურია, რომლის მთავრობასაც 2 ახალი სამინისტრო შეემატება. ესენია: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და რეგიონალური მართვის სამინისტროები. გილაურის შეთავაზებითა და პრეზიდენტის წარდგინებით, მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. პროცედურა, გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი კვირის ორშაბათს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაიგეგმება. წინასწარი ინფორმაციით, მინისტრთა ახალ კაბინეტს მხარს არ დაუჭერენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

ახალი პრემიერ-მინისტრის მთავრობას პრეზიდენტმა ძველი დავალებები გადაულოცა, სადაც პრიორიტეტს ისევ ჯანდაცვა და სოციალური სფერო წარმოადგენს. გილაურის ამოცანაა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოს მთელი ძალით არ შეუტიოს და ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. პრეზიდენტ სააკაშვილს, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ახალი პრემიერ-მინისტრის კარგი მუშაობის იმედი აქვს:

(სააკაშვილის ხმა) ”...დღეს რომ საქართველოს ქალაქებში და სოფლებში ხალხი უყურებს ტელევიზორს და შუქი რომ ანთია, ეს არის პირდაპირი დამსახურება ნიკა გილაურის...” (სტილი დაცულია)

ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის კანდიდატურის შერჩევაზე ზრუნავდა, არასაპარლამენტო ოპოზიციური სპექტრი პრეზიდენტის პოსტზე სააკაშვილის ყოფნის წინააღმდეგ გაერთიანდა. 29 იანვარს თბილისი-მერიოტში ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომლის 3 მოთხოვნა ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა გაახმოვანა:

(ზურაბიშვილის ხმა) ”... სააკაშვილი უნდა გადადგეს, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს... ამის ირგვლივ ჩვენ ვიწვევთ მთელ ერს და მთელ ქვეყანას, რომ გაერთიანდეს.” (სტილი დაცულია)

დეკლარაციას ხელი მოაწერა ან ზეპირი თანხმობით შეუერთდა თითქმის ყველა წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური ორგანიზაციის გარდა. დეკლარაციაში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს იზიარებს გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ალასანიაც, თუმცა ის, ზოგიერთი განსხვავებული მიდგომის გამო, 29 იანვარს თბილისი-მერიოტში არ გამოჩენილა. პოლიტიკოსების გარდა, ხელმომწერთა შორის იყვნენ მესამე სექტორის წარმომადგენლები, მსახიობები, მწერლები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.

29 იანვარს ხელმოწერილ ოპოზიციურ დეკლარაციას ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული რეაქცია არ მოჰყოლია. მიმდინარე კვირაში თბილისი, ძირითადად, სტრასბურგში მიღწეული შედეგების გაანალიზებით იყო დაკავებული. 3-დღიანი მწვავე დებატების შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 28 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მისამართით მოსალოდნელზე მკაცრი აღმოჩნდა. ლაპარაკია რეზოლუციაზე, რომელიც აგვისტოს ომის შედეგების შესახებ საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2008 წლის ოქტომბერში მიღებული რეზოლუციის შესრულებას ეხება.

რუსეთის დელეგაციას არ დაუმალავს, რომ მოსკოვს ოქტომბერში მიღებული რეზოლუციის მოთხოვნათა შესრულება არც უფიქრია, რადგანაც ისინი იმთავითვე უსამართლო მითითებებად მიიჩნია.

ასამბლეამ დააკმაყოფილა ქართული დელეგაციის მიერ წარდგენილი თითქმის ყველა შესწორება და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელშეუხებელია. მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან და გააუქმოს გადაწყვეტილება ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე. ამასთან, მოსკოვმა ხელი არ უნდა შეუშალოს საერთაშორისო მეთვალყურეთა მისიების მუშაობას სეპარატისტულ რეგიონებში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან დავალებები მიიღო საქართველომაც: ის უნდა შეუერთდეს კასეტური ბომბების გამოყენების აკრძალვის კონვენციას, კიდევ ერთხელ შეისწავლოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რათა მისმა მოქმედებამ არ დაარღვიოს ადამიანთა უფლებები კონფლიქტურ რეგიონებში და, მესამე, საქართველომ ყურადღებით უნდა შეისწავლოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველა კონკრეტული ფაქტი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ დააკმაყოფილა რეზოლუციის პროექტში შესატანი 55-ე შესწორება, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებს, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აპრილის სესიაზე ხმის უფლება ჩამოერთმეოდათ. პოლიტოლოგ შალვა ფიჩხაძის აზრით, რუსეთი უკან არც ამ შემთხვევაში დაიხევდა:

(ფიჩხაძის ხმა) ”...რუსეთი თავის პოზიციას არ დათმობს იმ შემთხვევაშიც კი, მას რომ ევროპის საბჭოში ხმის უფლება შეუჩერონ... რა თქმა უნდა, ყველაზე ისეთი, მკაცრი სანქცია იქნებოდა მისი გარიცხვა ევროპის საბჭოდან, მაგრამ მე არც კი მახსოვს სახელმწიფო, რომელიც გაერიცხოთ...” (სტილი დაცულია)

შემტევი პოლიტიკის მიუხედავად, ახალი რეზოლუციის მიღების შემდეგ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს ხასიათი გაუფუჭდათ და ეს იოლად შენიშნა ჩვენი რადიოს - რადიო ”თავისუფლების” - კორესპონდენტმა კობა ლიკლიკაძემ, რომელიც სტრასბურგში იყო ჩასული:

(ლიკლიკაძის ხმა) ”ისინი კომენტარზეც კი უარს ამბობენ... როგორც ჩანს, კრემლიდან საკმაოდ დატუქსეს... ეს რეზოლუცია არ არის მარტო ფარატინა ქაღალდი, იმიტომ რომ რეზოლუცია სავალდებულოა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის... ის ერთგვარი კანონიც არის. აქ ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც დაიწყება საქართველოს საქმის განხილვა რუსეთის 58-ე არმიიის წინააღმდეგ, რეზოლუციები შეიძლება იყოს მთავარი არგუმენტი, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელია, საქართველომ ეს პროცესი მოიგოს.” (სტილი დაცულია)

ევროპისგან რეალური მხარდაჭრის მოპოვების მცდელობის პარალელურად, საქართველო თავად მიიწევს წინ ევროპისთვის საჭირო პარტნიორად ქცევის გზაზე. ამ შემთხვევაში ლაპარაკია ”ნაბუკოს” სახელით ცნობილ გაზსადენის პროექტზე, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყნად განიხილავს. ეს არის პროექტი, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ბუნებრივი აირის გამო რუსეთ-უკრაინის ბოლოდროინდელი სკანდალური დავის შემდეგ შეიძინა.

27 იანვარს, ბუდაპეშტში საგანგებო კონფერენციაზე შეკრებილი ევროპელი პოლიტიკოსები, ბანკირები და ენერგოუწყებათა წარმომადგენლები მსჯელობდნენ ”ნაბუკოზე”, რომელმაც, ამოქმედების შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნებს კასპიის რეგიონის გაზი 3300-კილომეტრიანი გაზსადენით რუსეთის გვერდის ავლით უნდა მიაწოდოს.

უნგრეთის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე
"ნაბუკოს" პროექტში მონაწილე ქვეყნებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გაააქტიურონ ძალისხმევა “ნაბუკოს" გაზსადენის პროექტის "წარმატებით და სწრაფად რეალიზებისთვის საჭირო პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური და ფინანსური პირობების შესაქმნელად”. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ “ნაბუკომ” რეალობად ქცევის გზაზე წინ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა.



XS
SM
MD
LG