Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ცდილობს საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და ირწმუნება, რომ საქართველოსთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ასრულებს


რუსეთი განაგრძობს მცდელობას შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება იმის მტკიცებით, რომ საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს.

რუსეთის ოფიციალური პირების განმარტებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდა აფხაზი და ოსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანას ემსახურება და მთლიანად შეესატყვისება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ და რუსეთმა გასულ აგვისტოში ევროკავშირის შუამავლობით მოაწერეს ხელი. ზუსტად ასეთი განცხადება გააკეთა ახლახან მოსკოვში, ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გლუშკომ მაშინ, როცა ევროკავშირის ელჩებმა აფხაზეთის სანაპიროზე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ ინფორმაცია მოსთხოვეს.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრ გლუშკოს მტკიცებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ქართული აგრესიის მოგერიებაში და ამჟამად ეს ძალა რეგიონში სწორედ იმის გარანტად რჩება, რომ ომი აღარ განმეორდეს.
გლუშკომ ეს განმარტება მოსკოვში ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე გააკეთა და თან მიუთითა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული რუსეთის მთელი ქმედებები სრულად შეესაბამება სარკოზი-მედვედევის გეგმად ცნობილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

მაგრამ ერთია რუსეთის ოფიციალური პირების განმარტებები, მეორე კი ის, თუ რას ფიქრობენ რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავალი მხარის - ევროკავშირის - წარმომადგენლები. ევროპის ქვეყნების პოზიცია აისახა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციაში, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ შეასრულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების უმეტესობა, მაგრამ არა ყველა, მაშინ როცა რუსეთს პირობების უმეტესი ნაწილი არ შეუსრულებია - პირობებს შორის იგულისხმება კონფლიქტის ზონებში დამატებითი დამკვირვებლების განლაგების უზრუნველყოფა.
რუსეთს არ შეუსრულებია შეთანხმების მთავარი პირობა - დაეხია უკან, 7 აგვისტოს პოზიციებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, და არც იმის თაობაზე დადებულ პირობას ასრულებს, რომ მიეცეთ საერთაშორისო დამკვირვებლებსკონფლიქტის ზონებში მუშაობის საშუალება. ამ პრობლემას ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენლები ლამის ყოველდღიურად უსვამენ ხაზს. ევროკავშირის მონიტორთა კონფლიქტის ზონაში შეშვების აუცილებლობაზე ლაპარაკობდა 3 თბერვალსაც ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციის მეთაური სვენ მიქსერი გორის რაიონის მონახულებისას :

[სვენ მიქსერის ხმა] ჩვენ გასულ ზაფხულს, რუსეთის აგრესიის დაწყების დღიდან, გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პრობლ;ემა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ფოკუსში მოგვექცია. ევროკავშირის მისიის ყოფნა რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მონიტორების შეშვება კონფლიქტის ზონებში.”


კონფლიქტის ზონებში ევროკავშირის მონიტორების შეშვების პრობლემებზე გამახვილდა ყურადღება საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, პიერ მორელთან, შეხვედრაზეც. თუმცა საქართველოს მხარის ძალისხმევა - მიაწოდოს ევროპელებს ინფორმაცია რუსეთის ქმედებების შესახებ - უშედეგოა, ისევე როგორც ჯერჯერობით არაეფექტიანია დასავლეთის მოწოდებები რუსეთისადმი, შეასრულოს ვალდებულებები. რუსეთის მიზნები და შესატყვისი ქმედებები დასავლეთისთვის თითქოს ცხადია. ”დასავლეთში ყველა პროფესიონალმა იცის, რა მიზნებით შემოიჭრა საქართველოში რუსეთი.. რამდენად სურდა მას აგვისტოს ომით პროექტ ”ნაბუკოს” ჩაშლა, საქართველოზე სრული გავლენის აღდგენაო”, -ამბობს პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი და დასძენს:

[ ალექსანდრე რონდელის ხმა] ” მაგრამ არის თამაშის წესები: თუ არ დაწერეს, რომ საქართველომ ცოტა გამოიწვია,მაშინ რუსეთი უნდა დაგმონ, ხელი არ უნდა ჩამოართვან, ნიურნბერგის პროცესი უნდა მოუწყონ, უნდა მოიკვეთონ. ეს არ შეუძლიათ, იმიტომ რომ რუსეთი ძლიერია. ამიტომ: ცოტა შენ დააშავე, ცოტა ამან დააშავა და ჩვენ კარგები ვართ, - ასეთია დასავლეთის პოზიცია. ”(სტილი დაცულია)


საქართველოს ერთადერთი არჩევანი აქვს, მოთმინებით მიჰყვეს ურთულეს გზას და დასავლეთს ნაბიჯ-ნაბიჯ აჩვენოს, რომ ასრულებს ვალდებულებებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ აკეთებს ამას. რამდენიმე დღის წინ მან ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ცალმხრივად გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლითაც აიღო ვალდებულება ოკუპირებულ ტერიტორიებთან გავლებული პირობითი საზღვრებიდან 15 კილომეტრის რადიუსში მკვეთრად შეზღუდოს სამხედრო ძალა და შეიარაღება. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს ამ ნაბიჯს მამაცური უწოდა და დაიტოვა იმედი, რომ რუსეთი მიბაძავს მაგალითს, თუმცა საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ წამოსწია წინ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოთხოვნა. ეს ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე სწორედ ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენებმა ალექსანდრ გლუშკომ გააკეთა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. მაგრამ საქართველო არ აპირებს რუსეთის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებით, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმების ლეგალიზაცია მოახდინოს, მით უფრო, რომ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება აღებული აქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და ცალმხრივად აქვს ნაკისრი ვალდებულება ოკუპირებულ ტერიტორიებთან შეიარაღებისა და სამხედრო ძალის შეზღუდვის შესახებ.

XS
SM
MD
LG