Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამას ადმინისტრაციის საგადასახადო სირთულეები და თვითკრიტიკა


აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაციის მთავარი მახასიათებელი პატიოსნება იქნება, მაგრამ ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას ის საკადრო პრობლემებს წააწყდა.

ჯანდაცვის მდივნის პოსტზე წარდგენილმა ტომ დეშლიმ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა მას შემდე, რაც გაირკვა, რომ დეშლი გადასახადებს მალავდა. მანამდე ცოტა ხნით ადრე, გადასახადების დაგვიანების გამო, ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში საკვანძო თანამდებობის დაკავებაზე უარი განაცხადა ნენსი კილიფერმა. მსგავსი პრობლემები აღმოაჩნდა ხაზინის უფროსს ტიმ გეითნერსაც. მინდა ობამას ადმინისტრაციის საგადასახადო სირთულეების შესახებ გესაუბროთ.

ამ დღეებში ბარაკ ობამამ ”შეცდომა” უწოდა საკუთარი ადმინისტრაციის რამდენიმე წევრის დანიშვნის წარუმატებელ მცდელობას. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საკვანძო კანდიდატი გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადადგა.

ყველაზე მეტი ხმაური გამოიწვია ტომ დეშლის გადადგომამ, ტომ დეშლისა, რომელიც ჯანდაცვის მდივნის თანამდებობაზე იყო წარდგენილი. ადრე ის სენატში დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა და იმედოვნებდნენ, რომ მის დამტკიცებას წინ არაფერი დაუდგებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ იგი გადასახადების დამალვაშია შემჩნეული, თავადვე მოითხოვა საკუთარი კანდიდატურის მოხსნა. დეშლის საგადასახადო დავალიანება დაახლოებით 140 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

ამ სკანდალს წინ უსწრებდა ანალოგიური შემთხვევა ადმინისტრაციაში ბიუჯეტისა და ხარჯების ზედამხედველის თანამდებობაზე ნენსი კილიფერის დანიშვნასთან დაკავშირებით. მანაც გადაწყვიტა უარი ეთქვა საკუთარ კანდიდატურაზე, რადგან გაირკვა, რომ გადასახადებს დაგვიანებით იხდიდა.

არადა, ობამა ირწმუნებოდა, რომ მისი ადმინისტრაცია უფრო პატიოსანი იქნებოდა. თავის სატელევიზიო კომენტარებში ობამა ამბობს, რომ არ იქნება არავითარი ორმაგი სტანდარტი:


”მე გავაცნობიერე ჩემი შეცდომა, რომელიც, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია ამჟამინდელი ადმინისტრაციისთვის, რათა გავგზავნოთ მესიჯი, რომ არ არსებობს ორმაგი წესები. თქვენ იცით, რომ ცნობილი ადამიანებისთვის და რიგითი ხალხისთვის ერთნაირად აუცილებელია გადასახადების გადახდა.”

დეშლის წასვლა აღიქმება დარტყმად, რომელიც მიადგა ობამას გეგმებს აშშ-ის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით. სენატორს ჯანდაცვის სფეროში დიდი გამოცდილება ჰქონდა.

მანამდე ნიუ მექსიკოს გუბერნატორმა ბილ რიჩარდსონმა უარი თქვა ობამას წინადადებაზე გამხდარიყო ვაჭრობის მდივანი. უარის მიზეზი მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება გახდა.

მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთმა საკვანძო წევრმა კი, ხაზინის მდივანმა ტიმ გეითნერმა, სენატის მხარდაჭერა მოიპოვა მიუხედავად იმისა, რომ 34 ათასი აშშ დოლარის საგადასახადო დავალიანება ჰქონდა.

ობამამ განცვიფრება გამოთქვა იმის გამო, რომ ადმინისტრაციის წევრთა საგადასახადო პრობლემები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე კონგრესში წარდგენილი ეკონომიკის მასტიმულირებელი 900 მილიარდიანი პროგრამა:

”გაწბილებული ვარ საკუთარი თავით, ჩემი გუნდის გამო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩემი საქმეა ეს პრობლემა საჭირო კალაპოტში მოვაქციო. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება კონცენტრირება მოვახდინოთ ეკონომიკის გაუარესებაზე და იმაზე, რომ ხალხი დაბრუნდეს სამუშაოზე.”

მაგრამ თავად ეკონომიკის სტიმულირების გეგმამ პრეზიდენტს დამატებითი პრობლემები გაუჩინა. ამ გეგმის მთავარი არსი მდგომარეობს მოწოდებაში: ”იყიდეთ ყველაფერი ამერიკული.”

ამგვარი პროტექციონიზმის გამო შეშფოთება გამოთქვეს ამერიკის სავაჭრო პარტნიორებმა - ევროკავშირმა და კანადამ.

მოგვიანებით ბარაკ ობამამ განაცხადა, ”შეცდომა” იქნებოდა ისეთი მესიჯის გაგზავნა, თითქოს ამერიკელები პროტექციონიზმით მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ და არ ფიქრობენ დანარჩენ მსოფლიოზეო.
XS
SM
MD
LG