Accessibility links

5+1 ირანის ბირთვულ პროგრამაზე მსჯელობას განაგრძობს


დღეს გერმანიაში შეიკრიბნენ 6 ქვეყნის წარმომადგენლები ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოსალაპარაკებლად.

საქმე ეხება გაეროს უშიშროების საბჭოს 5-ვე მუდმივი წევრისა და გერმანიის დელეგაციების შეხვედრას, რის გამოც ფორმატს “5+1” უწოდებენ. ამ ფორმატით შეხვედრა აქამდეც ბევრჯერ გამართულა, მაგრამ ამჯერად მოლაპარაკებას წინ უსწრებდა ირანის გუშინდელი განცხადება ორბიტაზე საკუთარი სატელიტის პირველად გაშვების შესახებ.

“5+1” -ის მოლაპარაკებაზე პირველად შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახდა. მას კი პირობა აქვს დადებული, რომ ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებას აწარმოებს მის ბირთვულ პროგრამაზე - განსხვავებით წინამორბედის, ჯორჯ ბუშისაგან, რომელიც ირანთან პირდაპირ დიალოგზე უარს ამბობდა. თავის მხრივ, ირანი, მაღალი რანგის ოფიციალური პირები დიალოგისადმი მხარდაჭერას გამოთქვამენ, თუმცა იმავდროულად კატეგიორიულ უარს ამბობენ ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე, რასაც ირანისაგან საერთაშორისო თანამეგობრობა მოითხოვს - შეერთებული შტატების ჩათვლით.

ირანის ამ წინააღმდეგობის მორიგ ნიშნად ჩაითვალა მისი პირველი სატელიტის გაგზავნა ორბიტაზე, რასაც თვით ირანი მშვიდობიანი მიზნებით ამართლებს, რომ ახალი პროგრამა სამეცნიერო კვლევასა და ტელეკომუნიკაციებს ემსახურება. დასავლეთში კი შიშობენ, რომ ეს ტექნოლოგია, შესაძლოა, გრძელ რადიუსში მოქმედი ბალისტიკური რაკეტებისთვის იქნეს გამოყენებული.

ირანის სატელიტის გაშვება, თეთრი სახლის პრეს-მდივან რობერტ გიბსის თქმით, არის საკითხი, რომელიც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მწვავე შეშფოთებას იწვევს: [გიბსის ხმა] “ჩვენი ადმინსტრაცია ჩვენი სახელმწიფოს ძალის ყველა ელემენტს გამოიყენებს ირანის საკითხთან გასამკლავებლად და მის დასახმარებლად, იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიანი წევრი”.

ეს განცხადება, ზოგი ანალიტიკოსის შეფასებით, ირანის მიმართ მკაცრ პოლიტიკაზე შეიძლება მიანიშნებდეს. მაგრამ, ასეა თუ ისე, დღევანდელ შეხვედრას, რომელზეც აშშ-ის წარმომადგენელი იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბარნსი, მოჰყვა ყველა მონაწილის დაპირება, რომ კვლავაც ემხრობიან ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეული უთანხმოების მოგვარებას დიპლომატიის გზით. იქვე მოუწოდეს ირანს, სრულად ითანამშრომლოს გაეროსთან ბირთვული პროგრამის საკითხებზე.

თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, ირანმა ამ მოწოდების შესაბამისად იმოქმედოს... აქამდე მოწოდებებს, ან გაეროს სანქციებს შედეგი არ მოჰყოლია: თეირანი უარს ამბობს, შეწყვიტოს ურანის გამდიდრების პროგრამა, რომელიც, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ვარაუდით, შესაძლოა, ატომური იარაღის შექმნას ემსახურებოდეს. ირანი ირწმუნება, რომ საქმე ეხება მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს.

ახლა ვარაუდობენ, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია “თაფლაკვერისა და მათრახის” პოლიტიკას მიმართავს ირანთან მიმართებით, რათა ის ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე დაიყოლიოს.

ბირთვული გაუვრცელებლობის ექსპერტის, ლონდონში მოღვაწე მარკ ფიცპატრიკის შეფასებით, ობამა ერთი მხრივ აჩვენებს ახალი დიალოგისთვის მზადყოფნას, მაგრამ იმავდროულად იზრუნებს ირანზე ფინანსური ზეწოლის გასაძლიერებლად: [ფიცპატრიკის ხმა] “მას სურვილი ექნება, ჰქონდეს კონტქატი ირანთან, აწარმოოს მოლაპარაკება ირანთან - უპირობოდ. და ვფიქრობ, ირანთან მოლაპარაკებით, აშშ შეძლებს დაამტკიცოს, რომ სერიოზულად ეკიდება ირანისთვის წამახალისებელი ზომების შეთავაზებას, თუ ირანი დათანხმდა, დაადგეს გზას იმ პროგრამის შესაწყვეტად, რომელიც ასეთ შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო თანამეგობრობაში”.

საინფორმაციო სააგენტო “როიტერსის” ცნობით, ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც არ მოისურვა თავისი ვინაობის საჯაროდ გამხელა, განაცხადა, რომ გერმანიაში დღევანდელი მოლაპარაკების დროს საუბარი არ შეხებია ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ. შემდეგი მოლაპარაკება კი შესაძლოა, მომავალი თვის მეორე ნახევარში, ლონდონში გაიმართოს.

ტორონტოში მოღვაწე პოლიტოლოგ ალირეზა ჰაღიღის ვარაუდით, ევროკავშირისა და აშშ-ის პოზიციები ირანის საკითხში ერთმანეთს დაუახლოვდება: [ჰაღიღის ხმა] “მოლაპარაკებისა და ფინანსური ზეწოლის პოლიტიკა, რომელიც, როგორც ჩანს, ობამამ აირჩია, მისაღებია ევროკავშირის ქვეყნებისთვისაც. ამდენად, ბუნებრივია, რომ აზრთა სხვაობა და უთანხმოება, რაც ირანის საკითხში არსებობდა აშშ-სა და ევროკავშირს შორის, ახლა გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე აქამდე იყო.”

აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა გასულ კვირაში, არაბულენოვან ტელეკომპანია “ალ არაბიასთან” ინტერვიუში წარმოთქვა სიტყვები - “ვაშინგტონი ირანს ხელს გაუწვდის, თუ ირანის ლიდერები მუშტს გახსნიანო”. ეს სიტყვები მოიშველია სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც ირანის საკითხზე “5+1” -ის ფორმატით დღევანდელი მოლაპარაკების დაწყებამდე: [კლინტონის ხმა] “პრეზიდენტმა ობამამ როგორც განაცხადა, ჩვენ ხელის გასაწვდენად მზად ვართ, მაგრამ მუშტი უნდა გაიხსნას და ვნახავთ, როგორ წავიწევთ წინ პოლიტიკისაკენ, რომელიც, ჩვენი რწმენით, ასახავს საერთო მიზნებს ირანთან ურთიერთობაში”.
XS
SM
MD
LG