Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლებელია თუ არა ”ცუდი ბანკების” იდეამ საბანკო სისტემა გადაარჩინოს?


ბევრი ექსპერტი დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მთავრობებს მოუწოდებს, ”ცუდი ბანკები” შექმნან.

ეს მოწოდება თითქოს უცნაურად გამოიყურება მაშინ, როდესაც ფინანსური პრობლემები ისედაც მრავლადაა. მაგრამ სიტყვა ”ცუდი ბანკი” სულაც არ ნიშნავს ცუდ რამეს. ის ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც ჩვეულებრივ ბანკებს ძველი შეცდომებისგან ათავისუფლებს, რათა მათ თავიდან შეძლონ მუშაობის სწორი გზით დაწყება. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ზუსტად ის არის, რაც მიმდინარე საბანკო კრიზისმა მოითხოვა. საკითხავია, შესაძლებელი იქნება თუ არა ”ცუდი ბანკების” მეშვეობით საბანკო კრიზისის დაძლევა.

მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა მოიტანა ის, რომ ინვესტორები ერიდებიან ბანკებში ფულის დაბანდებას. როგორც წესი, ისინი ბანკის აქციებს ყიდულობენ ხოლმე და ბანკის მოგების მოწილენი ხდებიან.

მაგრამ ამ ბოლო დროს ინვესტორები უფრო მეტად ცდილობენ გაყიდონ აქციები, ვიდრე ახლები შეიძინონ, რადგან ხედავენ, რომ საბანკო ბიზნესი სერიოზულ პრობლემებს განიცდის. შედეგად, ბანკების აქციების ფასი მთელ მსოფლიოში საგრძნობლად დაეცა.

რატომ დაკარგეს ინვესტორებმა ნდობა ბანკების მიმართ? ძირითადად იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში - და განსაკუთრებით აშშ-ში - სამშენებლო ბიზნესის პრობლემებმა უამრავი ვალი დაუტოვა საბანკო სექტორს.

//ბანკები თავისუფლად გასცემდნენ სესხებს ბინათმშნებლობისთვის ისე, რომ ყურადღებას ნაკლებად აქცევდნენ ბინათმფლობელის გადახდისუნარიანობას. შემდეგ კი სხვა ბანკებისგან კიდევ უფრო მეტ კრედიტებს იღებდნენ ახალი საბინაო სესხების გასაცემად. ეს სისტემა იმდენად გართულდა, რომ ბანკებს უჭირთ გარკვევა, რომელია აქტივი და რომელი პასივი. შესაბამისად, გაჩნდა შიში, რომ ვალების გასტუმრებას ვერ შეძლებენ და ამიტომ ბანკები თავიანთ ხელთ არსებულ ფულს უფრთხილდებიან და კრედიტებს ჯანსაღ კომპანიებზეც კი აღარ გასცემენ. სწორედ ეს არის გლობალური ეკონომიკის შეფერხების მიზეზი. //

ბანკების დიდი ნაწილი სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს მხოლოდ იმით, რომ თავის ხელთ არსებულ კაპიტალს უფრთხილდება და ახალ კრედიტებს აღარ გასცემს, ნაწილი კიდევ სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით სულდგმულობს. სახელმწიფო კაპიტალი ინვესტორების მაგივრობას ეწევა, მაგრამ ეს დროებითი გამოსავალია. ეს კეთდება მხოლოდ იმისათვის, რომ ბანკები დარწმუნდნენ, ახალი კრედიტების გასაცემად და მუშაობის დასაწყებად რომ საკმარისი სახსრები გააჩნიათ.

ბოლო დროს სულ მეტი და მეტი ფინანსისტი მოუწოდებს მთავრობებს უფრო რადიკალური ნაბიჯები გადადგან, რაც გულისხმობს უიმედო აქტივების გადაცემას სახელმწიფოს მიერ მართვადი ერთი ორგანიზაციისათვის, რომელსაც, პირობითად, ”ცუდი ბანკი” ეწოდება.

ამ იდეას ლონდონის ”კომერცბანკის” ფინანსური სტრატეგი პიტერ დიქსონი განმარტავს:

”პრობლემა იმაშია, რომ ბანკებმა არაფერი იციან აქტივების ხარისხის შესახებ, ვერ განასხვავებენ ცუდ და კარგ აქტივებს - ისინი მხოლოდ მთლიან მდგომარეობას უყურებენ. და ”ცუდმა ბანკმა” რაც უნდა გააკეთოს, არის ის, რომ საბუღალტრო ბალანსებიდან დაბინძურებული აქტივები ამოიღოს. ეს კი ბანკებს საშუალებას მისცემს უფრო ნათელი წარმოდგენა იქონიონ თავიანთი ბალანსის შესახებ. და ეს იქნება ის საკვანძო ფაქტორი, რაც, ვფიქრობ, დაეხმარება ბანკებს ხელახლა დაიწყონ კრედიტების გაცემა.”

მოცემულ ეტაპზე ”ცუდი ბანკის” იდეას განიხილავენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და იტალიის მაღალი თანამდებობის პირები. ამ ქვეყნების ბანკებში ყველაზე მეტი ცუდი აქტივი ინახება.

პირველი პრობლემა იმის გარკვევაა, თუ რა ოდენობისაა ცუდი აქტივები.

მხოლოდ აშშ-ის ბანკებში დაგროვილი ცუდი აქტივების ფასი 4 ტრილიონ დოლარს უტოლდება, რაც თავად ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მესამედია. სხვა რიცხვს ასახელებს ლონდონელი ფინანსისტი დევიდ როში. მისი აზრით, აშშ-ის ბანკებში 800 მილიარდი დოლარის უიმედო აქტივებია, გერმანიაში - 300 მილიარდი ევროსი, ხოლო დიდ ბრიტანეტში ცუდი აქტივების ფასი 200 მილიარდი ფუნტი სტერლინგია.

”ცუდი ბანკი” ასეთ ცუდ აქტივებს შეიძენს იმ მიზნით, რომ გაწმენდილ ბანკებში კერძო ინვესტორები მოიზიდოს და უიმედო აქტივების ნაციონალიზაცია ან ლიკვიდირება მოხდეს.

მომავალში, როდესაც ფინანსური ცხოვრება სტაბილური გახდება და უძრავ ქონებას რეალური ფასი დაუბრუნდება, სახელმწიფომ შეიძლება ეს ცუდი აქტივები გაყიდოს კიდეც.

ლონდონელი ფინანსისტი ამბობს, რომ ბევრი ქვეყნის მთავრობა მზადაა უფრო რადიკალურ მეთოდებსაც მიმართოს:

” განვლილი რამდენიმე თვის მანძილზე სიტუაცია გლობალურ ფინანსურ თანამეგობრობაში საგრძნობლად გაუარესდა და, ვფიქრობ, მთავრობებს სურვილი გაუჩნდათ უფრო რადიკალურ ზომებს მიმართონ - ისეთ ზომებს, რომლებსაც ერიდებოდნენ გასული წლის მიწურულს.”

”ცუდი ბანკის” პრეცედენტი უკვე არსებობს: 1990 წელს შვეციის მთავრობამ სწორედ ამ გზით გადაარჩინა საბანკო სექტორი და შემდგომ ეტაპზე ის უფრო გაძლიერდა.
XS
SM
MD
LG