Accessibility links

logo-print

დევნილთა სარჩელები სტრასბურგში


ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში იწურება რუსეთ–საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულთა სარჩელების წარდგენის ვადა.

პრაქტიკულად უკვე მომზადებულია სახელმწიფოთშორისი სარჩელი „საქართველო – რუსეთის წინააღმდეგ“ და აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთა რამდენიმე ათეული სარჩელი. არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42–ე მუხლმა“ 6 თებერვალს სტრასბურგის სასამართლოს 391 დაზარალებულის საქმეების პირველადი განაცხადი გაუგზავნა. ევროსასამართლოში გაგზავნილ საქმეთა უმრავლესობაში დაზარალებულები რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ძირითადი მუხლების დარღვევას ასაჩივრებენ.

სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, მონობა და იძულებით შრომა, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებების უკანონო აღკვეთა, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის შელახვა, დისკრიმინაცია და საკუთრების უფლება – ესაა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ის ძირითადი მუხლები, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ აგვისტოს ომის დროს კონფლიქტის არეალში მცხოვრები მოსახლეობის წინააღმდეგ დაარღვია. დაზარალებულები ითხოვენ ევროსასამართლომ რუსეთის ფედერაციას მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურება დააკისროს.

[თამარ გაბისონიას ხმა]“ ’კონსტიტუციის 42–ე მუხლი’ იცავს 391 განმცხადებლის, დევნილის უფლებებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ძირითადი დარღვევები, რასაც ჩვენ ვთხოვთ ევროპულ სასამართლოს, გახლავთ, ცნოს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა გადაჭარბებული ძალა. ვფიქრობთ, რომ დადგება მკაცრი პასუხისმგებლობა რუსეთის სახელმწიფოსი და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების უფლებები.“(სტილი დაცულია)

”კონსტიტუციის 42–ე მუხლის” ადვოკატი თამარ გაბისონია იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეების სარჩელებს ევროსასამართლო პრიორიტეტულ წარმოებაში მიიღებს და დაჩქარებულ ვადებში განიხილავს. ამ საქმეებს შორისაა ფრონეს ხეობის სოფელ ნულის მკვიდრის, გლახო ჭავჭავაძის, საქმეც.

[დიმიტრი ხაჩიძის ხმა]“ ამ შემთხვევაში ეს არის ქონების განადგურება, პირველი დამატებითი ოქმი, მერვე მუხლი - ცხოვრებისა და პირადი ცხოვრების დარღვევა. აბსოლუტურად ყველაფერი განადგურებულია. ხდებოდა ქონების განადგურება სტანდარტული ფორმით. მოდიოდა რუსის ჯარი, ჯერ ატარებდნენ სოფლებში, სახლებში ჩხრეკას, იარაღი ხომ არ იყო და ასე შემდეგ, რუსის ჯარს უკან მოჰყვებოდნენ ოსი სეპარატისტები. ჯერ ძარცვავდნენ ამ სახლებს, ეგრევე არ წვავდნენ, მერე მეორე შემოვლა, მესამე შემოვლა და შემდეგ ხდებოდა ამ სახლების დაწვა.“(სტილი დაცულია)

გვითხრა ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ, რომლის განმარტებითაც, მიუხედავად იმისა, რომ ქართული სოფლების დაწიოკებაში ოსი სეპარატისტებიც მონაწილეობდნენ, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი რუსეთია და პასუხიც მას მოეთხოვება, მათ შორის, ომის დღეებში ჟურნალისტების გიგა ჩიხლაძისა და ალექსანდრე კლიმჩუკის მკვლელობის გამო.

[ვანდა ჯიჯელავას ხმა]“ამ საქმეში ჩვენ პირდაპირ ვაკისრებთ რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობას. ეს მკვლელობა მოხდა ცხინვალში, ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული. ამ ადამიანებს ესროლეს დაახლოებით 15 მეტრის მანძილიდან, სადაც ძალიან კარგად ჩანდა, რომ ესენი არ იყვნენ სამხედრო პირები, მათ ჰქონდათ პრესის აღმნიშვნელი ნიშნები და, გარდა ამისა, მათი მკვლელობა გამოიწვია ერთადერთმა იმ ფაქტმა, რომ გიგა ჩიხლაძემ თქვა: გამარჯობათ, ქართველებო. მოვითხოვთ ამ საქმესთან დაკავშირებით პრიორიტეტს და ვიმედოვნებთ, რომ ევროპის სასამართლო ამ საქმეს დაჩქარებული ვადით განიხილავს.“(სტილი დაცულია)

ადვოკატ ვანდა ჯიჯელავას თქმით, გიგა ჩიხლაძისა და ალექსანდრე კლიმჩუკის მკვლელობების საქმეზე აღძრულ სარჩელებში განმცხადებლები დაღუპული ჟურნალისტების ოჯახის წევრები არიან. ”კონსტიტუციის 42–ე მუხლის” დახმარებით მომზადებულ 400–მდე სარჩელში არის იმ ინდივიდუალური მეწარმეების საქმეებიც, რომელთაც თავიანთი საქმიანობის განხორციელების უფლება და საშუალება დღეს უკვე აღარ აქვთ.




XS
SM
MD
LG