Accessibility links

რამდენად ამართლებს დასავლეთი საქართველოს იმედს დაიცვას, ის რუსეთის აგრესიისაგან


მიუნხენში მიმდინარე კონფერენციას, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება, საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით ესწრება.

კონფერენციის მუშაობაში სხვადასხვა ქვეყნების 350 წარმომადგენელი მონაწილეობს და მის მუშაობას დაახლოებით 400 ჟურნალისტი აშუქებს. მონაწილეთა და ჟურნალისტთა რაოდენობა თავისთავად ცხადყოფს კონფერენციის მნიშვნელობას, მაგრამ ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს დელეგაციისა და საქართველოსთვის, რომელიც დასავლეთიგან ქმედით ნაბიჯებს ელის რუსეთის აგრესიის აღსაკვეთად.


ჯერ კიდევ ორიოდე დღის წინ გახდა ცნობილი ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომ ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი მიუნხენში რუსეთის წარმომადგენელს თავის შეშფოთებას გაუზიარებდა რუსეთის გადაწყვეტილების გამო, სამხედრო ბაზები შექმნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სათქმელი ითქვა. ნატოს გენერალურმა მდივანმა მიუნხენში ჟურნალისტების წინაშეც განაცხადა, რომ დასავლეთის ლიდერებისთვის სრულიად გაუგებარია რუსეთის გადაწყვეტილება:

[იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა] ”პრეზიდენტმა მედვედევმა ასევე შემოგვთავაზა ვიმსჯელოთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალ წინადადებაზე. ბევრი ლიდერი ღიად ამბობს, რომ მზად არის რუსეთთან ისაუბროს ამ თემაზე, მათ შორის ვარ მეც, მაგრამ არ მესმის, როგორ შეიძლება სერიოზულად ვიმსჯელოთ ევროპაში უსაფრთხოების ახალ სტრუქტურაზე, მაშინ როცა რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტიო, ამ დროს კი რუსეთი სამხედრო ბაზებს აშენებს საქართველოში, სადაც ეს ბაზები არ სურთ.”

საქართველოში ეს ბაზები არ სურთ და ნატოს გენერალური მდივნისთვის გაუგებარია რუსეთის არგუმენტები, რომელთაც ის მიმართავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი ქმედებების ასახსნელად. მაგრამ რუსეთისთვის ეს შემაკავებელი ფაქტორი არ არის. სწორედ მიუნხენში თქვა რუსეთის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთი შეასრულებს თავის გეგმას და აუცილებლად ააშენებს სამხედრო ბაზებს. დასავლეთის მოწოდებების მიუხედავად, რუსეთი არც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას აპირებს. ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ. არადა, მიუნხენში რუსეთის გასაგონად საკმაოდ მკაცრი ტონით გააკეთა განცხადება შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ერთ განცხადებაში მან ზედიზედ გაიმეორა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად:

"ჩვენ ყველაფერში არ დავეთანხმებით რუსეთს. მაგალითად, შეერთებული შტატები არ აღიარებს, არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ჩვენ არ დავთანხმდებით იმას, რომ რომელიმე სახელმწიფოს ჰქონდეს გავლენის სფერო. სუვერენულ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და თვითონ აირჩიონ საკუთარი მოკავშირეები."

დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის აშკარაა, მიუნხენში გაკეთებული საკმაოდ მკაცრი განცხადებები ნატოს გენერალური მდივნისა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან აიხსნება იმითაც, რომ დასავლეთში აცნობიერებენ საქართველოსთვის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს. ასე ფიქრობს პოლიტიკური რისკების მკვლევარი ბაკურ კვაშილავაც... მისი სიტყვით, საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთს დაგეგმილი აქვს ახალი აგრესიული, სამხედრო ქმედებები საქართველოში. მისივე სიტყვებით, დასავლეთს შეუძლია საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხის განეიტრალება, თუკი ამის სურვილი და ნება იქნება, ხოლო არის თუ არა ასეთი ნება, ამას ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის და რუსეთის ხელისუფლების პირველი პირის პირისპირ შეხვედრა გამოაჩენს:

[ბაკურ კვაშილავას ხმა] ”ალბათ, ყველა მაინც ელოდება შეხვედრას, რომელიც შედგება პირველ პირებს შორის, სადაც ნათლად უნდა გამოაჩინოს ობამამ, ალბათ, თავისი საგარეო პრიორიტეტები. ”(სტილი დაცულია)

მანამდე კი საქართველოს ხელისუფლებაში ღიად ალაპარაკდნენ შესაძლო გართულებებზე. რისკის პერიოდად სახელდება ივნისამდე დარჩენილი დრო. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, ამ პერიოდში რუსეთი შეეცდება ვითარების დესტაბილიზაცია მოახდინოს უკრაინასა და საქართველოში ხელისუფლებების შეცვლის მიზნით.
XS
SM
MD
LG