Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომის სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების კიდევ ერთი დამოუკიდებელი გამოძიება


აგვისტოს ომის სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების

კიდევ ერთი დამოუკიდებელი გამოძიება, მისი ანალიზი და დასკვნა
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, გია ყარყარაშვილს ეკუთვნის. სამხედრო პროფესიონალის თვალით დანახული ხუთდღიანი ომის შეფასება ყოველკვირეულ გაზეთ ”კვირის პალიტრაში” გაგრძელებებით იბეჭდება. ყველაზე გამაოგნებელი აღმოჩნდა წერილის მესამე ნაწილი, სადაც ცხინვალთან ბრძოლების ისეთ დეტალებზეა საუბარი, რომლებიც საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი იყო.


გადამდგარი გენერალი გია ყარყარაშვილი 8 აგვისტოდან საომარი მოქმედებების ზონაში იმყოფებოდა და, როგორც თავად ამტკიცებს, ბევრი ფაქტის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ბრძოლიდან გამოსული სამხედროებისა და სპეცნაზელებისგან აქვს მიღებული. სწორედ თვითმხილველებმა უამბეს ყარყარაშვილს 8 აგვისტოს ზემო ნიქოზთან შეტაკების შესახებ, რასაც საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს. ამ დღეს ქართველმა ტანკისტებმა რუსეთის მშვიდობისდამცველთა შტაბი გაანადგურეს და 12-მდე რუსი სამშვიდობო ჯარისკაცი დახოცეს, რამაც კრემლს მიზეზი მისცა საქართველოზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაეწყო, - ამბობს გიორგი ყარყარაშვილი:

[გია ყარყარაშვილი] ”მე ვიყავი სადღაც, მაგ დროს, ფხვენისთან და სპეცნაზები რომ გამოიყვანეს, აი, სპეცნაზის ინფორმაციაა და ამას ისინი ლაპარაკობდნენ, რომლებიც იძახდნენ, რომ ჩვენ ბრძანება გვქონდა, რომ რუსებისათვის არ გვესროლა. ამას იძახდნენ კატეგორიულად...იმ არაორგანიზებულობის, დაბნეულობისა და ქაოსის გამო, როდესაც ჩატარებული არ ჰქონდათ რეკოგნოსცირება და არ იცოდნენ, სად იდგა მოწინააღმდეგის პოსტები, მიადგა ტანკი, შენიშნა მოწინააღმდეგის გადაადგილება და გაუხსნა ცეცხლი. ამის შემდეგ იყო იქიდანაც საპასუხო ცეცხლი და ამის შემდეგ მიწასთან იქნა გასწორებული სამხედრო ქალაქი.”(სტილი დაცულია)


გია ყარყარაშვილის შეფასებით, უმთავრესი შეცდომა იყო პოლიტიკური მოლაპარაკებების შეწყვეტა რუსეთთან და კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის მცდელობა, რაც, გენერლის მტკიცებით, 6 აგვისტოს დაიგეგმა. გია ყარყარაშვილის ხელთ არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად განიხილებოდა სახმელეთო ძალების მაშინდელი სარდლის, პოლკოვნიკ მამია ბალახაძის გეგმა, რომელიც შესაძლო ომის გაჩაღების შემთხვევაში ცხინვალზე მთავარი დარტყმის განხორციელებას არ ითვალისწინებდა. მაგრამ მოგვიანებით პოლიტიკურმა პირებმა სამხედროებს გეგმა შეაცვლევინეს და რეგიონის მთავარი ქალაქის მიმართულებით შეტევის დაგეგმარება მოითხოვეს.

[გია ყარყარაშვილი] ”იცით, უფრო მოგვიანებით, როდესაც შემდეგი თათბირი უკვე გორში ტარდება, სადღაც 18-დან 22 საათამდე, იქ არის ესეთი ტერმინები და ფრაზები, რომ ცხინვალს აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა.” (სტილი დაცულია)

ერთადერთი, ვინც პოლიტიკოსების გეგმას არ ეთანხმებოდა, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია (ამჟამინდელი გენერალური შტაბის უფროსი) ყოფილა. თუმცა იგი საერთოდ ჩამოაცილეს მართვას, რადგან გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელობა და პოლიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ რუსეთის არმიას იოლად გაუმკლავდებოდნენ. სავარაუდო მოწინააღმდეგის დაუფასებლობა და საკუთარი ძალების გადაჭარბებული შეფასება გენერალ გია ყარყარაშვილს საქართველოს ხელმძღვანელობის ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია:

[გია ყარყარაშვილი] ”ჩვენ, მე მგონი, 2004 წლიდან სწორედ აქ გვქონდა ყველაზე დიდი შეცდომები დაშვებული, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები რაღაც მოჩვენებით ძლიერებაზე ავაგეთ. ეს განცხადებებიც, რომელიც კეთდებოდა პოლიტიკოსების მიერ რაღაც რუსეთის დაჟანგებულ ტანკებზე და ჩვენს უძლეველობაზე... - პირველი შეცდომა ჩვენი ძალების შეფასებაში სწორედ აქ იყო დაშვებული.” [სტილი დაცულია.]

მოჩვენებითი ძლიერების დემონსტრირება, გიორგი ყარყარაშვილის თქმით, ომის მსვლელობაშიც შეიმჩნეოდა. საქართველოს ხელისუფლება 10 აგვისტომდე ამტკიცებდა, რომ ქართული არმია ცხინვალს აკონტროლებდა. თუმცა საკუთარ გამოკვლევაში, რომელიც ომის მსვლელობის დროს ცხინვალთან მყოფი სამხედროების ინტერვიუებს ეყრდნობა, გია ყარყარაშვილი კიდევ ერთ სკანდალურ დასკვნას აკეთებს. ექს-თავდაცვის მინისტრის თქმით, ქართულ შენაერთებს ცხინვალზე კონტროლი 8 აგვისტოს დილით დაკარგული ჰქონდათ:

[გია ყარყარაშვილი] ”ამის შემდეგ ჩვენ ცხინვალში საერთოდ აღარ შევსულვართ. ერთადერთი, 9-ში 15 საათზე შევედით 600 მეტრით, მე-12 სკოლასთან. ეს არის შანხაის დასახლება. ”(სტილი დაცულია)

გია ყარყარაშვილის თქმით, 8 აგვისტოდან ცხინვალის ქუჩებში რჩებოდა რამდენიმე ათეული ქართველი ჯარისკაცისა და ოფიცრის ცხედარი. ცხინვალში რჩებოდა და დახმარებას ითხოვდა რამდენიმე სპეცრაზმელი, რომელსაც სჯეროდა საქართველოს ხელისუფლების განცხადებებისა, რომ ცხინვალს ქართული ჯარი აკონტროლებდა:


[გია ყარყარაშვილი] ”რაღაც ნაწილი[მებრძოლებისა} იქ დავტოვეთ და დასახმარებლად არ შევედით... სტალინის ქუჩაზე დავტოვეთ... 9 კაცი იყო განსაკუთრებული მთავარი სამმართველოდან და იხვეწებოდნენ საღამოს 19 საათამდე შველას, მაგრამ არავინ შევიდა გამოსაყვანად. ნუ, დაკარგულები არიან. სავარაუდოდ, დახვრეტილები უნდა იყვნენ.”(სტილი დაცულია)

ასევე ვერ მოხერხდა ცხინვალის ქუჩებში ბრძოლების დროს დაღუპული რამდენიმე ათეული ქართველი ჯარისკაცისა და ოფიცრის ცხედრების გამოტანა, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ქართულ არმიას უკვე 8 აგვისტოს შუადღისთვის ცხინვალზე კონტროლი დაკარგული ჰქონდა. გია ყარყარაშვილმა საკუთარი გამოძიების გამოქვეყნების ექსკლუზიური უფლება ყოველკვირეულ გაზეთ ”კვირის პალიტრას” დაუთმო. 12 იანვარს ექს-თავდაცვის მინისტრის ნაშრომის მხოლოდ პირველი ნაწილი გამოქვეყნდა. გიორგი ყარყარაშვილის თქმით, წაგებულ ომს რუსეთთან ჰქონდა ერთადერთი ნათელი საბრძოლო ეპიზოდი. ეს იყო ცხინვალის შესასვლელთან, შანხაის დასახლებაში, გენერალ ხრულიოვის სამხედრო კოლონასთან 9 აგვისტოს გამართული საათნახევრიანი ბრძოლა:

[გია ყარყარაშვილი] ”გაიმართა ბრძოლა ორმხრივი. გენერალი ხრულიოვი დაიჭრა. დაიჭრა თითქმის ყველა მეთაური, სამხედრო ჩინის მატარებელი რუსი. 6 ადამიანი დაიღუპა. 5 ერთეული ჯავშანტექნიკა ააფეთქეს ჩვენმა შენაერთებმა - 3 ბმპ და 2 ტანკი. ჩვენი მხრიდანაც იყო დანაკარგები... საათ-ნახევარი გრძელდებოდა ეს ბრძოლა. ალბათ, ეს უნდა ავიღოთ, აი, ამ შემართულ ბრძოლად. და, რა თქმა უნდა, არტილერიის მოქმედება, რომელიც პირველი დღეებიდანვე უწევდა მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობას.” [სტილი დაცულია]

გია ყარყარაშვილის მიერ წარმოდგენილი დასკვნა საკმაოდ მწვავეა და იგი როგორც სამხედრო ოპერაციის დაგეგმვის, ისე განხორციელებისა და უკან დახევის ფაზაში მაღალი სახელმწიფო მოხელეებისა და მთლიანად აპარატის არაორგანიზებულობასა და არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს:

[გია ყარყარაშვილი] ”ჩვენ არ ველოდით, რომ რუსები ჩაერეოდნენ 8-ში; 9 -ში არ ველოდით, რუსები თუ შემოვიდოდნენ და აგრესიას განახორციელებდნენ; 10-ში ჩვენ არ ველოდით ცხინვალს თუ გამოსცდებოდნენ; 11-ში არ ველოდით, თუ ცხინვალში შემოვიდოდნენ. შემდგომ დღეზე მოქმედებას რუსებისას ჩვენ არ ველოდით.”(სტილი დაცულია)

ბევრ შემთხვევაში ყარყარაშვილი ეყრდნობა აგვისტოს ომის შედეგების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიისათვის საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ საჯაროდ მიცემულ ჩვენებებს. თუმცა, როგორც გია ყარყარაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ხელისუფლების წარმომადგენლები მის პუბლიკაციას ჯერ არ გამოხმაურებიან. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საპარლამენტო კომისიის წინაშე გამოსვლით აგვისტოს ომის თემა ამოწურულია და გადახედვას აღარ ექვემდებარება.


  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG