Accessibility links

logo-print

მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს თბილისში ეხმაურებიან


მიუნხენში გამართული 45-ე კონფერენცია უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოში შეფასებების საგნად იქცა.

ამერიკის ახალი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, გამოსვლას თბილისში აფასებენ როგორც უმნიშვნელოვანეს და ღია გზავნილს რუსეთისადმი. ამერიკამ მიუნხენში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ განაგრძობს საქართველოს დახმარებას და არასოდეს აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

მინდა მიუნხენის კონფერენციის თბილისურ გამოხმაურებებზე მოგითხროთ.


თბილისში განსაკუთრებული ყურადღებით ელოდნენ როგორი იქნებოდა ამერიკის ახალი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, გამოსვლა მიუნხენში, უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. ჯო ბაიდენმა თქვა:

[ჯო ბაიდენი] ”ჩვენ ყველაფერში არ დავეთანხმებით რუსეთს. ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ჩვენ არ დავთანხმდებით იმას, რომ რომელიმე სახელმწიფოს ჰქონდეს გავლენის სფერო. სახელმწიფოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და თვითონ აირჩიონ საკუთარი მოკავშირეები.”

თავად მიხეილ სააკაშვილის განცხადება 8 თებერვალს, ამერიკის ვიცე- პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, საკმაოდ ოპტიმისტური იყო:

[მიხეილ სააკაშვილი] ”ამერიკა გააგრძელებს ფინანსური დახმარების აღმოჩენას ჩვენთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო კრიზისის ფონზე და ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა დაბალანსდეს. და ასევე სრულიად ნათელია, რომ ყველა საკითხზე მოლაპარაკებებზე, რომელიც ამერიკას ექნება რუსეთთან, საქართველო იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.”(სტილი დაცულია)


მკაცრი ტონი ჰქონდა გამოსვლისას ნატოს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერსაც, რომელსაც ძნელად წარმოუდგენია ევროპაში უსაფრთხოების ახალ სტრუქტურაზე საუბარი მაშინ, როდესაც რუსეთი თავის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებს აშენებს:

[იააპ დე ჰოოპ სხეფერი] ”პრეზიდენტმა მედვედევმა ასევე შემოგვთავაზა ვიმსჯელოთ ევროატლანტიკური უზრუნველყოფის ახალ წინადადებაზე. ბევრი ლიდერი ღიად ამბობს, რომ მზად არის რუსეთთან ისაუბროს ამ თემაზე, მათ შორის ვარ მეც, მაგრამ არ მესმის, როგორ შეიძლება სერიოზულად ვიმსჯელოთ ევროპაში უსაფრთხოების ახალ სტრუქტურაზე მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი, ამ დროს კი რუსეთი საქართველოში აშენებს სამხედრო ბაზებს, საქართველოში კი არ სურთ ეს ბაზები.”

რუსეთმა კი მთელი მსოფლიოს გასაგონად სერგეი ივანოვის პირით კიდევ ერთხელ თქვა, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებს არც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასა და არც სამხედრო ბაზების მშენებლობასთან დაკავშირებით.
ქართველი ექსპერტებისათვის არაფერი მოულოდნელი რუსეთის ამ განცხადებაში არ ყოფილა. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ მოსკოვი არ არის მიჩვეული დასავლეთიდან წამოსულ კეთილ ჟესტებს ანალოგიურად უპასუხოს:

[სოსო ცინცაძე] ”რუსეთი რჩება იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც იყო, მაგრამ ითხოვს დათმობებს ვაშინგტონისაგან. რუსეთი როგორც მიჩვეული იყო, რომ ეს ურთიერთობა არის ცალმხრივი მოძრაობის ქუჩა, ისევ ამ ტაქტიკას აგრძელებს დღეს.” (სტილი დაცულია)

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადებები მოსალოდნელი იყო:

[სოსო ცინცაძე] ”ბაიდენმა თქვა ის, რისი ართქმაც მას არ შეეძლო - ის, რომ რუსეთთან თანამშრომლობა საჭიროა, მაგრამ მან პატივი უნდა სცეს თავის მეზობლებს. მისი იმპერიული ამბიციების შესახებ ძალიან დელიკატურ ტონში იყო ნათქვამი.” (სტილი დაცულია)

ექსპერტმა გოგი ხუციშვილმა ჯო ბაიდენის გამოსვლის შინაარსის პოზიტიურ მომენტებად შემდეგი დაასახელა:

[გოგი ხუციშვილი] ”ძალიან დადებითი ფაქტი იყო ის, რომ ჯო ბაიდენმა ძალიან გამოკვეთილად თქვა თავისი პოზიცია გავლენის სფეროებთან დაკავშირებით. ამერიკა არ მოითმენს და არ შეურიგდება იმას, რომ მსოფლიო იყოს გაყოფილი გავლენის სფეროებად. ამას ემატება ისიც, რომ ამერიკა არასოდეს ცნობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და ესეც არის ძალიან დადებითი ფაქტი.


მიუნხენში განვითარებულ მოვლენებს ორშაბათის ტრადიცულ ბრიფინგზე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც:

[გრიგოლ ვაშაძე] ”ჯო ბაიდენმა ძალიან მტკიცედ დაადასტურა შეერთებული შტატების პოზიცია და სამჯერ თქვა ”არა”, რომ რომელიღაც ქვეყანას პოსტსაბჭოთა სივრცეზე ჰქონდეს გავლენის სფეროები და რუსეთის მცდელობას, რომ საქართველო ამ გავლენის სფეროებს დაუბრუნოს. მეორე ის, რომ რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს ვეტოს უფლება იმაზე, რომ მესამე ქვეყანამ აირჩიოს თავისი მოკავშირეები და ალიანსები. და კიდევ ერთი მტკიცე ”არა” იმას, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი აღიარებული იქნეს დამოუკიდებელ ქვეყნებად.”(სტილი დაცულია)

ხელისუფლება, როგორც იტყვიან, ერთსულოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გეგმების შეცვლას არ აპირებს, ქართულ სახელისუფლებო წრეებისათვის უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ, როგორც უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, აკაკი მინაშვილი, აცხადებს:

[აკაკი მინაშვილი] ”შეერთებული შტატები გამოიყენებს მის ხელთარსებულ ყველა საშუალებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული რაიმე სახის კრიზისი.”

ქართულ ოპოზიციაში მიუნხენის კონფერენციის მნიშვნელობასა და იქ საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას ამბობენ, რომ მთავარია ქართულ მხარეს არ გაუჩნდეს ილუზია, რომ ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლება ისურვებდა. ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე, ამბობს:

[ფიქრია ჩიხრაძე] ”ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციაც ურყევად ადგას ცხინვალისა დ ააფხაზეთის რეგიონების არაღიარების პოზიციას და იმავეს მოუწოდებს მსოფლიო დემოკრატიულ ქვეყნებს. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ, თუ ჩვენ მოვახერხეთ და გრძელვადიანად შევინარჩუნეთ ეს რეჟიმი, - მხოლოდ ერთი, რუსული, აღიარებით ამ რეგიონებისა, - ეს მომავალში გარკვეულ პერსპექტივას ტოვებს.” (სტილი დაცულია)

ფიქრია ჩიხრაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილსა და ჯო ბაიდენს შორის საკმაოდ თავშეკავებული საუბარი შედგა, რომლის დროსაც ამერიკამ საქართველოს პრეზიდენტს გარკვეული პირობებიც წაუყენა. ჩიხრაძე ფიქრობს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას არაერთ სფეროში დაიწყებს ნულოვანი ნიშნულიდან, ამ ფონზე კი საქართველო მხოლოდ სხვა ქვეყნების იმედად არ უნდა დარჩეს.





XS
SM
MD
LG