Accessibility links

logo-print

ქართული პრესა


„რამდენიმე დღის წინათ ცენტრალურ მაგისტრალზე ოსურმა ბანდფორმირებამ

მანქანა დააყაჩაღა და ადამიანი გაიტაცა. მართალია, მალხაზ ბეუფლიშვილი რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს, მაგრამ ეს ინციდენტი გაცილებით უფრო საგანგაშოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - საქმე ქვეყნის მთავარ მაგისტრალურ გზას, ანუ თითოეული ჩვენგანის პირად და ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ეხება”, – წაიკითხავთ გაზეთ „24 საათში“ დაბეჭდილ სტატიაში „გაჭედილები“, რომელიც აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს საგარეო და საშინაო მდგომარეობის ერთგვარ ანალიზს წარმოადგენს, მათ შორის, ოპოზიციის პარტიულ ფრონტზე: ოპოზიცია, „ იმის ნაცვლად, რომ დემოკრატიული ცვლილებებისა და რეფორმების სტიმულირება მოახდინოს, ისევ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, როდესაც კრიზისიდან გამოსვლის ელემენტარული მონახაზიც კი არ შეუთავაზებია ამომრჩევლისათვის.” - სტატიის ავტორის აზრით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში რეფორმატორული სულისკვეთება მოიკოჭლებს და თავად საზოგადოებაც გაიჭედა, ქვეყანა სხვათა იმედად ყოფნისათვისაა განწირული.

დღესვე გაზეთ ”24 საათში” გამოქვეყნდა პოლიტოლოგ დევიდ სმიტის სტატია: ”მიუნხენი: ობამას საგარეო პოლიტიკის პირველი წარდგენა და საქართველოს დიდი მხარდაჭერა.“ სტატიის თანახმად, მიუნხენში არაერთი მინიშნება გაკეთდა რეგიონში რუსეთის აგრესიის აღსაკვეთად და კონფერენციაც ამ მიმართულებით საქართველოსთვის სასარგებლო აღმოჩნდა.

მიუნხენის კონფერენცია დღესაც რჩება ქართული პერიოდიკის ერთ–ერთ მთავარ თემად. „სააკაშვილს მიუნხენში სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს“ - პუბლიკაციაში, რომელსაც გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს, ამ ფაქტზე ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრებებია გამოთქმული. ერთი პოზიციის თანახმად, მიუნხენის კონფერენცია სააკაშვილის და არა საქართველოს კრახი იყო, მეორე მოსაზრებით კი, ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი მომხსენებელთა შორის არ აღმოჩნდა, დიპლომატებისა და დიპლომატიის სისუსტის შედეგია.

”რეზონანსისავე” ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველი უახლოეს დღეებში გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს და მის ადგილს დროებით ახალგაზრდა იურისტთა ყოფილი წარმომადგენელი გიორგი ჩხეიძე დაიკავებს, რომელიც ახლა სოზარ სუბარის მოადგილეა. აღმოჩნდება გიორგი ჩხეიძე ხელისუფლებისთვის მისაღები? ეს შეკითხვა დასმულია სტატიაში, რომელიც სახალხო დამცველის პოსტზე სოზარ სუბარის შესაძლო შემცვლელთა ამოცნობის ერთგვარი მცდელობაა. დასახელებულია რამდენიმე კანდიდატი: პარლამენტარები ეკა ხერხეულიძე, გია არსენიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე; არასამთავრობო სექტორიდან: მანანა კობახიძე და გიორგი ჩხეიძე და, ბოლოს, ელენე თევდორაძე, რომელიც, პუბლიკაციის თანახმად, ასაკის გამო შეთავაზებაზე, თუ ამგვარი იქნა, უარს იტყვის.

ჯავახეთი მეორე ყარაბახი არ გახდება, – უთხრა გაზეთ „ახალ თაობას“ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ვან ბაიბურთმა. “ ჩვენი ერთმანეთთან წაკიდებით ბევრი ვინმეა რუსეთში დაინტერესებული. მოსკოვი ყველაფერს კადრულობს იმისათვის, რომ ჯავახეთში რაღაც საშინელება მოაწყოს. ამ შემთხვევაში ეს გამორიცხულია. რაღაცა რომ დათესო და იქიდან მოსავალი მოიმკა, ნიადაგი უნდა გიწყობდეს ხელს. ჯავახეთში არ არის იმის ნიადაგი, რომ იქ დაპირისპირება დაითესოს“, - წაიკითხავთ გაზეთში“ ახალი თაობა.“
XS
SM
MD
LG