Accessibility links

რა ხდება კოდორის ხეობაში, სადაც თომას ჰამარბერგს ელოდნენ


ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თომას ჰამარბერგი, რომელიც აფხაზეთში იმყოფება, 10 თებერვალს კოდორის ხეობაში გეგმავდა ჩაფრენას

და იქაური ვითარების გაცნობას, მაგრამ, როგორც აფხაზური წყაროები იუწყებიან, უამინდობის გამო ზემო აფხაზეთში ჩასვლა ვერ მოახერხა. კოდორის ხეობა, რომელიც რუსულმა საოკუპაციო ჯარმა და აფხაზურმა ფორმირებებმა 12 აგვისტოს დაიკავეს, მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს და იქ ამჟამად ომამდელი მოსახლეობის მხოლოდ 3 პროცენტი ცხოვრობს.


კოდორის ხეობის სოფელ გენცვიშის მკვიდრი გელა პირველი ერთ-ერთია იმათგან, ვინც ოკუპირებულ ზემო აფხაზეთში სექტემბერ-ოქტომბერში შესვლა და საკუთარი სახლ-კარის ნახვა მოახერხა. როგორც გელა პირველმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, კოდორის ხეობაში იგი 5 თვის წინ სამანქანო გზით, ჭუბერის მხრიდან, რამდენიმე თანასოფლელთან ერთად შევიდა:

[გელა პირველი] ”აქედან შევედით, ჭუბერიდან. შევედით ჩვეულებრივად. არაფერი ისეთი... გაგვაჩერეს რუსებმა და შეგვიშვეს დაახლოებით ასე 27 კაცი. ასე, ჩემნაირები სულ ყველა. არ მეგონა, ასე რომ იქნებოდა. იმ დღეს დილას დაბომბეს და სოფელი მელოდებოდა იქ, ტრაქტორი... და, ბოლოს, მე იქიდან ტრაქტორით წამოვედი.”[სტილი დაცულია]

სანამ კოდორის ხეობიდან უკან დაბრუნდებოდა, გელა პირველმა ავიაციისაგან აფეთქებული სახლის გადახურვაც მოასწრო და ზემო აფხაზეთის ადმინისტრაციული ცენტრის, აჟარის, მონახულებაც. ჩემი თანამოსაუბრის თქმით, იქ ომის და აფეთქების კვალი კიდევ უფრო იგრძნობოდა:

[გელა პირველი] ”სახურავი დანგრეული იყო ამ ტალღისაგან, ფანჯრები დალეწილი. და გადავხურეთ ეს სახლი...აჟარაში ადმინისტრაციული შენოდა სადაც იყო, დანგრეულია, აფეთქებულია ის, რაც სკოლის წინ იყო. შორიშორს ისევ ეს კოტეჯები დგას, მაგრამ ცენტრისკენ, იქ, მდინარე კოდორის მხარეს, ყველაფერი გადაბუგულია.”[სტილი დაცულია]

კოდორის ხეობაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ 2006 წელს ზემო აფხაზეთი უწოდა, რუსმა სამხედროებმა და აფხაზურმა შენაერთებმა 12 აგვისტოს - მას შემდეგ, რაც ხეობა საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა სამდღიანი ბრძოლის შემდეგ დატოვეს - კონტროლი დააწესეს. კოდორის ხეობა ამჟამად რუსი სამხედროების გამაგრებულ პუნქტს წარმოადგენს, სადაც სოხუმის იურისდიქცია ვრცელდება. დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მალხაზ აკიშბაიას თქმით, კოდორის ხეობის ადმინისტრაციულ მმართველობას თვითაღიარებული რესპუბლიკის მიერ დანიშნული ადგილობრივი მცხოვრები ბაჩო არღვლიანი ახორციელებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი ემზარ კვიციანის ნათესავია:

[მალხაზ აკიშბაია] ”ძირთადად იქ იმყოფება არღვლიანისა და [კვიციანის] ნათესავები, ვინც ადრე იმყოფებოდა ძებნაში. და აი, ასეთი მდგომარეობაა.”(სტილი დაცულია)

12 აგვისტოს შემდეგ კოდორის ხეობაში არ უშვებენ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რის გამოც რუსეთი არაერთხელ გააკრიტიკეს როგორც ევროსაბჭოში, ასევე ევროკავშირში. 10 თებერვალს თვითაღიარებულმა ხელისუფლებამ უფლება დართო ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს თომას ჰამარბერგს, მოენახულებინა ზემო აფხაზეთი. უამინდობის გამო ჰამარბერგმა ეს ვერ მოახერხა, თუმცა, როგორც საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ვარაუდობს, ჰამარბერგის ვიზიტი კოდორის ხეობაში სოხუმის ინტერესებში შედის:

[სოზარ სუბარი] ”პირიქით, ახლა, ალბათ, აფხაზებს აწყობთ. ანახვებენ იმ ხალხს, რომლებიც ცხოვრობენ, და მერე იტყვიან, აი, ხომ ხედავთ არანაირი საფრთხე აქ არ არის და არანაირი პრობლემა.”(სტილი დაცულია)

როგორც კოდორის ხეობის მკვიდრმა გელა პირველმა უთხრა რადიო ”თავისუფლებას”, აფხაზებს ეტყობათ, რომ ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეუწყონ ხეობაში მოსახლეობის ასვლას და ხელახლა დამკვიდრებას:

[გელა პირველი] ”სხვათა შორის, პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ არ მოველოდი აფხაზი ხალხისაგან ასეთ დამოკიდებულებას. ასე მითხრა[ერთმა აფხაზმა]: ”მე ბიძა და ძმა დავმარხე. კმარა ეს წყეული ომი, არ გვჭირდება ომიო”. მე გამიკვირდა ამ ახალგაზრდის ასეთი დამოკიდებულება, რადგან მეგონა, რომ უფრო ის იყო.. რუსები დადოდნენ ზევით-ქვევით ტანკებით და ბეტეერ-ებით (ჯავშანტრანსპორტიორებით) და იგრძნობოდა მათგან ისეთი ცივი დამოკიდებულება. ”(სტილი დაცულია)

მაგრამ ეს იყო ოქტომბრის ბოლოს. მას შემდეგ გელა პირველი დიდთოვლობისა და უგზოობის გამო სოფელ გენცვიშში, კოდორის ხეობაში, აღარ ასულა. ხეობაში, სადაც 2000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ამჟამად თითო-ოროლა ოჯახია დარჩენილი. ” კი მიმიწევს გული საგაზაფხულოდ ისევ ავიდე ჩემს სოფელშიო”, - ამბობს გელა პირველი და დასძენს, რომ ”ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მდგომარეობა იქნება იმ პერიოდისთვის”.
XS
SM
MD
LG