Accessibility links

”გადატვირთვა” - ეს კომპიუტერული ტერმინი დაუსრულებლად მეორდებოდა ამ დღეებში რუსეთის


”გადატვირთვა” - ეს კომპიუტერული ტერმინი დაუსრულებლად მეორდებოდა ამ დღეებში რუსეთის პრესაში.

,,რუსეთს გადატვირთვას ჰპირდებიან” - ასეთი იყო ”კომერსანტის” სათაური, ,,ამერიკა რუსეთთან ურთიერთობებს გადატვირთავს” - წერდა ”ვრემია ნოვოსტეი”, ,,გადატვირთვა - კარგად ჟღერს” - ასეთი იყო ”იზვესტიას” სათაური და იქვე მოჰყვებოდა კითხვა: რა იგულისხმება მიუნხენში გამოყენებულ ამ ახალ ტერმინში?

”კომერსანტი” წერდა: ,, ევროკავშირის ლიდერები დათანხმდნენ ხორცი შეასხან დმიტრი მედვედევის იდეას ევროპის უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით. ეს თემა საკვანძო იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. თუმცა დასავლეთი მოსკოვის ინიციატივის განხორციელებას სულაც არ აპირებს რუსული სცენარის მიხედვით. ანგელა მერკელმა, მაგალითად, განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ნატომ უნდა შექმნას”, - წერს გაზეთი და დასძენს: ,,გაცილებით მეტი გაგება რუსეთთან დაკავშირებით ამერიკის წარმომადგენლებმა გამოიჩინეს. ვიცე- პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც მიუნხენში ვაშინგტონის ახალ პოლიტიკურ კურსს წარმოადგენდა, განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია მზად არის რუსეთთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.”

სწორედ ჯო ბაიდენს უკავშირდება ტერმინი ,,გადატვირთვა”. აი, რას წერს ”ვრემია ნოვოსტეი”: შაბათს თავის გამოსვლაში ჯო ბაიდენმა აღიარა, რომ ,,ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაჩნდა სახიფათო ტენდენცია რუსეთისა და ნატოს წევრი ქვეყნების ურთიერთობებში. მისი სიტყვებით, ახლა დადგა დრო, როგორც პრეზიდენტმა ობამამ ბრძანა, გადატვირთვის ღილაკს დავაჭიროთ ხელი და კვლავ მივმართოთ სხვადასხვა სფეროს, რომლებშიც შეგვიძლია და უნდა ვითანამშრომლოთ რუსეთთან.” - ბატონმა ბაიდენმა, - წერს გაზეთი, - გამოიყენა ტერმინი ,,რესეტ”, რომლითაც კომპიუტერული სისტემის სრულ გადატვირთვას აღნიშნავენ.”

ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებას რაც შეეხება, რუსული გამოცემა ,,გაზეტა” წერს, რომ ეს ფურცელი მთლად სუფთა არ იქნება, ვინაიდან რუსეთის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთი უარს არ იტყვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და, ასევე, ამ რესპუბლიკებში სამხედრო ბაზების განთავსებაზე. ბაიდენმა კი, თავის მხრივ, იმას გაუსვა ხაზი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებენ ახალ რესპუბლიკებს”, - ვკითხულობთ ,,გაზეტაში”.
,,სერგეი ივანოვმა გაიმეორა რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედვის დანაპირები, - განაგრძობს გაზეთი, - რომ უარს იტყვის კალინინგრადთან სარაკეტო კომპლექსების, ,,ისკანდერის”, განთავსებაზე, თუ ამერიკა უარს იტყვის თავისი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ელემენტების განლაგებაზე პოლონეთსა და ჩეხეთში. მაგრამ ვაშინგტონი მზად არ არის მთლიანად უარი თქვას ამ გეგმებზე. ”

,,ნეზავისიმაია გაზეტას” აზრით, ვაშინგტონი მოსკოვთან მოლაპარაკების სურვილის დემონსტრირებას ახდენს. რუსეთმაც მიანიშნა ამერიკასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნაო.

,,ბევრად საინტერესოა არა იმდენად ის, თუ რას ამბობდა ბაიდენი რუსეთთან ურთიერთობაზე, არამედ ის, თუ როგორ ამბობდა ამას, - წერს ”მოსკოვსკი კომსომოლეცი” და კვლავ გამოყენებულ ტერმინოლოგიასა და ,,გადატვირთვისთვის” მზადყოფნაზე საუბრობს.

”იზვესტიას” მიხედვით, ბაიდენის გამოსვლა ოდნავ ბუნდოვანი იყო. ,,ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ, მართალია, ზოგადად მოხაზულია ამერიკის საგარეო პოლიტიკის კონტურები უახლოესი 4 წლისათვის, მაგრამ საბოლოო მახვილები მოგვიანებით დაისმება. როგორც ჩანს, ამას თავად ბარაკ ობამა გააკეთებსო, - წერს ”იზვესტია”.
XS
SM
MD
LG