Accessibility links

logo-print

რა მდგომარეობაში იყო პრესა საქართველოში 2008 წლის მანძილზე


არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა” გასული წლის მანძილზე მსოფლიოში პრესაზე თავდასხმის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა.

მოხსენების შედეგების მიხედვით, სასიხარულო ტენდენცია გამოიკვეთა: მსოფლიოში ჟურნალისტებზე თავდასხმის, მკვლელობისა თუ შევიწროების შემთხვევების რაოდენობამ, წინა წლებთან შედარებით, კლება იწყო. ”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” ანგარიში საქართველოში პრესაზე თავდასხმის ფაქტებსაც შეეხება. მოხსენებაში ლაპარაკია აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს ჟურნალისტთა დაღუპვისა და დაჭრის ფაქტებზე, ასევე ტელევიზიების წინაშე არსებულ პრობლემებზე.

გასულ წელს საქართველოში პრესის მდგომარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს საომარმა დაპირისპირებამ. სწორედ ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამი ჟურნალისტი დაიღუპა და 10 დაიჭრა. ”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა” თავის მიერ მომზადებულ ანგარიშში დეტალურად აღწერა, თუ როგორ დაიღუპნენ კონფლიქტის ზონაში მომუშავე ჟურნალისტები.

როგორც ცნობილია, ალექსანდრ კლიმჩუკი და გრიგოლ ჩიხლაძე საომარი მოქმედებების დაწყებიდან მესამე დღეს, კონფლიქტის ზონაში შეღწევის შემდეგ, ცხინვალთან ახლოს ეგრეთ წოდებული ”სამხრეთ ოსეთის” ბოევიკებმა დახოცეს. კლიმჩუკი რუსეთის სააგენტო ”იტარ-ტასისთვის” მუშაობდა, ხოლო ჩიხლაძე რუსეთის ”ნიუსვიკისთვის”.

მესამე ჟურნალისტი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაიღუპა, ჰოლანდიელი სტენ სტორიმანსი იყო ტელეარხ ”ერ-ტე-ერის” ოპერატორი. ჰოლანდიის მთავრობის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სტორიმანსი გორში რუსეთის მიერ ნასროლმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა.

”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” მიერ მომზადებულ მოხსენებაში ხაზგასმულია ისიც, რომ რუსეთის სამხედროები ჟურნალისტებს ინფორმაციის მოპოვების საშუალებას არ აძლევდნენ, მათგან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრედიტაციას მოითხოვდნენ, აპატიმრებდნენ ან ესროდნენ კიდეც. ამ კონტექსტში აღნიშნულია ჟურნალისტთა დაჭრის რამდენიმე ფაქტი, მათ შორის - თურქეთის ჟურნალისტების ავტომობილის დაცხრილვის შემთხვევა, ჟურნალისტებისა, რომლებიც სასწაულებრივ გადაურჩნენ ავტომატური იარაღებიდან გახსნილ ინტენსიურ ცეხლს.

მოხსენებაში მოყვანილია სხვა ფაქტებიც და ისიც არის ხაზგასმული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საომარი მდგომარეობა რუსეთის ტელეარხებისა და ვებსაიტების დასაბლოკად გამოიყენა. საქართველოს ხელისუფლების თანახმად, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ რუსეთის საინფორმაციო საშუალებები დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, თუმცა დაბლოკილ მედიასაშუალებებს შორის იყო დამოუკიდებელი ტელეარხი ”არ-ტი-ვი-აი” და რადიოსადგური ”ეხო მოსკვი”.

მოგვიანებით რუსული არხების მაუწყებლობა აღდგა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ზეწოლა ადგილობრივ ტელეარხებზე გადაიტანაო, აღნიშნულია ”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” მოხსენებაში.

მასში საუბარია მცირე ზომის ტელეარხების პრობლემებზე, მაგალითად, იმის შესახებ, თუ როგორ ვერ ახერხებდა ტელეკომპანია ”მაესტრო” სამაუწყებლო ლიცენზიის მიღებას.

ლაპარაკია ”რუსთავი 2”-ის დამფუძნებელთა შეცვლის შესახებ, ”რუსთავი 2”-ზე პოლიტიკური თოქ-შოუს შეჩერებაზე, რამაც ამ ტელეკომპანიის გადაცემებში კრიტიკის შემსუბუქება გამოიწვია, და ასევე ტელეარხ ”მზეზე” საინფორმაციო გადაცემების შეწყვეტაზე. ამ ტელეარხებს პროსამთავრობო ორიენტაცია აქვთ და მათზე ხელისუფლება კონტროლს ახორციელებს, ისევე როგორც ტელეკომპანია ”იმედზე”, - აღნიშნულია მსოფლიოში 2008 წლის განმავლობაში პრესაზე თავდასხმის ამსახველ მოხსენებაში.

ამ დასკვნას ეთანხმება მედიის ექსპერტი ზვიად ქორიძე:

[ზვიად ქორიძე] ”რაც შეეხება ტელეარხებს, რომელთა გავრცელების არეალი არის მთელი საქართველო, და ვსაუბრობთ, ხელისუფლება აკონტროლებს თუ არა მედიასივრცეს, ვასაბუთებ იმით, რომ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა იმ ტელეარხების დამფუძნებელთა ვინაობა, რომლებიც ვრცელდება მთელ საქართველოში. ასევე გაუმჭვირვალეა ის ფინანსები, რომელსაც ეს ტელეკომპანიები ხარჯავენ თავიანთი რეიტინგის შენარჩუნებაზე, მაგრამ არაადეკვატურად გამოხატავს საზოგადოებაში არსებულ ტენდენციებს. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ამ ტელეკომპანიებს პრაქტიკულად აკონტროლებს ხელისუფლება და ამით აკონტროლებს მთელ მედიასივრცეს.”(სტილი დაცულია)

ზვიად ქორიძის მოსაზრებას არ ეთანხმება ჟურნალისტი დავით პაიჭაძე:

[დავით პაიჭაძე] ”როცა ამბობენ, რომ შევარდნაძის დროს ტელემედიაში იყო უფრო მეტი თავისუფლება, მე ამას ვერ გავიზიარებ. რაოდენობითაც და პროპორციულადაც ხელისუფლებისადმი ლოიალური ტელევიზიები შევარდნაძის დროს იყო უფრო მეტი, ვიდრე ახლა არის. მეორე მხრივ, როცა ჩივიან, რომ ამ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს არ აქვს გავრცელების არეალი, მოდი, ვთქვათ ასე: მე არ გამიგია, რომ მათ სახელმწიფო აბრკოლებდეთ გავრცელებაში. თუკი ისინი არიან მაღალი დონის ტელევიზიები, თუკი მათ შეუძლიათ, რომ ბიზნესი ააწყონ ისე, რომ გავრცელდნენ საქართველოში, გავრცელდნენ, ვინ უშლით. მაგრამ არა მგონია ხელისუფლებისადმი ლოიალობა-არალოიალობა განმსაზღვრელი იყოს ხარისხისა ჟურნალისტიკაში. ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ტელევიზიებს, რომელთა სამაუწყებლო ხარისხი არის დაბალი და ვხედავთ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს, რომელთა სამაუწყებლო ხარისხი შეიძლება უფრო დაბალიც არის.”

”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” მოხსენების ბოლოს ნათქვამია, რომ შექმნილი ვითარების შეცვლა საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია, რომელიც ანგარიშის მომზადების დროს ჯერ კიდევ რეფორმირების პროცესში იყო.
XS
SM
MD
LG