Accessibility links

ევროკავშირის ეგიდით მოქმედი აგვისტოს ომის საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლები თბილისში შეხვედრებს მართავენ


ევროკავშირის ეგიდით მოქმედი აგვისტოს ომის საგამოძიებო კომისიის წევრები, კომისიის თავმჯდომარე ჰაიდი ტალიავინის მეთაურობით, თბილისში შეხვედრებს მართავენ.


10 თებერვალს კომისიის წევრები საქართველოს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ, შეხვედრას რამდენიმე დეპუტატიც ესწრებოდა.

საგამოძიებო კომისიამ, რომელიც ევროკავშირის ეგიდით მოქმედებს და რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობს, დასკვნა საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით ივნისის მიწურულს უნდა გამოაქვეყნოს. მანამდე კომისიის წევრები მართავენ სამუშაო შეხვედრებს, ეცნობიან კონფლიქტის მხარეების არგუმენტებს, იღებენ ინფორმაციას. საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. საქართველოში იმედოვნებენ, რომ კომისია იქნება ობიექტური და მიუკერძოებლად იტყვის, რამ განაპირობა ომი , რომლის შედეგიც არის დაღუპული ადამიანები, დევნილების ახალი ტალღა საქართველოში, საქართველოს ტერიტორიებზე უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი და ძალადობის პერმანენტული ფაქტები საქართველოში უცხო ქვეყნის მიერ გავლებული საზღვრების სიახლოვეს. უკანასკნელად ერთი ასეთი ფაქტი, რომელიც საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის წევრებისთვისაც გახდა ცნობილი,10 თებერვალს მოხდა. გორის რაიონის სოფელ აძვთან ოსმა შეიარაღებულმა პირებმა რუსეთის მიზეზით საქართველოდან გასვლის რეჟიმში მყოფი ეუთოს მისიის ორი ოფიცერი დააკავეს და, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხინავალისკენ წაიყვანეს. ინციდენტი მალევე ამოიწურა. ცნობა ეუთოს ოფიცრების გათავისუფლების შესახებ საქართველოში ეუთოს მისიამაც გაავრცელა და ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებამაც. ამ უკანასკნელის განმარტებით, ოფიცრები ეგრეთ წოდებული ”ადმინისტრაციული საზღვრის” გადაკვეთისთვის იქნენ დაკავებულნი და ისინი დოკუმენტების შემოწმების შემდეგ მალევე გათავისუფლდნენ. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა:

[დავით ბაქრაძის ხმა ] ”უკანონობა გრძელდება არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგაც და ეს უნდა იყოს სიგნალი, გამაფრთხილებელი, ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ფიქრობს ანგარიში გაუწიოს რაიმე ფორმით რუსეთის პოზიციას ოკუპაციის მიმდინარეობის თაობაზე. ერთადერთი გზა ამ უკანონობის შეწყვეტის არის დეოკუპაციის რეალური დაწყება. ”(სტილი დაცულია)

მაგრამ რუსეთი არ ავლენს არავითარ ნიშანს იმისას, რომ საქართველოდან საოკუპაციო ჯარის უკან დახევას აპირებდეს ისე, როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ავალდებულებს. და აგვისტოს ომის შემსწავლელ კომისიასაც დრო სჭირდება იმისთვის, რომ შეაჯამოს მთელი ინფორმაცია ომის დაწყების გარემოებებთან დაკავშირებით და თქვას ის, რაც მოხდა. შეკითხვები, რომლებითაც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები საქართველოში ჩამოვიდნენ, ის შეკითხვებია, რომლებზე პასუხის დასაზუსტებლადაც შეიქმნა კომისია: რამ განაპირობა ვითარების აფეთქება საქართველოშო გასულ აგვისტოში, რა ხდებოდა ცხინვალის რეგიონში ღია საომარი მოქმედებების დაწყებამდე, რამ აიძულა საქართველოს ჯარი დაძრულიყო ცხინვალისკენ და ასე შემდეგ... როგორც დავით ბაქრაძემ საქართველოს პარლამენტში შემდგარი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ყველა ამ შეკითხვას საქართველოს მხრიდან პასუხი გასცა აგვისტოს ომის შემსწავლელმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ თავის დასკვნაში..
საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის წევრებთან გამართულ შეხვედრაში, პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, პარლამენტის რამდენიმ წევრიც მონაწილეობდა, მათ შორის - გიგი წერეთელიც. როგორც მან ჩვენთან საუბრისას განმარტა, ეს შეხვედრა არ ისახავდა მიზნად დაზუსტებულიყო უშუალოდ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებული საკითხები, რადგან ამ მიმართულებით პასუხი შეკითხვებს შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა უნდა გასცენ. გიგი წერეთლის თქმით, პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განმარტებული იქნება ის პოლიტიკური პროცესები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ომის დაწყებას უძღოდა წინ:

[გიგი წერეთლის ხმა] ”ჩვენ მზად ვართ ვიყოთ კონსტრუქციულები, პასუხები დღესაც გავეცით და შემდეგაც გავცემთ. მთავარია, კომისია იყოს ობიექტური. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მხარე შეეცდება ზეგავლენა იქონიოს კომისიის წევრებზეც. სამუშაო ვიზიტები იქაც იმართება.”(სტილი დაცულია)

პარლამენტში შეხვედრამდე კომისიის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ესაუბრნენ სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილსაც. ” ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ჩვენ ჩვენს სიმართლეში დარწმუნებულები ვართ”, - განაცხადა შეხვედრასთან დაკავშირებით თემურ იაკობაშვილმა.

საერთაშორისო საგამოძიებო კომისიას წინ რთული სამუშაო აქვს - მის გეგმაშია საქართველოს ოკუპირებულ ნაწილებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში,ჩასვლაც.
XS
SM
MD
LG